კომენტარი

პრიორიტეტი – მესამე შვილი

3 აპრილი, 2013 • 2784
პრიორიტეტი – მესამე შვილი

რა პრიორიტეტებზე შეაჩერა ფონდმა არჩევანი და როდის დაიწყება პროექტების განხორციელება? – ამ საკითხზე “ბათუმელებთან” “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე საუბრობს:

 

ქალბატონო თამარ, რა პროცესები მიმდინარეობს დემოგრაფიული განვითარების ფონდში, ჩამოყალიბდა თუ არა სტრუქტურა და გამოიკვეთა თუ არა ფონდის პრიორიტეტები?

 

პროექტებზე ახლა დავიწყეთ მუშაობა. ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ მხოლოდ გაეროს განვითარების ფონდთან და “იუნისეფთან”, ვაპირებთ შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც. ფონდის ძირითადი პრიორიტეტი იქნება შობადობის გაზრდა. ვიცით, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დედათა სიკვდილიანობის პრობლემა, ბავშვთა პრობლემები და უშვილობა. ფონდის ძირითადი პოლიტიკა ამ პროექტების ირგვლივ განვითარდება. შემუშავებული იქნება სახელმწიფო დემოგრაფიული პრობლემების პროგრამები, მალე შეიქმნება 15-კაციანი ჯგუფი, რომელიც
დაკომპლექტდება დემოგრაფებით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრებით, რომლებიც რეგიონალური პოლიტიკის შემუშავებაზე იფიქრებენ.

 

რატომ აკეთებთ აქცენტს მხოლოდ რეგიონებზე და კონკრეტულად რა ფორმით მოხდება შობადობის გაზრდის სტიმულირება?

 

ჩვენი მთავარი ინიციატივა არის შობადობის მატება. ვაპირებთ ყოველ მესამე შვილზე გავცეთ ფულადი დახმარება, თუმცა კონკრეტულად რამდენი, ამაზე ჩამოვყალიბდებით. თანხა უნდა გაიცეს ყოველთვიურად. ეს არის პრეზენტაციის საკითხები, ამიტომ მაისში ვგეგმავთ გრანდიოზულ საქველმოქმედო საღამოს, კონცერტს, სადაც ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას და იქ იქნება ეს პრიორიტეტები წარმოდგენილი.

 

საქართველოში გვაქვს სამი რეგიონი, სადაც შობადობა მაღალია – მაღალმთიანი აჭარა, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი, ამიტომ, ამ რეგიონებში შობადობაზე არ გვექნება აქცენტი, არამედ იმაზე, რომ მოგვარდეს დედათა სიკვდილიანობის და ბავშვთა პრობლემები. რაც შეეხება ბათუმს და სხვა ქალაქებს, აქ არის კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებელი, ამიტომ ქალაქებში ვგეგმავთ ყოველი მესამე შვილის დაფინანსების პროგრამის განხორციელებას, თუმცა, მესამე შვილზე დახმარებას მაღალმთიანი რეგიონის ოჯახებიც მიიღებენ. უბრალოდ კოეფიციენტი იქნება განსხვავებული. თუ ბავშვი დაიბადება რაჭაში, ის გაცილებით მეტ ფულად დახმარებას მიიღებს, ვიდრე ქალაქში დაბადებული, რადგან ამით გვინდა უკუმიგრაციასაც შევუწყოთ ხელი.


პროგრამა მხოლოდ ეთნიკურად ქართველი ოჯახებისთვის განხორციელდება?


არა, რეგიონებში ყველა ოჯახი მიიღებს დახმარებას, ეთნიკურად არაქართველი ოჯახებიც. ამ ნიშნით მოსახლეობას არ გამოვყოფთ. მიუხედავად იმისა, რომ შობადობის კლება ეთნიკურ ქართველებზე მოდის. 


დღეს ბევრი ადამიანია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ბევრიც ცდილობს, რომ მოხვდეს ამ სიაში. არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო დახმარებას უწყვეტს ოჯახებს, თუკი მათ რაიმე სახის ფინანსური დახმარება დაუფიქსირდებათ. ფონდის მიერ დაწესებული ფულადი დახმარება ხომ არ გახდება ამ ოჯახებისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი, გქონდათ ამ საკითხზე საუბარი ხელისუფლებასთან?


თამარ ჩიბურდანიძე
თამარ ჩიბურდანიძე

ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ფონდის მიერ გაღებული დახმარება მიმართულია იქითკენ, რომ დემოგრაფიული კატასტროფა ავიცილოთ. დახმარება მიეცემა მხოლოდ ბავშვს და არა მთლიანად ოჯახს. ამიტომ ეს არ უნდა იყოს იმის საბაბი, რომ ოჯახს შეუწყვიტონ სოციალური შემწეობა. 


საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ხუთასამდე საქველმოქმედო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, თუმცა ქვეყანაში ქველმოქმედების ფონი არ შეცვლილა, რა გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ფონდი იქნება წარმატებული?


გეთანხმებით, მაგრამ მიზანი, რისთვისაც დაფუძნდა ჩვენი ფონდი, არის ძალიან მასშტაბური და საერთო ეროვნული. ფონდმა უკვე ჰპოვა გამოხმაურება. ცნობილ მომღერალს, თამარ გვერდწითელს უკვე გადავეცით დიპლომი და ის
არის ფონდის საპატიო წევრი, მალე ჩამოვა ვალერი მელაძეც, პიანისტი ელისო ბოლქვაძეც გააკეთებს განცხადებას. გარდა ამისა, იმედს მაძლევს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ მან ღია მხარდაჭერა გამოგვიცხადა და ის, რომ სახელმწიფო პოლიტიკას წარმოადგენს გენოფონდზე ზრუნვა.

 

ვინ არიან ფონდის დამფუძნებლები?

 

ფონდს ჰყავს ექვსი დამფუძნებელი, ერთ-ერთი ვარ მეც. ასევე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც არის ფონდის საპატიო თავმჯდომარე და მთლიანად ხელმძღვანელობს ქვეყანაში დემოგრაფიულ პოლიტიკას, მანანა კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მოდელი თაკო ჩხეიძე და დემოგრაფი
ანზორ თოთაძე. ფონდს აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი და მთლიანად არის ორიენტირებული ქველმოქმედებაზე. გვაქვს, ასევე, სიურპრიზი, მალე წარვადგენთ ხუთწევრიან სამეურვეო საბჭოს, რომელიც მხოლოდ ბიზნესმენებისგან იქნება დაკომპლექტებული.

 

ამ დროისთვის რა ოდენობის თანხაა ფონდში მობილიზებული და კონკრეტულად ვისგან განხორციელდა შემოწირულობა?

 

ფონდის თანხა ამ ეტაპისთვის მიზერულია, დეპუტატები რიცხავენ და ათი ათასი დოლარი შემოვიდა კახა ოქრიაშვილისგან. ჩვენ ვწერთ ათწლიან პროგრამას და მოგვიანებით 2050 წლამდე გაწერილ პროგრამასაც დავდებთ,
რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს ათი წლის შემდეგაც. წლის ბოლომდე დავასრულებთ პროექტებზე მუშაობას და 2014 წლიდან უკვე დაიწყება განხორციელება, მანამდე თანხაც შეგროვდება ფონდში.

 

შობადობის ზრდის გარდა კიდევ რა პრობლემაზე გააკეთებთ აქცენტს?

 

გვექნება უშვილობის პროგრამა. გავწევთ მყარი, ტრადიციული ოჯახების პროპაგანდას, განქორწინების საწინააღმდეგო და აბორტების საწინააღმდეგო პროპაგანდას.

 

გაეროს კვლევებით საქართველოში 77 000 ბავშვი შიმშილობს, მათთვის რის გაკეთებას გეგმავთ?

 

ბავშვთა პრობლემები როცა ვახსენეთ, ეს საკითხიც გვქონდა მხედველობაში. თუმცა რა როგორ მოხდება, ამაზე ვმუშაობთ. ამ კატეგორიაზე სახელმწიფოც აპირებს გარკვეული პროგრამების განხორციელებას, ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება
შობადობის გაზრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი