კომენტარი

დეპუტატების შეფასებები პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ

4 მარტი, 2013 • • 936
დეპუტატების შეფასებები პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ მას იმედი არ ჰქონდა, რომ დღეს ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული:

 

“რაიმე განცდა იმისა, რომ პრეზიდენტის მხრიდან იქნებოდა გარკვეული და დადებითი პასუხი, მგონი, ჩემგან არასოდეს გსმენიათ. მე მოხარული ვიქნებოდი, რომ მე შევმცდარიყავი და ყოფილიყო ის პასუხი, რაც ჭირდება ჩვენს ხალხს, რაც ჭირდება ქვეყანას. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და გამართლდა უფრო ცუდი პროგნოზი. ზეწოლა სასამართლოებზე, მედიაზე, ამას შემიძლია მხოლოდ ერთი ანდაზით ვუპასუხო: ჩემი შენ გითხარ, გული მოგიკალო. სხვას მე არაფერს ვიტყვი ამის თაობაზე.”

 

ხმალაძის თქმით, მთავრობის ფორმირების უფლება არავის უნდა ჰქონდეს, პარლამენტის თანხმობის გარეშე:

 

“ჩვენ ამ საკითხს ალბათ მარტის მეორე ნახევარში გავიტანთ პარლამენტის სხდომაზე და ვუყრით კენჭს. აქ უკვე შემიძლია იმედი გამოვთქვა, რომ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.” 

 

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი კობა დავითაშვილი ამბობს, რომ მათ საკონსტუტიციო უმრავლესობა აქვთ:

 

“მე, მართალი გითხრათ, დიდი მოლოდინი ამ შეხვედრის მიმართ არ მქონია და აუცილებლობასაც სააკაშვილთან კონსულტაციებისას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს საკონსტუტიციო უმრავლესობა და შეგვიძლია მშვიდად მივიღოთ საკონსტუტიციო ცვლილებები.”

 

მისივე თქმით, სააკაშვილის ინიციატივების კომენტირება არასერიოზულად მიაჩნია:

 

“მე სააკაშვილის ინიციატივებზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ იმიტომ, რომ არასერიოზულად მიმაჩნია ამის კომენტირება.”

 

დავითაშვილი აცხადებს, რომ “საერთო სასამართლოების” შესახებ კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს: 

 

“სასამართლო უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილის და კუბლაშვილის ზეწოლისგან. უნდა დამთავრდეს ჯიბის სასამართლოს ეპოქა, მოსამართლეები უნდა გათავისუფლდნენ, იუსტიციის საბჭოში უნდა აირჩიონ ის, ვისაც ღირსეულად მიიჩნევენ. ამის გარდა, უნდა იქნას გამოძიებული ყველა იმ ტელევიზიის დახურვის საქმე, რომელიც დახურა სააკაშვილმა.”

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ  შეხვედრა უფრო პოზიტიური იყო, ვიდრე ნეგატიური:

 

“შეხვედრა იყო პრაქტიკულად, როგორც პრემიერმა თქვა, შეხვედრისთვის. მას კონკრეტული შედეგი არ ჰქონია. თუმცა მე ვიტყოდი, მაინც იყო ალბათ უფრო პოზიტიური, რადგან კიდევ ერთხელ პრეზიდენტს შესთავაზა პრემიერ-მინისტრამა სივრცე, აჩვენა გამოსავალი, მისცა  შესაძლებლობა დაინახოს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ შემდეგ ეტაპზე.”

 

მისივე თქმით, ხელისუფლება სრულიად აკონტროლებს ქვეყანაში ვითარებას და არავითარი საფრთხე ქვეყანას “ნაციონალური მოძრაობისგან” არ ემუქრება.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ვანის მაჟორიტარი პაატა ლეჟავა ამბობს, რომ  შეხვედრა პოზიტიური იყო:

 

“ჩვენ ამ შეხვედრის მერე კონსულტაციები არ გაგვიმართავს, აუცილებლად გავმართავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა პოზიციას დავიკავებთ. მაგრამ მე ვთვლი, პოზიტიური იყო ის, რომ პრეზიდენტი და პრემიერი შეხვდნენ ერთმანეთს. მე დავინახე ინტერესი ორივე მხრიდან, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, იყოს სიწყნარე და მართლაც ხაზი გავუსვა მინდა იმას, რომ ყველა უცხოელი ექსპერტი და კონსტიტუციონალისტი აღიარებს იმას, რომ ყველაფერი კონსტიტუციაში არ წერია, მაგრამ როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არ გამოიყენებს ამ უფლებას, ეს ნიშნავს, რომ არ გამოიყენებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი