კომენტარი

მედიაუწიგნურობის შესახებ

21 მარტი, 2013 • 2058
მედიაუწიგნურობის შესახებ

მედიაწიგნიერება გაქვს, როცა შენი კრიტიკა სასარგებლოა მათთვის, ვინც მედიაში მუშაობს.

ჩვენს განათლების სისტემაში აქამდე არასოდეს ჩაურთავთ დისციპლინა, რომელიც მოქალაქეებს შეჰმატებდა ცოდნას მედიის შესახებ. არ ვიცი, ამ მხრივ სამომავლოდ რა შედეგს მოიტანს “სამოქალაქო განათლების” სასკოლო კურსი. დღეს მედიის აღქმა-შეფასებისას დარჩენილი ვართ ჩვენი “შინნაზარდი” წარმოდგენების ამარა, რომელიც თუ ემთხვევა თანამოაზრეთა შეფასებებს, თავს უფრო საიმედოდ ვგრძნობთ.

ამასთან, მიმოდიან ადამიანები, რომელთაც მედიაექსპერტებს ეძახიან, მაგრამ არ არის მოვლენა, სახელად ქართული მედიაკრიტიკა. თითქოს ყველამ იცის, რომ მედია შუამავალია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის მათი კომუნიკაციის ხელშესაწყობად, მაგრამ არ არსებობს შუამავალი თავად მედიასა და საზოგადოებას შორის.

ცოდნა მედიის შესახებ აკლია არა მხოლოდ მედიაპროდუქციის მომხმარებელს, არამედ იმას, ვინც ამ პროდუქციას ქმნის ან შექმნაში მონაწილეობს. ჟურნალისტები ცოდნის ამ დეფიციტს ვავლენთ, როცა გვავიწყდება, მაგალითად, რესპონდენტთან ქცევის სტანდარტი. რესპონდენტები მედიაუწიგნურობას ადასტურებენ, როცა, ვთქვათ, შეკითხვის პასუხად სრულიად შეუსაბამო და ზოგჯერ გამაოგნებელ სიტყვებსა თუ ქცევას გაგებებენ.

წერილობით ტექსტებსა და სტუდიებში გაუგებრობის, აბნევის, შეუსაბამობის, როლების აღრევისა და, ხანდახან სრული ბარდაგის ხილვას კარგა ხანია შევეჩვიეთ (არ ვამბობ, რომ შევეგუეთ). მაგრამ ახლა მინდა ცოტა დაწვრილებით განვმარტო კონტექსტი, რომელშიც “იბადება” ასეთი შეხვედრები ჟურნალისტს, მის სტუმარსა და აუდიტორიას შორის.

გულუბრყვილობაა იფიქრო, რესპონდენტი არაადეკვატურად მხოლოდ იმიტომ იქცევა, რომ მედიაწიგნიერება აკლია. რესპონდენტს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის პოლიტიკოსია, თავისი ინტერესი აქვს და მოქმედებს როგორც ამ ინტერესის, ისე მკითხველისა და მაყურებლის განწყობათა შესაბამისად.

დავით პაიჭაძე
დავით პაიჭაძე

მაყურებლის განწყობა (ან წარმოდგენა ამ განწყობის შესახებ) კი ხშირად ასეთია: მას სურს და იზიდავს სანახობა. სანახაობას ქმნის კონფლიქტი. ეს სწორია, ოღონდ სხვაა კონფლიქტი და პოლემიკა მოწვეულ მხარეებს შორის და სულ სხვა – ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის. ჟურნალისტი თავისი კომპეტენციით ვერ გაუთანაბრდება და არც ღირს, ეცადოს, გაუტოლდეს სტუმარს, თუნდაც სუსტი პოლიტიკოსი იყოს იგი. გატოლების მცდელობისას იოლად იქცევა “მხარედ” – სულერთია, მის მომხრედ თუ მოწინააღმდეგედ. ეს იციან პოლიტიკოსებმა და უმეტესად არა მათსავით მოფიქრალ ჟურნალისტებთან მიმართავენ ხოლმე მანიპულაციებს მათი პროფესიული გზიდან გადასაცდომად. აკეთებენ ამას უფრო მაშინ, როცა: 1. არაფერი აქვთ საპასუხო ჟურნალისტის შეკითხვისა; 2. შეკითხვის პასუხი აზარალებს მათ ინტერესს; 3. სურთ სულ სხვა შეტყობინება გაუგზავნონ მაყურებელს და არა ის, რასაც პასუხი გულისხმობს.

საამისოდ ბევრი რამ შეიძლება გააკეთო; შეგიძლია, დაუწყო კამათი ჟურნალისტს და აცდუნო, შეკითხვებიდან მტკიცებებზე გადავიდეს. აქ იწყება ის, რასაც ქართული მედიის წლების მანძილზე “აღზრდილი” მაყურებელი მოელის (“მოქალაქის აღზრდა”, როგორც ჟურნალისტიკის ფუნქცია – ეს ცალკე დასანგრევი წარმოდგენაა): იწყება ორთაბრძოლა, სადაც გამარჯვებას, წესით, აზრი არ უნდა ჰქონდეს და გამარჯვებულიც არ უნდა არსებობდეს. რადგან ჟურნალისტი არ არის სრულფასოვანი მოპაექრე არც ფუნქციურად
და არც კომპეტენციით. მაგრამ ჩვენში ეს არ ენაღვლებათ; იოლად შენიშნავთ, რა გამოთქმებით ეხმაურებიან მაყურებლები ამა თუ იმ ტოქ-შოუს ან ინტერვიუს დასრულებას: რა დღეში ჩააგდო?! შეუსრულა! დამარხა. დაანოკდაუნა; გასრისა; რა გაუდო?! ოეე! (აქ ზოგჯერ მოდის გვარი – როგორც ჟურნალისტის, ისე რესპონდენტის; გააჩნია, ვისი მომხრე წერს).

კამათი არ არის ერთადერთი გზა: შეიძლება შეუსაბამო, უადგილო და ამდენად დამაბნეველი პასუხები გასცე ან სულაც “შემხვედრი” შეკითხვები დაუსვა ჟურნალისტს, რომელიც თუ ერთხელ შეცდა და გიპასუხა, მორჩა, “მოსრიალებულია” და შეგიძლია, წამოიკიდო. ესეც ორთაბრძოლის ნაირსახეობაა. ჟურნალისტზე უპირატესობის შეგრძნებიდან მომდინარეობს და, რომ იტყვიან, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პასუხის დაწყება სიტყვებით ‘თქვენ არ იცით”, “თქვენ არ გესმით”. რომ არ ვიცი და არ მესმის, სწორედ იმიტომ მოგიწვიე და გეკითხები, შე კარგი დედ-მამის შვილო.

სწორედ ასეთ დროს, ანუ ჟურნალისტის “დამარცხების” (ან “გამარჯვების”) დროს თავისებურად ზეიმობს მედიაუწიგნურობა: პოლიტიკურად ანგაჟირებული (რაც ბუნებრივია) და კმაყოფილი მაყურებელი ტკბება თავისი ფალავნით და აღარ აფასებს იმას, რა თქვა სტუმარმა, რა შეკითხვა დასვა ჟურნალისტმა, შეჰფეროდა თუ არა ერთსაც და მეორესაც მისი ქცევა და, რაც მთავარია, ეგებ არც გაახსენდეს თავისივე ინტერესი და არ იფიქროს, უპასუხა თუ არა პოლიტიკოსმა ამ ინტერესს. ემოცია, შთაბეჭდილება და არა ინფორმაცია თუ მეტის გაგება იძენს უპირატეს მნიშვნელობას.

ამიტომაც ორივე მხარისთვის ხშირად უფრო კომფორტული აღმოჩნდება ეთერი, სადაც ჟურნალისტი და მისი სტუმარი პოლიტიკოსი ერთ პლატფორმაზე სხედან და ტკბილად ჭუკჭუკებენ: ბატონო თენგიზ, ეს რა ნაძირლები მართავდნენ ამ ქვეყანას ბოლო ცხრა წლის მანძილზე, არა? ბატონო ჯამბულ, როგორ ფიქრობთ, რამდენად უბირი და რეგვენი ხალხი მოვიდა ხელისუფლების სათავეში? ბატონო გიორგი, განა უმჯობესი არ იქნება ასე და ასე მოექცეთ თქვენს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს?

მასალების გადაბეჭდვის წესი