კომენტარი

მიტჩელი: ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა ნამდვილად კარგ ფაზაშია

25 მარტი, 2013 • 1215
მიტჩელი: ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა ნამდვილად კარგ ფაზაშია

ბატონო მიტჩელ, ითქვა, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ამერიკის ადმინისტრაციას აქვს კითხვები და სწორედ ამიტომ უთხრეს პრემიერ ივანიშვილს პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე უარი. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

 

ამას შეიძლება ვუწოდოთ ჭორების ომი – სერიოზულად ვერ მივიჩნევ. გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი პრემიერ-მინისტრის გეგმები
ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით, ბოლო პირადი შეხვედრისას ამ თემაზე არ გვისაუბრია.

 

ნამდვილად არ ვიცი, გეგმავდა თუ არა თეთრ სახლში ვიზიტს, არც ის ვიცი, თეთრ სახლში ობამასთან გეგმავდა შეხვედრას, თუ ჯონ
კერისთან, ან ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. სამომავლოდ, ალბათ, ეს ყველაფერი განისაზღვრება და დადგინდება თარიღები. ეს სულელური ჭორებია და ნაწილობრივ “ნაციონალური მოძრაობის” „დამსახურებად“ უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, უმჯობესია, ამის თაობაზე ჰკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს აშშ-ს.

 

როგორ შეაფასებთ საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ვიზიტს აშშ-ში?

 

ჩემი აზრით, უსუფაშვილის ვიზიტი ძალზე წარმატებული იყო, აქ ხალხს დავითი მოსწონს. ორი კვირით ადრე თეა წულუკიანი იმყოფებოდა აქ და ეს ვიზიტიც წარმატებული იყო. უბრალოდ, ვაშინგტონში უამრავი თანამდებობის პირი, ლიდერია, ვისაც სააკაშვილისა და მისი მთავრობის ღრმად სწამდა, რომ ისინი სწორ გზას ადგნენ. თუმცა, ახლა ისინი მზად არიან, სააკაშვილის საქმიანობის შესახებ მეორე მხარესაც მოუსმინონ – ახალი მთავრობის შესახებ განსხვავებულ მოსაზრებებსაც გაეცნონ. ამას ვერ შეძლებენ მანამ, სანამ თავად არ შეხვდებიან ახალი მთავრობის ლიდერებს.

 

დავითი იმსახურებს პატივისცემას, ის ჭკვიანი და გონიერი ორატორია, ამიტომ მისი, როგორც ლიდერის კანდიდატურა, გახლავთ
მართლზომიერი. ვფიქრობ, შეხვედრა იყო პროდუქტიული. არაფერი წყდება ავტომატურად, მაგრამ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა ნამდვილად კარგ ფაზაშია, ასეთ დროს, საქართველოდან ისეთი ლიდერების ვიზიტი, როგორიც უსუფაშვილია, მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს.

 

ლინკოლნ მიტჩელი
ლინკოლნ მიტჩელი

რამდენად სანდო იყო ამერიკის ადმინისტრაციის მოხელეებისთვის ამერიკაში ვიზიტად მყოფი თინა ხიდაშელის შეფასებები, ანუ ხიდაშელის ვიზიტის შემდეგ საქართველოსთან მიმართებაში დამოკიდებულება თუ შეიცვალა და როგორ?

 

ვაშინგტონში თანდათან აცნობიერებენ, რომ ისინი სააკაშვილის ადმინისტრაციას არასწორ შეფასებებს აძლევდნენ, თანდათან ყალიბდება ეს აზრი. დიახ, ეს ცვლილებები ხდება და ეს კარგია. ძნელია წლების განმავლობაში დამკვიდრებული აზრების სწრაფად შეცვლა, თუმცა აშშ-ში თავად საქართველოსადმი პოზიცია ყოველთვის ერთგვაროვანია, ყველაფრის მიუხედავად, იყო სააკაშვილი თუ არის ივანიშვილი. უბრალოდ, აშშ-ის მთავრობას სჯეროდა სააკაშვილის დემოკრატობა. ეს ხდებოდა წარსულში და დღეს საკუთარი შეცდომების მიჩქმალვა ბევრს სურს ამერიკაში. წამყვან ამერიკელ ექსპერტებს საკუთარ ანალიზში დაშვებული სერიოზული შეცდომებისთვის თვალის გასწორება უჭირთ. თუ დღეს ვინმე ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობის მიმართ შეშფოთება არსებობს, ასეთი შეშფოთება შეიძლება ნებისმიერი მთავრობისადმი არსებობდეს. ყველასთვის ცხადი ხდება, რომ ივანიშვილის მთავრობა პოპულარულია, ხოლო წინა მთავრობა არ გახლდათ პოპულარული. აქ ის საერთო აზრიც ყალიბდება თანდათან, რომ წინა მთავრობას ჰქონია კრიმინალური მომენტები. არც იმის აღარ სჯერათ, თითქოს, ახალი მთავრობა პრორუსულად განწყობილი გუნდია.

 

აზერბაიჯანში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტის პირად დაცვაზე უარის თქმას როგორ შეაფასებთ – მისი ეს სვლა, პოლიტიკური თვალსაზრისით, რას მოუტანს ოპოზიციას?

 

აზერბაიჯანში მოგზაურობაზე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, განსაკუთრებით დასავლურ მედიაში. ამის წამკითხავს ის აზრი უჩნდება, რომ კონსტიტუციური უფლებამოსილება თანაბრად აქვს გაყოფილი “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”. ვიცნობ უცხოელ დიპლომატებს და ლიდერებს, ასევე, ამერიკელ დიპლომატებსაც, ისინი იცნობენ საქართველოს და მათ იციან, როგორ არის განაწილებული მმართველობის სადავეები.

 

მეორე მხრივ, პრეზიდენტს, რომელიც აზერბაიჯანს ეწვია, უნდა დაეცვა და პატივი მიეგო ცერემონიის გარკვეული წესებისთვის, დადგენილი ფორმებისთვის, ისე, როგორც აზერბაიჯანის მხარემ ყველა ფორმალობა დაიცვა სააკაშვილის ვიზიტის დროს, როგორც არის კიდეც მიღებული. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანის მთავრობა გამჭრიახია, არ ვგულისხმობ, რომ დემოკრატიულია. მათ იციან, ვინ მართავს საქართველოს. საკმაო შორსმჭვრეტელობით, საქართველოს პოლიტიკის შიდა სამზარეულოსადმი გადაჭარბებულ ინტერესს არ იჩენენ. მათ იციან, რომ სააკაშვილი სტრატეგი აღარ არის. ასე რომ, მისი მხრივ ეს იყო მოუქნელი სვლა, რომელსაც მომდევნო ეფექტები არ ექნება. ის, რაც მან გააკეთა, სულ ცოტა, უცნაური იყო. გაუგებარია, ვინმეს დაუჯერა თუ საკუთარი მოსაზრებით იხელმძღვანელა.

 

ამ დღეებში თქვენ იმყოფებოდით საქართველოში. თუ საიდუმლო არ არის, რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი?

 

არ მინდა დეტალებში ჩავღრმავდე, მაგრამ საქართველოში ამჯერად განსხვავებული პროექტით გახლდით, გავმართე შეხვედრები
საზოგადოების წევრებთან, მოვისმინე მათი აზრი, გავმართეთ დისკუსიები, ასე რომ ეს უფრო ჩემს საქმესთან დაკავშირებული ვიზიტი გახლდათ, ვიდრე პოლიტიკურ საკითხებთან. შეიძლება ითქვას, ეს იყო პროფესორის ვიზიტი. შევხვდი პრემიერ-მინისტრს, ვხვდებოდი
პარლამენტის წევრებს, ლიდერებს. საქართველოში ჩემი ჩამოსვლა სისტემატური ხასიათისაა. სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ვხვდები, ზოგადად, ხალხთან შეხვედრის შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებ. თავს საქართველოს მეგობრად მივიჩნევ და ვცდილობ, ჩემი ანალიზი ამ ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი