კომენტარი

ცხოველების პოპულაციების მართვის შესაძლებლობა მედიკამენტური საშუალებებით

3 მაისი, 2013 • 2918
ცხოველების პოპულაციების მართვის შესაძლებლობა მედიკამენტური საშუალებებით

ეს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, რომელიც აირეკლება როგორც ზოგადად ერის ჰუმანურ პროფილზე ასევე ცხოველების და ადამიანების ჯანმრთელობაზე.

 

მიშა სტალინსკის ფოტო
მიშა სტალინსკის ფოტო

როგორც ვიცით, ამ სფეროში ჩართულია რამოდენიმე ორგანიზაცია, როგორებიცაა: ცხოველთა უფლებების კომიტეტი, ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება, სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება, ფონდი არგუსი, თამაზ ელიზბარიშვილის ძაღლების თავშესაფარი, საქართველოს ძაღლების ორგანიზაცია -დოგ, უპატრონო ცხოველების დახმარების ორგანიზაცია და ასე შემდეგ. ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ უნდა მოხდეს ცხოველების დაჭერა, კასტრაცია და გაშვება. მხოლოდ გასათვალისწინებელია ის, რომ მდედრი ცხოველის შემთხვევაში კასტრაციის შემდგომი პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი ხანგრძლივია და საჭიროებს მრავალი ცხოველის სტაციონარულ მკურნალობას. სამწუხაროდ, სწორედ ეს რესურსი (ანუ 24-საათიანი მრავალადგილიანი საავადმყოფოები ცხოველებისათვის) არ არსებობობს ჩვენს ქვეყანაში და რაც გვაქვს(ერთი მუნიციპალური თავშესაფარი თბილისში, რომელიც 2012ში გაიხსნა), არ არის საკმარისი ცხოველების მოცემული რაოდენობის მომსახურებისათვის.

 

ეს რომ ასეა, ფაქტებითაც დამტკიცდა. ჯერ კიდევ თებერვალში ვწერდი, რომ მოცემული რესურსებით ვერ შევძლებდით იმ მასშტაბის პრობლემის მოგვარებას, და მართლაც თბილისის მუნიციპალურმა თავშესაფარმა ჩაატარა დაჭერა–კასტრაცია –გაშვების ოპერაცია. შედეგად კი მოხდა ის, რომ ცხოველთა დამცველებმა აღმოაჩინეს ჭრილობაგახსნილი მდედრი ძაღლები, რომლებიც საჭიროებდნენ ჭრილობის თავიდან გაკერვას და, შესაბამისად, მათი რეაბილიტაცია ძალიან გაჭიანურდა.

 

ჩემი სიტყვები წინასწარმეტყველება არ ყოფილა. უბრალოდ, მცირე ლოგიკა ჩავრთე და სიტუაციის შეფასება მოვახდინე.

 

წინა სტატიებში დავწერე იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებიც ცხოველების მრავალწლიან სტერილიზაციას იწვევენ. ინტერნეტში დიდი რაოდენობითაა ამ თემაზე ინფორმაცია განთავსებული, რადგან ეს მედიკამენტები მეტად აქტუალური გახდა. მოგეხსენებათ, რომ ეს პრობლემა მეტად მწვავედ დგას მთელ მსოფლიოში და სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ–ერთმა მილიონერმა დრ. ჰარი მიჩელსონმა 25- მილიონიანი ჯილდო დააწესა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც ყველაზე ეფექტურ წამალს გამოიგონებს . სამწუხაროდ, საქართველოში ეს ინფორმაცია არ ვრცელდება და, როგორც წესი, ზედმეტად სკეპტიკურად განიხილება. ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ შემესწავლა, თუ რა ხდებოდა მსოფლიო ბაზარზე.

 

აღმოვაჩინე სამი პერსპექტული მედიკამენტი. აქედან ერთ–ერთი უკვე 5 წელია რაც გამოიყენება ძუძუმწოვართა სხვა ოჯახზე (ჰერბივორებზე) წამყვანი ქვეყნების მიერ და ითვლება უსაფრთხო–ჰუმანურ მედიკამენტად. მაშ ასე:

 

  1. იმუნოკონტრაცეფცია გონაკონით მდედრი ძუძუმწოვრებისთვის, ანუ ვაქცინაცია. იგი 1 ინექციით რამოდენიმეწლიან სტერილიზაციას იწვევს ძუძუმწოვარში. წამლის აღწერილობის მიხედვით ის ანოვულატორულ ციკლს იწვევს და განაყოფიერებას ამ გზით უშლის ხელს. ასევე ეს ვაქცინა შესანიშნავად კეთდება ცოფის ვაქცინასთან კომბინაციაში და მისი ტიტრები სრულიად დამაკმაყოფილებელია. გონაკონი 2009 წელს დარეგისტრირდა და გამოიყენება ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სააგენტოს (USDA) მიერ მუსტანგებისა და ირმების პოპულაციების მართვისათვის. გარდა ამისა, მიმდინარეობს კვლევები ამ ვაქცინის გამოყენებისა ძაღლებში და კატებში ბრიტანეთის გარემოს, კვების და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ . ჩატარებულია საველე ცდები ნეპალში, მექსიკაში და სხვა ქვეყნებში. შედეგები მეტად ოპტიმისტურია. კატებში პირველ წელს 98%-იანი სტერილურობაა დაფიქსირებული, მეორე წელს- 80% და მესამე წელს -70%. მსგავსი შედეგებია ძაღლებზეც. დავეკონტაქტე ამ წამლის გამომცდელ სააგენტოს, რომელიც არის ბრიტანეთ– აშშ–ის მთავრობების თანამშრომლობის ბაზაზე შექმნილი ეკოლოგიური სამსახური და მათგან მოვიდა პასუხები, რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში გამოცდიან ამ წამალს და გარკვეული პრივილეგიებითაც ვისარგებლებდით.
  2. მეორე წამალია ზეუტერინი მამრი ძაღლების და კატების 3- წლიანი სტერილიზაციისათვის. ეს წამალი არის თუთიის ოქსიდი დაკომპენსირებული არგინინით. მედიკამენტს ყიდის ამერიკული ორგანიზაცია არკ საიენსეზ. ამ წამლის გამომშვებ ამერიკულ ორგანიზაციას დავუკავშირდი და მათგანაც მოვიდა პასუხი, რომ მომავალი წლიდან ითანამშრომლებენ ჩვენთან, თუ ამის სურვილი იქნება. 
  1. ჩემსპეი ანუ ქიმიური სტერილიზაცია მდედრი ცხოველებისა. ამ ორგანიზაციას, რომელიც სანე–ტექის სახელითაა ცნობილი ინტერნეტზე დავუკავშირდი და მათაც გამოთქვეს დაინტერესება ჩვენთან თანამშრომლობისა. მათი წამალი ფოლიკულების რაოდენობის შემცირების გზით აკონტროლებს გამრავლებას.  

 

ამ წერილით მოვუხმობ სახემლწიფო ორგანიზაციებს და არასამთავრობოებს, დაინტერესდნენ ამ მედიკამენტებით და ჩაერთონ მათ გამოცდაში. ასევე მოვუხმობ მოსახლეობის ფართო მასებს, გამოხატონ დაინტერესება ასეთი მედიკამენტებით და უბიძგონ სახელმწიფო სტრუქტურებს ამ მიმართულებით საქმიანობის გაშლისათვის და ბრიტანეთისა და აშშ–ის მთავრობებთან კავშირების დამყარებისათვის ამ სფეროში. მინდა უფრო მეტმა ადამიანმა გაითავისოს ის აზრი, რომ ადამიანს, როგორც განზოგადოებული აზროვნების მქონე არსებას, რომელსაც გააჩნია სინდისი და ზნეობა, არ ეკადრება სხვა დედამიწელებთან თანაარსებობა სახეობათა ველურ ბრძოლად აქციოს. დროა, რომ ეს შეიცვალოს და საკუთარ ინტერესებს არ გადავაყოლოთ განსხვავებულთა არსებობა, ბუნება და საბოლოოდ ჩვენი თავიც.

 

ეს მედიკამენტები საშუალებას მოგვცემდა სწრაფად და ეფექტურად გვემართა ცხოველთა პოპულაციები მათთვის მინიმალური ზიანის მიყენებით. ეს არის ყველაზე უფრო სინერგიული გადაწყვეტილება, რასაც ადამიანი გამოიყენებს მოცემულ სფეროში.

 

 

ფაქტი ისაა, რომ დღევანდელი მსოფლიო აქტიურად ეძიებს ქირურგიული სტერილიზაციის ალტერნატივას, რადგან უპატრონო და ქაოტურად გამრავლებადი ცხოველების პრობლემის გადაწყვეტას, სამწუხაროდ, ის ვერანაირად ვერ ახერხებს მასშტაბების შეუთავსებლობის გამო და როგორც დასაწყისში ავღნიშნე, მკვლელობებითა და სისხლით ამ პრობლემის გადაწყვეტა ამორალურია და თანაც არაეფექტური.

 

ველი გამოხმაურებებს. დაინტერესებულ მხარეებს ვთავაზობ დამიკავშირდნენ:nanamer_2000@yahoo.com, ამ საკითხის დეტალურად განხილვის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი