კომენტარი

სამხედრო პოლიციელთა ღია წერილი ირაკლი ალასანიას

18 თებერვალი, 2013 • 1533
სამხედრო პოლიციელთა ღია წერილი ირაკლი ალასანიას

უპირველეს ყოვლისა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართვას სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობის მხრიდან არ გამოეწვია კონკრეტული სახის გართულებები, სადაც ისედაც სავალალო სიტუაციაა, ჩვენ, სამხედრო პოლიციიდან დათხოვნილმა და გაურკვევლობაში მყოფმა თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ არ დაგვეკონკრეტებინა ამ წერილის ავტორთა ვინაობა და ღიად მიგვემართა თვადაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასადმი იმ იმედით, რომ მინისტრი სამხედრო პოლიციაში სიტუაციის გამოსწორებისა და შეიარაღებული ძალების ეფექტური მართვის მიზნით მიიღებს გადამჭრელ ზომებს, რადგან უკვე აშკარაა, რომ სამხედრო პოლიცია გეომეტრიული პროგრესიით ემსგავსება 90-იანი წლების შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ქვედანაყოფს.

 

ბატონო ირაკლი, სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ერთი ხელის მოსმით, ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტების გარეშე, გაგვათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დათხოვნა არ მომხდარა უშუალოდ თქვენი ბრძანებიდან გამომდინარე, არამედ ეს არის იმ არაპროფესიონალი და უვიცი ხელმძღვანელობის ინტერესი და გადაწყვეტილება, რომლებიც ბოლო სამი თვის განმავლობაში დაინიშნენ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში.

 

სამხედრო პოლიციაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდგომ, განსაკუთრებით კი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სერგო ჩაჩიბაიას დანიშვნის მერე, სამსახური დაკარგა და საარსებო წყაროს გარეშე დარჩა დაახლოებით ორასი თანამშრომელი, უმეტესი ნაწილი კი, პირადად სერგო ჩაჩიბაიას გადაწყვეტილებით. ეს კი იმ დროს, როცა ქვეყანაში უმუშევრობა ასეთი პრობლემურია, თავის მხრივ, სამხედრო პოლიცია კი საკმაოდ სპეციფიკური სამსახურია.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ერთადერთი არგუმენტი, რასაც ჩაჩიბაია დათხოვნილ თანამშრომლებს უყენებს, მიუხედავად მათი დამსახურებისა, წარსულისა და პროფესიონალიზმისა, არის წინა ხელისუფლების პერიოდში  შეიარაღებულ ძალებში მათი სამსახური, თუმცა სერგო ჩაჩიბაიას მიერვე თანამდებობებზე ინიშნებიან ის პირები, რომლებიც წარშულშიც და ახლაც სიმპათიით არიან განწყობილნი თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო პოლიციის ყოფილი, მარგინალური ხელმძღვანელების მიმართ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან ჩაჩიბაიასთან ნათესაურ და ახლობლურ კავშირში, მათ გამოცდილებასა და წარსულს არანაირი ყურადღება არ ექცევა.

 

ბატონო მინისტრო, სერგო ჩაჩიბაიას წარსულიცა და მისი “საქმენი საგმირონიც” ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, კერძოდ:
“ვარდების რევოლუციამდე”, როცა სამეგრელოში ჰყვაოდა ე.წ. კონტარაბანდის ბიზნესი, სერგო ჩაჩიბაია გახლდათ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამართველოს უფროსის მოადგილე და აქტიურად “კრიშავდა” კონტრაბანდული ტვირთის მიმოქცევას აფხაზეთის მიმართულებით. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ 2004 წელს იგი პასუხისმგებლობაში იქნა მიცემული ერთ-ერთი ბულგარელი ბიზნესმენის კუთვნილი ოცი ათასი დოლარის ყალბი დოლარებით შეცვლის გამო, უფრო მეტიც! ამ დრომდე მას გაქარწყლებულიც კი არა აქვს ნასამართლეობა.

 

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირებიც- დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზურაბ ჩიკვაიძე და ადმინისტრაციის უფროსი გელა კოპალიანი ამჟღავნებენ აბსოლუტურ უუნარობასა და არაპროფესიონალიზმს, როგორც საკადრო, ასევე პროფესიულ საქმიანობაში.

 

ბატონო ირაკლი, ზემოთ ნახსენები ხელმძღვანელი პირები არაიან რა ამოფარებული თქვენს სახელსა და ავტორიტეტს, არ ერიდებიან თანამშრომელთა დანიშვნა-დათხოვნას ანგარების, ნათესაურ-კლანური თუ კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გელა კოპალიანის მეტსახელი 2008 წლამდე, აფხაზეთის სამინისტროში მუშაობის პერიოდში იყო “მექრთამე” და ამჟამადაც მისი წარსული საქმიანობის აქტიური ნიშნები შეიმჩნევა სამხედრო პოლიციაში.

 

ბატონო მინისტრო, ზემოთ მოყვანილი ფაქტები ცნობილია მათ მიერ დათხოვნილი თუ ამჟამინდელი სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობისათვის, ამიტომ, ბუნებრივია, იმ ადამიანებისგან, რომელთა წარსულიც ერთი დიდი შავი ლაქაა, ვერ მივიღებთ ვერანაირ შენიშვნასა და არგუმენტს.

 

თანამშრომელთა ბედისადმი ასეთი უსამართლო და მიკერძოებული მიდგომა იწვევს ჩვენს სამართლიან გაღიზიანებასა და შეშფოთებას. ეს ქაოტური ვითარება კი მძიმედ აისახება შეიარაღებული ძალების ქვედანაყობებში არსებულ საერთო ვითარებაზე, სადაც უმოქმედობისა და უფუნქციობის გამო სამხედრო პოლიციას უკვე სასაცილო იმიჯი აქვს.

 

ბატონო ირაკლი, მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ სამხედრო პოლიციელები და შეგვწევს უნარი, ჩვენი კონტაქტებიდან გამომდინარე, ვფლობდეთ ოპერატიულ ვითარებებს ქვედანაყოფებში, რაც უნდა მოგახსენოთ, რომ ფრიად საგანგაშოა, კერძოდ: გახშირდა ლოთობის, არასაწესდებო დამოკიდებულების, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და წვრილმანი ქურდობის ფაქტები, რამაც იმ ფონზე, რომ სამხედრო პოლიცია ფაქტიურად ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, შესაძლოა მიიღოს უფრო მძიმე ფორმები.

 

ბატონო ირაკლი, ყოველივე ზემოხსენებულში თქვენ ადვილად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუკი გადახედავთ ქვედანაყოფებში არსებულ ოპერატიულ ვითარებებს, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ სამხედრო პოლიციის ხელძღვანელობა უმოქმედობისა და არაპროფესიონალიზმის გამო ვერ მოგაწვდით ვერანაირ ვითარებას. ასევე არ ვართ დარწმუნებული, რომ თქვენთვის ცნობილია რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ჯარისკაცის (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ) გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რომ პოლიციის ხელმძღვანელობა მკაცრად ასაიდუმლოებს აღნიშნულს.

 

ბატონო ირაკლი, არ შეგვიძლია განსაკუთრებულად არ შევეხოთ სამეგრელოში, კერძოდ სენაკის სამხედრო პოლიციაში არსებულ საგანგაშო ვითარებას, სადაც პოლიციელთა პირადი შემადგენლობიდან დათხოვნას გადაურჩა მხოლოდ ორი ადამიანი, რაც ეწინააღმდეგება თქვენს წინასაარჩევნო დაპირებას: “აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთაც არ ჩაუდენიათ კრიმინალი, შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს”.

 

ალბათ, საზოგადოება ძნელად თუ დაიჯერებს იმ ფაქტს, რომ სამეგრელოდან დათხოვნილ თანამშრომელთაგან მხოლოდ ორი ადამიანია უდანაშაულო, ხოლო ყველა დანარჩენი დამნაშავე, მაშინ, როცა არც ერთი გათავისუფლებულისათვის არც ბრალდება და არც რაიმე პრეტენზია არავის წაუყენებია. ჩვენ ვსვამთ კითხვას – ირღვევა თუ არა ამ შემთხვევაში შრომის კოდექსი და უდანაშაულობის პრეზუმპცია? ალბათ პასუხი ნათელია. ეს ყოველივე კი ხდება სერგო ჩაჩიბაიას უშუალო გადაწყვეტილებითა და მონაწილეობით. მის მიერვე სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ჯაკონია – ადამიანი, რომელიც ქართულადაც კი ვერ საუბრობს და რომელსაც სამეგრელოში იცნობენ როგორც “ზონდერს”, ამ უკანასკნელს ასევე იცნობენ, როგორც 2008 წელს სამეგრელოში მომხდარი, ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით გაუხსნელი, ადამიანის გატაცების გახმაურებული ფაქტების სულისჩამდგმელის რომა შამათავას აქტიურ ხელშემწყობად.

 

თავისი წარსულით ასევე “საინტერესო” პიროვნებაა დავით შენგელია, რომელიც სერგო ჩაჩიბაიას რეკომენდაციით ჯაკობიას მოადგილედ დაინიშნა. ბატონო მინისტრო, ამჯერად მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ ნათელი მოვფინოთ დავით შენგელიას “უმწიკვლო” წარსულს, თუმცა, თუკი თქვენ დაინტერესდებით, ჩვენი დახმარების გარეშეც ადვილად გაერკვევით ამ საკითხში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, როცა ჯაკობია მისნაირივე- ახალაიების, ქარდავებისა და გუნავების ახლო გარემოცვასთან დაახლოებულ და მათი იდეების მომხრე პირებით ავსებს სამხედრო პოლიციის რიგებს, რაც საზოგადოებაში თავდაცვის სამინისტროსა და პირადად თქვენი სახელის დისკრედიტაციას უწყობს ხელს.

 

ბატონო ირაკლი, თქვენი განზრახვა, თავდაცვის სამინისტრო გახდეს გამჭვირვალე და სისტემაში მიმდინარე პროცესები მოექცეს საპარლამენტო კონტროლის ქვეშ, სამხედრო პოლიციის პირადმა შემადგენლობამ, რომლის გარკვეული ნაწილიც ასევე იყო რეჟიმის მსხვერპლი, აღიქვა როგორც სასიკეთო ძვრების დასაწყისი თავდაცვის უწყებაში, მაგრამ ზემოთ მოყვანილი წარსული ხელმძღვანელობისათვის დამახასიათებელი მიდგომები, იძულებულს გვხდის რეაგირებისათვის, ასევე, ღიად მივმართოთ პარლამენტის “თავდაცვისა და უშიშროების” კომიტეტის თავჯდომარეს ბატონ ირაკლი სესიაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში მისი არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართალი და თავისუფლების” ეგიდით აქტიურად იცავდა უსამართლოდ განთავისუფლებული თუ დასჯილ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებს.

 

ბატონ ირაკლი სესიაშვილს ასევე გვინდა ვთხოვოთ, კომპეტენციიდან გამომდინარე, გაერკვეს ისეთ ფაქტებში, როგორიცაა, მაგალითად, გიორგი ხვედელიძის თავდაცვის სამინისტროს ზედამხედველ პროკურორად მუშაობის მიზანშეწონილობაში, რომელიც გახლდათ მეგის ქარდავას მოადგილე საგამოძიებო დარგში და მისი ავადსახსენებელი საქმეების საგამოძიებო კუთხით გამამყარებელი.

 

გვაინტერესებს, ვინ გაუწია მას რეკომენდაცია და რამდენად სამართლიან ზედამხედველობას გაუწევს გიორგი ხვედელიძე სამხედრო პოლიციაში მიმდინარე პროცესებს? ეს ყოველივე უნდა იწვევდეს თუ არა სამსახურიდან განთავისუფლებულ და გასანთავისუფლებლად გამზადებულ სამხედრო პოლიციელთა გულისწყრომას? როცა მათი დათხოვნის ერთადერთი მიზეზი არის წინა ხელისუფლების დროს მუშაობა, ასეთ ფაქტებს კი, სამწუხაროდ, სამხედრო პოლიციაში მრავალად აქვს ადგილი.

 

ბატონო ირაკლი, ჩვენ გიდასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემას და გვჯერა, რომ თქვენ მიერ დასახული მიზანი შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და ფეხზე დაყენებისა არის თქვენი გულწრფელი სურვილი, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუკი გაერთიანებული შტაბის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურულ ქვედანაყოფში, სამხედრო პოლიციაში იქნება ქაოსი, არაპროფესიონალიზმისა და უსამართლობის შეგრძნება. ის გარემოება, რომ მოქმედმა ხელმძღვანელობამ მოახერხა და ჯარში სამხედრო პოლიციას შეუქმნა სასაცილო იმიჯი, იწვევს ჩვენს დიდ გულისტკივილს, სამხედრო პოლიციას, რომელიც თვით ამერიკის შეერთბული შტატების შეიარაღებულ ძალებშიც კი ყველაზე ელიტარული ქვედანაყოფია.

 

ბატონო ირაკლი, მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობა შეიარაღებულ ძალებში კონტროლის დამყარებას უმეტეს შემთხვევებში მკაცრი მართვის მეთოდით ახდენდა, ეს ყოველივე კი ხდებოდა მმართველი, სამეთაურო რგოლის მეშვეობით, რომელთა გარკვეული ნაწილი ამ მიზნის ჯეროვნად შესრულებისათვის საკმაოდ დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა. ბაჩო ახალაია არ იშურებდა მათთვის არც ფულად პრემიებს და არც სხვა წახალისებებს. იქიდან გამომდინარე, რომ სამეთაურო რგოლი წარმოადგენს ჯარის ხერხემალს და მათი როტაცია ან ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, დღესდღეობითაც შეიარაღებული ჯარების ქვედანაყოფთა გარკვეული ნაწილი დაკომპლექტებულია ბაჩო ახალაიასადმი სიმპათიით და ლოიალურად განწყობილ მეთაურთა შემადგენლობით, რაც ქმნის საკმაოდ ფეთქებადსაშიშ სიტუაციას. ამ ფონზე კი ჯარზე კანონით დადგენილი, ზომიერი პოლიციური კონტროლის არარსებობა სიტუაციას უფრო ამწვავებს.

 

ბატონო ირაკლი, მოგმართავთ თხოვნით, თქვენეული წინდახედულებითა და გამჭრიახობით მიიღოთ გადამჭრელი ზომები, რათა არც ერთი სამხედრო პოლიციის თანამშრომელი უსამართლოდ არ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, მტკიცედ გვჯერა, რომ თქვენ აღკვეთავთ ნათესაურ-კლანურ მიდგომას და სამხედრო პოლიციის რიგებს შეავსებთ პროფესიონალებითა და გამოცდილი თანამშრომლებით, რადგან ჯარი არის ფაქიზი და სპეციფიკური ინსტიტუტი, პოლიციის ინეტრულობასა და უსამართლობის განცდას მოჰყვება კიდევ უფრო მძიმე შედეგები, ეს განცდა კი პირველ რიგში არ უნდა იყოს იმ სტრუქტურაში, რომელიც თავად უნდა ემსახურებოდეს სამართლიანობისა და წესრიგის დამკვიდრებას შეიარაღებულ ძალებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი