კომენტარი

საბჭოთა ანაბრების ბედი

3 მაისი, 2013 •
საბჭოთა ანაბრების ბედი

ბატონო არჩილ, თქვენმა ორგანიზაციამ წარმოადგინა კვლევა საბჭოთა ანაბრების დაბრუნების შესახებ. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, და რამდენად რეალურია ამ ვალის დაბრუნება მეანაბრეებისათვის?

 

„ახალგაზრდა ადვოკატები” თებერვლიდან საბჭოთა ანაბრების პრობლემის სამართლებრივ კვლევას აწარმოებს. ჩვენს მიერ დადებული დოკუმენტი, რომელიც მაისის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, იქნება საქმიანი და შედგება სამი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაწილისაგან: პროცესის შეფასება, დასკვნა და რეკომენდაციების პაკეტი. ჩვენი კვლევა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ სამართლებრივი კუთხით წარმოვადგენთ შეფასებას. ფაქტია, ანაბრები სახელმწიფომ შიდა ვალად აღიარა და მისი გაცემის ვალდებულება აქვს. ის, თუ რა ფორმით, ინდექსაციით, მოხდება მისი გაცემა, ღია საკითხია. საქართველოს მთავრობას ამ კუთხით სათანადო გამოცდილება არ გააჩნია, ამიტომაც ჩვენი კვლევა ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად. ჩვენ უკვე გვაქვს ოცი სარეკომენდაციო წინადადება პრობლემის დაძლევისთვის, რომლის ერთი ნაწილი მთავრობამ, მეორე კი პარლამენტმა უნდა განახორციელოს. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია, რომელიც ამ დღეებში გაჟღერდა, პოზიტიურია. ამ განცხადების უკან მთელი რიგი საკითხები დგას, რომლის გადაწყვეტაც მთავრობას პარლამენტთან ერთად შეუძლია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ დასადგენია პირველი, მეორე და მესამე რიგის მეანაბრეები. როგორ მოაწესრიგა სხვა ქვეყნებმა, ეს ინფორმაციაც გვაქვს, რასაც გამოვიყენებთ კიდეც.

 

არჩილ კაიკაციშვილი
არჩილ კაიკაციშვილი

რამდენი მეანაბრე უნდა დაკმაყოფილდეს და როგორ უნდა დადგინდეს მეანაბრეების ზუსტი სტატისტიკა?

 

საქართველომ არ იცის რამდენი მეანაბრე ჰყავს. ამას საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი ჩვენთან ოფიციალურ წერილშიც ადასტურებს, ამიტომ ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ, თუ როგორ შეუძლია ამის დათვლა ისე, რომ დამატებითი თანხა არ დაიხარჯოს და დაადგინოს, რამდენი მეანაბრეა ქვეყანაში. ეს პრობლემა 2014 წლისთვის იქნება მოგვარებული.

 

რას სთავაზობთ მთავრობას, როგორ შეიძლება ამის დადგენა?

 

2014 წელს საქართველოში ჩატარდება საყოველთაო აღწერა, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ამ გრაფაზე, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ამ ანკეტაში და ამ ფორმით დადგინდეს, რამდენი მეანაბრე ჰყავს ქვეყანას.

 

თუ სახელმწიფო აიღებს ამ ვალდებულებას, რას უნდა ველოდოთ, როგორ დაუბრუნდება თანხა მეანაბრეს, იმავე ოდენობით, თუ გარკვეული ფორმა უნდა შემუშავდეს? როგორ ფიქრობთ, აქვს საქართველოს აღნიშნული თანხის დასაბრუნებლად საჭირო რესურსი, რომ ერთდროულად გასცეს ყველა მეანაბრეზე, თუ ეს დროში გაწელილი პროცესი უნდა იყოს, სხვაგან როგორ მოხდა ეს?

 

სახელმწიფო ერთობლივად ამ თანხას ვერ გასცემს, ამის რესურსი არა აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ ათ წელიწადში, მკაცრად დადგენილი მიდგომებით და რიგითობის მიხედვით უნდა დააკმაყოფილოს მეანაბრეები. ვერ გეტყვით, როგორ უნდა მოხდეს ანაზღაურება, მაგრამ აქ საუბარია კომპენსაციაზე, ამიტომ ამ შემთხვევაში, როგორც მოქალაქე, ასევე სახელმწიფოც დათმობაზე მიდის, რადგან უნდა შესრულდეს ვალდებულება არა იმ სიზუსტით, რაც პირველ ეტაპზე იყო, არამედ კომპენსირდეს ეს თანხები, კომპენსაცია კი ერთი-ერთით ანაზღაურებას არ ნიშნავს. ანაზღაურება შეიძლება მოხდეს ფულადი სახით, ფასიანი ქაღალდით, წიაღისეულით და ა.შ.

 

ანაზღაურების ერთი სტანდარტი არ არსებობს, მაგალითად, უზბეკეთში ფასიანი ქაღალდები გამოუშვეს, ბევრმა ქვეყანამ არ აღიარა ეს შიდა ვალად. მაგალითად, აზერბაიჯანმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, 2013 წლიდან დაიწყოს და 2014 წელს დაასრულოს ფულადი სახით კომპენსირება. ლიტვა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეს პროცესი სრულად დასრულდა, მიიღეს სპეციალური კანონი და ანაზღაურდა ეს ანაბრები ფულადი, ფასიანი ქაღალდებითა და წიაღისეულით.

 

ჩვენთან ჯერ უნდა დადგინდეს რაოდენობა, შემდეგ შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, დადგინდეს კომპენსაციის ოდენობა და გაცემის ვადები. როცა თავის დროზე საქართველომ ეს ანაბრები შიდა ვალად აღიარა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს თავის დროზე ამისათვის სამართლებრივი მხარე უნდა მიეცა. შესაძლებელი იყო აზერბაიჯანის ან ლატვიის მაგალითი აგვეღო, რომელიც დღემდე რუსეთისგან მოითხოვს კომპენსირებას. საბჭოეთი ერთადერთი სამართალმემკვიდრეა და საქართველო თავის დროზე თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დღეს იქნებოდა ძალიან კარგი კოზირი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობებისთვის. ლატვია აყენებს ამ საკითხს და რუსეთი, მართალია, არ იხდის ამ თანხას, მაგრამ რაღაცას თმობს და ეს თემა არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი მათ შორის.

 

თქვენი აზრით, რა იქნება ამ საკითხის მოგვარებაში მთავარი სირთულე?

 

პრობლემა იქნება თუკი სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა ანაბრების დაბრუნების სწორი ფორმა შეთავაზებული. 1997 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა, მოხდა ინდექსაცია, მაგრამ მას დაედო პოლიტიკური საფუძვლები და შემდეგ შეჩერდა. 2001 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს და მთავრობას ახალი ინდექსაციის ფორმა უნდა შეემუშავებინათ, მაგრამ დღემდე ეს ინიციატივა არის ჰაერში. თუ საკითხი ისევ გახდა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, ეს პროცესს აუცილებლად შეაფერხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი