კომენტარი

უმცირესობის მოსაზრება საგარეო კურსის განმსაზღვრელ დოკუმენტზე

6 მარტი, 2013 • • 1021
უმცირესობის მოსაზრება საგარეო კურსის განმსაზღვრელ დოკუმენტზე

უმცირესობის შენიშვნები


აუცილებელია, სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის  ფუნდამენტური პრინციპები  იყოს ასახული საქართველოს კონსტიტუციაში, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო აქტში. ეს იქნება გარანტია იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური გუნდი ვერ შეძლებს საგარეო კურსის შეცვლას, თუ არ იქნება საყოვეთაო კონსენსუსი. ამასთან, ეს კიდევ ერთხელ იქნება პოლიტიკური გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართ საქართველოს მოქალაქეების სურვილის შესახებ, რომ ქვეყანა დასავლური, ევროპული ოჯახის წევრი იყოს. საკონსტიტუციო ნორმა უნდა განსაზღვრავდეს საქართველოს ურყევ ნებას, გაწევრიანდეს NATO-სა და ევროკავშირში, მტკიცე არაღიარების პოლიტიკას და უარს, გაწევრიანდეს პოსტ-საბჭოთა გაერთიანებებში, კერძოდ:

 

ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება

 

1.საქართველოს უმაღლესი ინტერესია გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო). ამ მიზნის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს თანმიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა და არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოვა ნატო-ში ინტეგრაციის ამოცანასთან.

 

2.საქართველოს უმაღლესი ინტერესია გაწევრიანდეს ევროკავშირში. ამ მიზნის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს თანმიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა და არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში ინტეგრაციის ამოცანასთან.

 

3.აკრძალულია საქართველოს მთავრობის მხრიდან ისეთი ქმედებები, რაც არსებითად ეწინააღმდეგება და აფერხებს ქვეყნის გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევროკავშირში.

 

დეოკუპაციის, არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკა

 

1. საქართველო ისწრაფვის ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დეოკუპაციისკენ და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს თანმიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა ამ მიზნის მისაღწევად ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ურთიერთობებში.

 

2. საქართველოს ხელისუფლება არასოდეს აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობას. საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს თანმიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა იმ მიზნით, რომ მსოფლიოში არ არსებობდეს არც ერთი სახელმწიფო, რომელიც პატივს არ სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

 

3. დეოკუპაციისკენ სწრაფვის და არაღიარების პოლიტიკის პარალელურად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს თანმიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული ჩართულობის პოლიტიკა  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობასთან დასაახლოებლად ჰუმანიტარულ, ადამიანურ,  სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში.

 

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნის მიუღებლობა

 

1. აკრძალულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთების საქართველოში განლაგება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ან საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა.

 

2. აკრძალულია საქართველოში განლაგდეს იმ ქვეყნის სამხედრო ბაზა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ნებისმიერი ტერიტორია, ასევე, ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, ან გადაკვეთის უფლების მინიჭება.

 

პოსტსაბჭოთა ორგანიზაციებში წევრობის დაუშვებლობა

 

1. აკრძალულია საქართველოს გაწევრიანება ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიის კავშირი, საბაჟო კავშირი და სხვა პოსტსაბჭოთა საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების, ან თავდაცვის ორგანიზაციაში, რომელიშიც დომინანტი წევრი არის რუსეთის ფედერაცია.


რაც შეეხება წარმოდგენილ დოკუმენტს, ნათლად არ არის გამოკვეთილი ჩვენი ქვეყნის  პრიორიტეტები. აუცილებელია ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს დასავლურ კურს ალტერნატივა არ გააჩნია და იგი დასავლური საზოგადოების ნაწილია. ეს გულისხმობს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსში  და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაბრუნება/დაახლოება ნებისმიერ პოსტსაბჭოურ ორგანიზაციასთან ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს და  წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს დასავლურ კურსთან. აქედან გამომდინარე, ტექსტი ცალსახად უნდა გამორიცხავდეს საქართველოს გაწევრიანებას ისეთ ორგანიზაციაში, როგორიცაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, საბაჟო კავშირი, ევრაზიიის კავშირი და სხვა პოსტსაბჭოთა საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების, ან თავდაცვის ორგანიზაციაში, სადაც დომინანტი წევრი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფო რუსეთის ფედერაცია.

 

საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტი ტერიტორიული მთალიანობის აღდგენა და დეოკუპაციაა. ამის მიუხედავად, ტექსტში საერთოდ არ არის საუბარი არაღიარების პოლიტიკაზე. ეს პოლიტიკა იყო საქართველოს დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული რუსეთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფოებთან როგორც შანტაჟის, ასევე ფინანსური დაინტერესების გზით, რათა მათი მხრიდან მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობის აღიარება.

 

აგრეთვე, დოკუმენტში უნდა იყოს საუბარი ჟენევის პროცესის მნიშვნელობაზე და საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე.


პრეამბულა:


  1. პრეამბულას დაემატოს: „აღიარებენ რა 2008 წელს ჩატარებული პლებისციტის შედეგებს, რომლის მიხედვით საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების 77%“

  2. პირველ ნაწილს ასევე დაემატოს საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც დამტკიცებულ იქნა პარლამენტის მიერ. ეს დოკუმენტი იყო მიღებული  საქხელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო  და ადგილობრივი ექსპერტების ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად.

  3. პრეამბულის მეორე ნაწილში ცალკე უნდა გამოიყოს ტერიტორიული მთლიანობა და დეოკუპაცია.

  4. პრემბულის მესამე ნაწილში პროგნოზირებადი პარტნიორის ცნება ბუნდოვანია. ნაცვლად პროგნოზირებადისა გამოყენებული უნდა იქნას საგარეო პოლიტიკაში დამკვიდრებული ისეთი პრინციპები, კერძოდ, აღინიშნოს, რომ საქართველო უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების პრინციპების საფუძველზე.

 

ძირითადი ნაწილი


  1. დოკუმენტის მე-3 პუნქტი მთლინად უნდა იქნას ამოღებული. დოკუმენტის სხვა ნაწილებში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა ხელმძღვანელობდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, რაც თავის თავში გულისხმობს საქართველოს პოლიტიკის მშვიდობიან ხასიათს.

  2. დოკუმენტის პირველი და მეორე პუნქტი გაერთიანდეს და უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „საგარეო ურთიერთობების პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეყნის უსაფრთხოების გარანტირების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის, ტერიტორიების დეოკუპაციისა და  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნებზე, აგრეთვე, საქართველოს საშინაო ინტერესების, მისი მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანის გათვალისწინებით.“

  3. მე-6 და მე-7 პუნქტები უნდა გაერთიანდეს.

  4. არ არის ცალკე პუნქტი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზე (ევროკავშირის მსგავსად) – ნატო-საქართველოს ურთიერთობებში უახლოესი ამოცანა უნდა იყოს გაწევრიანების მოდალობებზე  და ვადებზე შეთანხმების მიღწევა.

  5. დოკუმენტის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ამერიკის შეერთებულ შტატებთან (ევროკავშირთან ერთად), როგორც საქართველოს მთავარ  მოკავშირესთან, ურთიერთობას საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობებით წარმართავს, მის ფარგლებში ასევე განიხილება ოთხი მიმართულება – 1) თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, მათ შორის  უსაფრთხოების სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის პროგრამის წამოწყებას, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა; 2) ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება; 3) დემოკრატიის გაძლიერება; 4) ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება, მათ შორის  უვიზო რეჟიმის.  ქარტიის პირობების, ისევე როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის შეთანხმებების დასახული ამოცანების შესრულებას საქართველო, პირველ რიგში, უნდა განიხილავდეს როგორც   ვალდებულებას საკუთარი საზოგადოების წინაშე“

 

ვთვლით, რომ დოკუმენტი უნდა საუბრობდეს ქარტიის ოთხივე მიმართულებაზე, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის.


  1. დოკუმენტის მე-9 პუნქტი ამოღებულ უნდა იქნას. ეს პუნქტი ზედმეტად ამბიციურ და არარეალურ გეგმას სახავს –  დააახლოვოს და დააბალანსოს, ერთი მხრივ,  შეერთებული შტატების და ევროკავშირის და, მეორე მხრივ, რუსეთის ინტერესები. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამ სახელმწიფოების სუვერენული უფლებაა და, მეორე მხრივ, ათწლეულების გამოცდილება  ადასტურებს, რომ ეს ურთულესი პროცესია. ნაცვლად ამისა შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ უნდა მიმართოს თავისი ძალისხმევა, რომ მოხდეს მათი პოზიციების დაახლოება საქართველოს ინტერესების მიმართ.

  2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „საქართველო მზადაა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით წარმართოს რუსეთთან დიალოგი, რომლის მიზანია საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც დაეფუძნება საქართველოს დეოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, სუვერენიტეტის და საგარეო კურსის შერჩევის უფლების პატივისცემას და სახელმწიფოთა შორის თანასწორუფლებიანობას.  


  1. გავაერთიანოთ მე-11 და 12 პუნქტები შემდეგი სახით:

 

“საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს კავკასიაში პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკურ თანამშრომლობას რეგიონის სახელმწიფოთა ძირეული ინტერესების თანხვედრისათვის. ჩრდილოკავკასიის ხალხებთან ურთიერთობების განვითარება დაეფუძნება კეთილმეზობლობის და მჭიდრო კულტურული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს“

 

დოკუმენტის მე-14 პუნქტი მხოლოდ ცალკეულ რეგიონებზე საუბრობს. ჩვენი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას სხვა რეგიონებთან ურთიერთობას, კერძოდ:

 

ა) საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ბალტიის ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და მათი მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

 

ბ) საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე, სკანდინავიის სახელმწიფოებთან თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოებთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება და მათ მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა.


  1. საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაააქტიუროს მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის სხვა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის ფორმატებში – ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებთან საქართველოს უკვე აქვს მჭიდრო და აქტიური კავშირები, შესაბამისად, მე-15 პუნქტში „გაააქტიუროს“ ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ სიტყვა „გავაგრძელოთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი