ახალი ამბები

2012-2022 წლებში საქართველოს 244 966 მოქალაქე დარჩა უცხოეთში – ევროოპტიმისტები

13 ივლისი, 2023 •
2012-2022 წლებში საქართველოს 244 966  მოქალაქე დარჩა უცხოეთში – ევროოპტიმისტები

დღეს, 13 ივლისს, საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროოპტიმისტებმა“ პრეზენტაცია წარადგინეს თემაზე – „მიგრაცია საქართველოში, ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე“.

პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა, პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ წარადგინეს.

დეპუტატების განცხადებით, საქართველოში დემოგრაფიული კრიზისი გამოიხატება ქვეყნის მოსახელობის შემცირებით, რაც გამოწვეულია მასშტაბური მიგრაციითა და შობადობის კლებით.

მათივე პრეზენტაციის მიხედვით, მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რადგან ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის.

მათი ხედვით, ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა არის ისეთი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების დონის ამაღლებას და შედეგად – მოსახლეობის რიცხოვნების სტაბილიზაციას.

„ყოველწლიურად საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) დაფიქსირდა. პანდემიის გამო ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტა და ადამიანები ვერ მიდიოდნენ ემიგრაციაში. ამასთან, ამავე პერიოდში მოქალაქეების დიდი ნაწილი დროებით დაბრუნდა ემიგრაციიდან. 2021-2022 წლებში კი საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა“, – აღნიშნულია პრეზენტაციაში.

„ევროოპტიმისტების“ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით:

  • 2022 წელს ქვეყანა 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა, რაც 2012-2022 წლებში დაფიქსირებული უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ანუ მას შემდეგ, რაც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება. ეს მაჩვენებელი მაღალი იყო 2021 წელსაც – 40 825;
  • 2012-2022 წლებში 244 966 საქართველოს მოქალაქე დარჩა უცხოეთში, რაც ქალაქ ბათუმისა და ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობას აღემატება;
  • 2012-2022 წლებში 225 865 უცხო ქვეყნის მოქალაქე დამკვიდრდა საქართველოში;
  • 2012-2022 წლებში 93 872 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში, მხოლოდ 2022 წელს – 56 369;
  • 2014-2022 წლებში მოსახელობა ყველაზე მეტად შემცირდა 2021 წელს (შემცირდა 40 ათასით), რაც დაკავშირებულია პანდემიის შედეგად გამოწვეულ მაღალ სიკვდილიანობასთან და უარყოფით მიგრაციულ სალდოსთან.

როგორც დეპუტატები აღნიშნავენ,  საქართველოს მოსახლეობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით,  47 710 ადამიანით გაიზარდა, რაც მოხდა არა ბუნებრივი მატებით ან  მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებით, არამედ უცხო ქვეყნის, ძირითადად კი რუსი იმიგრანტების ხარჯზე.

„2022 წელს სამუშაო ძალის ზრდა მოხდა არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით კი, რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. 2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე დიდი გავლენა მოახდინეს რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან შემოსულმა მიგრანტებმა. გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 12 645 ადამიანი, რომლებიც ძირითადად მუშაობენ საჯარო სექტორში მინიმალური ანაზღაურებით (მუნიციპალიტეტების სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში).

2022 წელს საქართველოში 14 506 რუსეთის, 5 330 ბელორუსის და 1 136 უკრაინის მოქალაქე (ჯამში, 20972 პირი) დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ. ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ და რაიმე თანხა ჩაერიცხება ანგარიშზე, ის უკვე ითვლება დასაქმებულად.

2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირდა 1015, ბელორუსის მოქალაქეების მიერ 234 და უკრაინის მოქალაქეების მიერ 296 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (ჯამში, 1545 შპს). მათ მიერ შექმნილ ბიზნესებში ძირითადად სხვა ქვეყნის მოქალაქეებია დასაქმებული.

2022 წლიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში შეიძინეს 10 000-მდე ბინა, რაც საქართველოში მათი ხანგრძლივი ვადით დამკვიდრების მაჩვენებელია.

2022 წელს უმუშევართა რაოდენობის შემცირება დიდწილად მოხდა არა საქართველოს მოქალაქეების დასაქმების, არამედ მათი ემიგრაციის შედეგად“, – აღნიშნულია „ევროოპტიმისტების“ პრეზენტაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი