კომენტარი

“რაში მჭირდება დიდი ძაღლი, თუ არ ვაჩხუბე” – ტოტალიზატორი ქართულად

28 იანვარი, 2013 • 3120
“რაში მჭირდება დიდი ძაღლი, თუ არ ვაჩხუბე” – ტოტალიზატორი ქართულად

გარემო იყო დამუხტული მოსალოდნელი ბრძოლის მოლოდინით… პატრონების ადრენალინი ძაღლებსაც გადასდებოდათ, ბრძოლებში და ჩხუბებში დაშრამულები ზოგნი ცმუკავდნენ ადგილზე, ზოგნიც კი დაბნეულნი ელოდებოდნენ მოსალოდნელ რინგს, თავდასხმას და პატრონის ყიჟინას, ტკივილს და სისხლს…  ბრძოლას დაგდებამდე. ბრძოლაში  ნირწამხდარი და კუდამოძუებული აღარავის უნდა.   გამბრაზებული პატრონი ძაღლის მზერას თვალს აარიდებს,  სადმე დატოვებს ან დააგდებს ქალაქის ქუჩებში, ან ტყეში, სადაც ის არავის სჭირდება…

 

უკვე 1 თვეა, რაც ინტერნეტით და სხვა საშუალებებით ტრიალებდა განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისის ზღვაზე ძაღლების ჩხუბის მორიგი ტურნირი გაიმართებოდა. მაღალი ფსონებით, ბევრი აგრესიით და დიდი ადრენალინით…ყველა ჩვენგანს შეეძლო ამ განცხადებების წაკითხვა.

 

თუმცა ამჯერად ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც იქ შეკრებილი ხალხი ელოდა.  მოვიდა პატრული, მოვიდა ტელევიზია და მოვიდნენ თითო- ოროლა  ცხოველთა დამცველები, ვინც პატრულს და ჟურნალისტებს შეატყობინა, და ვისაც ცხოველთა ბრძოლა და უკეთეს შემთხევაში მათ სისხლზე და შრამებზე (უარესში კი სიკვდილზე) ფულის კეთება სამარცხვინო და საზარელ მოქმედებად მიაჩნიათ.

 

აქცია ოფიციალურად ჩაიშალა.  იყო ტელეკამერების წინ თავის მართლება, რომ ვითომდა ჯიშს ინარჩუნებენ ამ ბრძოლებით, ვითომდა ეს ნორმალური და ტრადიციულია, იყო კამერის წინ მოჩვენებითი შერიგება. მერე კი ეს ადრენალინის ტალღაზე მოსული ბრბო, რომელიც მიწიდან წამომართულ შავ ტალღას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანთა თავშეყრას, პატარ- პატარა გუნდებად დაიშალა და თავისი მაინც აისრულა – ძაღლები მაინც აჩხუბა. ბევრი ღავღავა ცუგა დაშავდა იმ დღეს, ბევრიც შესაძლოა მოკვდა, ბევრმა ამაოდ ეძება პატრონის დამნდობი და მზრუნველი მზერა…ბევრი გაიწირა.

 

 

შეიძლება ბევრი ვიდავოთ, ეს აქცია მართლაც დაიშალა თუ არა, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ არაფერი შეცვლილა იმ ხალხის ცნობიერებაში, ვინც იქ შვილებთან ერთად მივიდა, რათა შვილისათვის საყვარელი მურას სისხლიანი ბრძოლა ეყურებინა და ფსიქიკა დაემახინჯებინა. არაფერი შეცვლილა არც იმ საზოგადოების ცნობიერში, რომელიც ამ ყველაფერში ირიბად მონაწილეობს თავისი გულგრილობით და წაყრუებით.

 

ვინც არ იცით, გაცნობებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით ცხოველთა მიმართ სისასტიკე აკრძალულია და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით .ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების დამამძიმებელი გარემოებებია არასრულწლოვანთა თანდასწერებით ცხოველთა წამება და ამ მოქმედების განმეორება. ბევრი შეგვიძლია ვიდავოთ ნაგაზების ბრძოლის ტრადიციულობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბრძოლებით ცხოველებს არასაჭირო სტრესში ვაგდებთ, ვაყენებთ ჭრილობებს და მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებთ. და ეს კეთდება ადამიანების გასართობად და გასამდიდრებლად. ამ ყველაფერში მრავალი რამაა დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი, მაგრამ მე რამოდენიმე მომენტს გამოვყოფდი:

 

პირველი: სახეზეა ცხოველის და კონკრეტულ შემთხვევაში, ძაღლის მიმართ დაუნდობელი და მომხმარებლური დამოკიდებულება. ეს ჩვენი საზოგადოების ბუნების მიმართ დანაშაულებრივი დამოკიდებულების ერთ–ერთი მახინჯი გამოხატულებაა. რად გვინდა ტყე, თუკი მას შეშად არ გამოვიყენებთ, რად გვინდა ცხოველი, თუკი მას არ შევჭამთ, რად გვინდა მდინარე, თუკი იგი ელექტროენერგიას არ მოგვცემს და მილში არ მოვაქცევთ, რად გვინდა ძაღლი, თუ ის ეზოს არ დაიცავს ან არ ვაჩხუბებთ, რად გვინდა კატა, თუკი ის თაგვს არ დაიჭერს, რად გვინდა მელა, თუკი ის ქურქს არ მოგვცემს.  ჩვენ, სამწუხაროდ, აღარ გვაქვს უწყვეტი კავშირი ვაჟა ფშაველასთან (ანუ მისი შთამომავლები ძნელად გვეთქმის), არც ვეფხის და მოყმის დედებთან, ორგანულად გარდავისახეთ და ფაქტიურად სოციოპათ, გულგრილ მონსტრებად ვიქეცით, რომლებიც იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვზივართ. ჩვენში კარგ ტიპობად ითვლება იმის განცხადება, რომ “მელას კი არა, ადამიანსაც კი გავატყავებ, თუ დაგვჭირდება”, “რად გვინდა ამხელა ძაღლი, თუ არ ვაჩხუბე” და მისთანანი.

 

 

მეორე: ადგილი აქვს მომავალ თაობებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას. ჩვენთან მშობლებს არ ესმით მათ შვილებში  ბუნებისადმი, “უმცროსი ძმებისადმი” კეთილი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მნიშვნელობა. არ ესმით, რომ თუკი ბავშვობაში ვინმე შეეგუება ცხოველზე ძალადობას, ის ამას მომავალში სუსტზე ძალადობად გარდაქმნის და  გამოავლენს და ადამიანებზე ძალადობას მიჰყოფს ხელს. რაც უფრო მეტი გვეყოლება ასეთი “უპირატესი მოძალადე”, მით უფრო ვერშემდგარი საზოგადოება ვიქნებით. ფაქტია, რომ მშობლებმა, რომლებმაც შვილები წაიყვანეს ძაღლების ჩხუბის საყურებლად, მათ უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც უმრავლესობა უკვე ტრამვირებულია, ამას ვერავინ ხედავს.

 

მესამე: ეს არის ფაქტიურად ტოტალიზატორი, რომელზეც ხდება ცხოველის ექსპლუატაცია ადამიანის გართობის და ანგარების მიზნით. ეს რომ ამორალურია, ახსნასაც კი არ საჭიროებს, ჩემის აზრით.

 

დამნაშავეების ძიება რა საკადრისია,  მაგრამ უნდა აუცილებლად დავასახელოთ ისინი, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ამ უბედურებასთან ბრძოლა.

 

პირველი არის მედია. მთელი პროპაგანდა მომართულია ცხოველების მიერ მოტანილი უბედურებების ჩამოთვლაზე და კანტი–კუნტად თუ ვინმეს წამოცდება ის პოზიტიური, რაც მათ მოაქვთ.   შედეგი ამ ყველაფრის მხოლოდ ნეგატიურია და მიზანს არ აღწევს , თუკი მიზანი, რა თქმა უნდა, მოსახლეობის უსაფრთხოებაა. საქართველოში აგრესიაში გაზრდილ, ბუნების მიმართ მომხმარებლურად განწყობილ მოსახლეობას მეტწილად აგრესიული ჯიშის ძაღლები ჰყავს, რომლებსაც სპეციალურად აავებენ და შედეგად გვყავს მსოფლიოში ყველაზე უფრო ხშირად დაკბენილი მოსახლეობა, რომელსაც 85% შემთხვევებში, სწორედ რომ სახლის გაავებული, ცუდად აღზრდილი ძაღლი კბენს (კარგად დააკვირდით, ქუჩის უპატრონო ძაღლი კი არა, არამედ ოჯახის, სახლის ძაღლია დამკბენი).

 

მეორეა სახელმწიფო. იგი არ აღასრულებს კანონს, რომელიც ცხოველებს იცავს ადამიანის სისასტიკისგან. არის კანონი და არ არის მოქმედება. 259-ე მუხლი სულ რამოდენიმეჯერ გაჟღერდა ეთერში და ისიც მაშინ, როცა ამნისტიაზე იყო ლაპარაკი. რატომღაც ამ მუხლს ამნისტიის დროს არ ტოვებენ, მაგრამ ამ მუხლით დაპატიმრებული არავის უნახავს.

 

მესამეა ეკლესია, რომლის მოძღვრება ცხოველთა მიმართ დანდობას ასწავლის, მაგრამ საუბედუროდ მღვდლები, ბერები და მეუფენი უგულვებელყოფენ ტაძრების მიდამოებში ქრისტიანულ დღესასწაულებზე ცხოველების მსხვერპლად შეწირვის არაქრისტიანულ, წარმართულ აქტებს. სისხლით მოთხვრილი გზები მიგვიძღვებიან ტაძრისაკენ ღვთისმშობლობაზე, გიორგობაზე, შობაზე, აღდგომაზე. სასაფლაოებზე ცხვრების დაკვლა და მათი ნაშთების იქ დატოვება ტრადიციად იქცა. არც დავითის ფსალმუნები ახსოვს ვინმეს, სადაც გვასწავლიან, რომ არ შევწიროთ ცოცხალი არსება ღმერთს და არც შესაქმეში გაცხადებული ღვთის ნება ცხოველების მიმართ დანდობის შესახებ (დაინტერესებულებს ვთხოვ ბიბლიის სულ რამოდენიმე გვერდი წაიკითხონ და იქ ფაქტიურად ვეგეტარიანელობის მოთხოვნას ამოიკითხავენ).

 

დაბოლოს, ცნობადი სახეები და მოაზროვნეები, რომლებიც ურთიერთკრიტიკით და პოლიტიკური კინკლაობით არიან დაკავებული და არ ცდილობენ ხალხში ბუნების მეგობრის და მოსიყვარულე ადამიანის იდეალის დამკვიდრებას,  არ ეძიებენ და იძიებენ ბუნებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების, მასთან ჰარმონიაში თანაარსებობის უძველეს ტრადიციებს და ფასეულობებს.  ხოლო ის, ვინც შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე ამხელს საწამლავით შეიარაღებულ კარის მეზობელს ან ქუჩაში ქვამოღერებულ ადამიანებს, ვინც ფლორის და ფაუნის შენარჩუნებაზე ლაპარაკობს და იბრძვის ჯიხვების, კალმახების, ირმების პოპულაციების შენარჩუნებისათვის, მდინარეების გადარჩენისთვის, მოსახლეობის მხრიდან გიჟებად შეირაცხებიან, ხოლოდ კალამმოღერებული მოაზროვნენი ამ ხალხის ზრუნვის საგანს მეორეხარისხოვნად თვლიან.

 

მოგმართავთ თქვენ, ვისაც ოდნავ მაინც გეხებათ თქვენი ქვეყნის ბედი, ნახეთ ეს ვიდეოკადრები და ნახეთ მასშტაბი, რომელიც შეიძინა ამ უმსგავსობამ. მოგმართავთ, რომ იზრუნოთ ჩვენს ცხოველებზე, ჩვენს ხალხზე და ადამიანზე ამ ქვეყანაში.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი