კომენტარი

უპატრონო ქუჩის ცხოველთა პოპულაციის ჰუმანური მართვის შესახებ

25 იანვარი, 2013 • 2365
უპატრონო ქუჩის ცხოველთა პოპულაციის ჰუმანური მართვის შესახებ

გამარჯობათ,

 

ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ – ჩვეულებრივი ისტორიით… როგორც ჩემი თაობის მრავალი ადამიანი, მეც შევესწარი რეჟიმთა და იმპერიათა მსხვრევას, მეც გადავსახლდი საზღვარგარეთ და მერე არც თუ ისე ბევრი თანამემამულესავით სამშობლოს დავუბრუნდი.

 

იმ 8 წელიწადში მეც შევიცვალე და ჩემი ქვეყანაც შეიცვალა. ბევრი რამ მომხვდა თვალში მართებულად თუ არამართებულად, მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი მაინც უპატრონო ქუჩის ძაღლების და კატების უბედურმა ყოფამ და მათი ჭარბი რაოდენობის პრობლემის გადაუჭრელობამ მომაყენა. მხოლოდ ტკივილისა და ტირილისათვის არ დამითმია დრო. საქმიანობაც ვცადე. მივმართე ცხოველთა დაცვის საზოგადოებებს. ვიყავი თავმჯდომარის მოადგილე, დირექტორი და ასე შემდეგ, მაგრამ ცხოველთა უბედურების გადაჭრის გზების ძიებაში რაღაცნაირად გვერდზე გავდექი, თუმცა არ შემიწყვეტია მცდელობები ცხოველთა გადარჩენისათვის.

 

ბევრი სევდიანი ისტორია ვიცი, ბევრი არაჩვეულებრივი არსების გაუმართლებელ დაღუპვას შევესწარი. ბევრი ვერ გადავარჩინე, ცოტას დავეხმარე. არ შეგაწყენთ თავს ამ ამბების გრძლად მოყოლით.

 

საქმიანად რომ შევხედოთ საკითხს, პრობლემის სათავე ადამიანთა უპასუხისმგებლობასა და ცხოველთა გამრავლების ტემპშია. ადამიანთა უპასუხისმგებლობა (ანუ აყვანილი ცხოველის ქუჩაში გაგდება, ან სოფლიდან ქალაქში გადაგდება) საჭირო კანონდმებლობას ითხოვს. აქ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ პრობლემის ეს მხარე გადაიჭრას. ხოლო გამრავლების პრობლემის მოგვარება  კანონმდებლობის საქმეცაა და ასევე ვეტერინარული ჩარევის გარეშე ვერ გადაწყდება.

 

ფაქტია, რომ უპატრონო ცხოველთა პოპულაციის ჰუმანური მართვა საჭიროა 1. მათგან საზოგადოებისათვის დაავადებების გადადების თავიდან აცილების მიზნით, და 2. მათი პოპულაციის გეომეტრიული პროგრესიით ზრდით გამოწვეული სხვა პრობლემების აცილების მიზნით.

 

იმისათვის, რომ შევძლოთ პირველი ამოცანის გადაჭრა, ანუ ყველა უპატრონო ცხოველის ვაქცინაცია, აუცილებელია გადაიჭრას მეორე ამოცანა. ანუ ეს არის ურთიერთგადაჯაჭვული ამოცანები, სადაც კომპლექსური მიდგომით შეიძლება მხოლოდ საბოლოო მიზნის მიღწევა. ქუჩაში მხოლოდ ჯანმრთელი ვაქცინირებული და მეგობრულად განწყობილი ცხოველები უნდა გვყავდეს, რომელთაც პატრონაჟს გაუწევს ან რომელიმე ორგანიზაცია, ან აღრიცხული (ბუნებრივია, ასეთი აღრიცხვა უნდა მიმდინარეობდეს) ფიზიკური პირი.

 

 

ყველაზე მტკივნეული და გადაუჭრელი პრობლემა რატომღაც ცხოველთა რაოდენობის ზრდაა. ჩემი დაკვირვებით, ყველა არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც (რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ),  ცხოველთა და განსაკუთრებით მდედრი ძაღლების და კატების ქირურგიულ სტერილიზაციას ქადაგებენ, როგორც შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ სწორ გამოსავალს.

 

 

მეც მივემხრობოდი ამ მიმართულებას, რომ არა რამოდენიმე დამაფიქრებელი ფაქტორი: არ არსებობს სტაციონარული ვეტერინარული პუნქტები, სადაც ეს ცხოველები პოსტ–ოპერაციულ მკურნალობას გაივლიან 2 კვირის განმავლობაში მაინც და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდებიან ქუჩას უკვე აცრილები და სტერილურები. რატომ 2 -კვირიანი პოსტოპერაციული მკურნალობა? იმიტომ, რომ მდედრი ცხოველისათვის საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოჭრა საკმაოდ აგრესიული ქირურგიული მანიპულაციაა, რომელიც მრავალი ნაკერით მთავრდება. ცხოველმა კი, რომელიც არაა ადამიანი, არ იცის, რომ არ უნდა მოიფხანოს და არ უნდა მოიგლიჯოს ეს ნაკერები. შესაბამისად, ისე როგორც მოხდა იუგოსლავიის ერთერთ ქვეყანაში, ქუჩაში გვეყოლება ნაწლავებ–გადმოყრილი, პერიტონიტით დაავადებული მომაკვდავი ძაღლები და კატები.

 

და მეორე,  იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაფინანსდება ყველა ვეტერინარი და ყველა ჩაატარებს ამ ოპერაციას უსაფრთხოდ და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის უზრუნველყოფით, ძაღლების გამრავლების ტემპს საეჭვოა რომ დაეწიონ და გაუსწრონ კიდეც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაიბადებიან ახალი ლეკვები და ახლა ისინი შეავსებენ მათი მომავალი პაციენტების რიგს. ხოლო საზოგადოებას თავის სატკივარი არ მოეშლება.

 

არ გამიგოთ ისე, რომ თითქოს მე ამ ოპერაციების წინააღმდეგი ვიყო. მე ვთვლი, რომ ოჯახურ პირობებში ასეთი ოპერაციის გაკეთება, თუკი სანდო ვეტერინარულ კლინიკასთან გაქვს ურთიერთობა, ოპტიმალურია. ცხოველიც დაცულია და პატრონიც.

 

რაც შეეხება ქუჩის ცხოველებს, მხოლოდ ქირურგიული ოპერაციებით ამოცანის გადაჭრა შეუძლებლად მესახება. იგივეს ამტკიცებენ ის ვეტერინარებიც, ვინც ანალოგიურ სიტუაციებთან საბრძოლველად არიან წარგზავნილი ინდოეთსა და პაკისტანში. იქ, სადაც არაკონტროლირებადი სიტუაციაა, იქ, სადაც მოსახლეობა სპონტანურად აგდებს და იშორებს ცხოველს და ტოვებს ქუჩაში, იქ, სადაც ცხოველები ქუჩაში მრავლდებიან, მხოლოდ ქირურგიით ფონს ვერ გავალთ. აუცილებელია მედიკამენტური ჩარევა, რომელიც უფრო იაფია, უფრო იოლია და პოტენციურად უფრო მასობრივი ხასიათი შეიძლება მიეცეს.

 

დღემდე ისმოდა და ისმის არგუმენტები, რომ ქირურგიული ჩარევის გარდა ყველა სხვა საშუალებები არის ჯანმრთელობისათვის საზიანო. გასაგებია, ღმერთმანი, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ვინ თქვა, რომ ქირურგიული ოპერაცია არაა მავნე ორგანიზმისთვის? ვის არ სმენია იმ გვერდითი მოვლენების შესახებ, რასაც ასეთი ჩარევა იწვევს ორგანიზმის ჰორმონალურ ფუნქციებში? თუ ზემოთ ხსენებულ პოსტოპერაციულ გართულებებს და შესაძლო ფატალურ აღსასრულს ავიცილებთ თავიდან, შემდგომი გართულებებიც კარზეა მომდგარი. არაა გამორიცხული და ხშირია ჭარბი წონა, დიაბეტი და გულის დაავადებები. ნაოპერაციევ ძუ ძაღლებს, ისევე როგორც ხვადებს, ხშირად სჭირდებათ სპეციალური დიეტური კვება, რომ მათი წონის კონტროლი მოხდეს. ასე რომ, არგუმენტი, თითქოს ქირურგია აბსოლუტურად უსაფრთხოა და უმჯობესია მედიკამენტურ კონტრაცეფციასა და სტერილიზაციაზე, ფაქტიურად უსაფუძვლია ან ნაკლებ ვალიდურია, მით უმეტეს, იმ განვითარებების ფონზე, რასაც მსოფლიო ვეტერინარია განიცდის.

 

 

ახლა შევუდგეთ განხილვას, თუ რა ხდება მედიკამენტური კონტრაცეფციის და სტერილიზაციის სფეროში. საქმე იმაშია, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ძვრები ხდება. მაშინ, როცა საქართველომ მხოლოდ ახლა გაიღვიძა და ცხოველების პოპულაციის მართვის ჰუმანურ მეთოდებზე დაფიქრდა, მსოფლიომ ფაქტიურად ქირურგიის მედიკამენტებით ჩანაცვლება დაიწყო.

 

 

2012 წელს ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ მრავალწლიანი ცდების შემდეგ წარმოებაში გაუშვა და გასაყიდად დაუშვა მედიკამენტი Zeuterin–ი, რომელიც მამრი ძაღლების 1 (ერთი) აცრით იძლევა მათი სულ მცირე 3–4 წლით სტერილიზაციის საშუალებას. ეს საოცარი მედიკამენტი დიდი ხანია გამოიყენებოდა ბრაზილიაში Esterisol–ის სახელით. და მისი ეფექტიც ცნობილია. მას რიგი პლუსები გააჩნია ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით. მამრი ძაღლების ქირურგიული კასტრაციისგან განსხვავებით, იგი არ იწვევს ძაღლის შინაგანი ბუნების ცვლილებას. ცხოველმა არ იცის, რომ იგი სტერილურია. ქირურგიული კასტრაციის შემდეგ მამრი ძაღლი სულ ცოტა ხანში ხდება არატერიტორიული და ნაკლებ აგრესიული ბუნება უყალიბდება. იგი იოლად უთმობს ადგილს და თანაარსებობს სხვა მამრ ძაღლებთან, რომლებიც შესანიშნავად ართმევენ თავს ახალი თაობის შექმნას და, შესაბამისად, ვეტერინარებისათვის ახალი პოტენციური პაციენტების რიგიც იზრდება. რაც შეეხება ქიმიურ მედიკამენტს, რომელიც არც არაფერია თუ არა თუთიის გლუკონატი და არგინინი, მისი გამოყენების შემდეგ მამრი ძაღლი არავისაც არ უთმობს ტერიტორიას და ღრმად დარწმუნებული თავის სწორუპოვრობაში, ცდილობს მომავალი თაობის დატოვებას. მისთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ, იგი ამას ვეღარ ახერხებს. და კიდევ უფრო უკეთესი: იგი არც სხვა ძაღლებს უშვებს თავის ტერიტორიაზე და თავის ძუ მეგობრებს იცავს.

 

 

ახლა გადავხედოთ მდედრი ძაღლების მედიკამენტური სტერილიზაციის შესაძლებლობებს. ამჟამად ამერიკელი მეცნიერები ინდოეთში ცდიან პრეპარატს სახელით Chamspay. მისი მიღება 2–3 წლის განმავლობაში მდედრი ძაღლის უნაყოფობას განაპირობებს. ეს პრეპარატი მისმა ავტორმა უკვე გამოსცადა თავის ძაღლებზე და შედეგით მეტად კმაყოფილია.

 

 

გარდა ამისა, ევროპაში დიდი ხანია ცნობილია ისეთი იმპლანტები, როგორიცაა გონაზონი( Gonazone). ეს იმპლანტი მდედრის გონადოტროპინის გამოყოფის მექანიზმში ერევა და 2 წლით მის უნაყოფობას განაპირობებს. იმპლანტის გვერდითი მოვლენები ყველაზე უარეს შემთხვევაში არის ვაგინიტი, რომელიც გადმოყრილ ნაწლავებს, პერიტონიტს, ჭარბ წონას და დიაბეტს, მგონი, უნდა ჩამოუვარდებოდეს სიმწვავით.

 

 

ეს სია გრძელია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გააგრძელოს კითხვა. გირჩევდით “ამერიკის კატებისა და ძაღლების კონტრაცეფციის ალიანსის” ვებ გვერდით დაგვეწყოhttp://www.acc-d.org/News.

 

“ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ კატების და ძაღლების არაქირურგიული ჰუმანური კონტრაცეფციის მეთოდების დანერგვას და ამ მეთოდების და მედიკამენტების გავრცელებას მთელ მსოფლიოში” – ვკითხულობთ ალიანსის მისიაში.

 

ჩემი მოსაზრებაა მოხდეს ამ მედიკამენტების შერჩევა, ჩამოტანა და რომელიმე პატარა ქალაქში მაინც მათი გამოყენება პარალელურად ქირურგიული მანიპულაციებისა. შემდეგ სტატისტიკურად აღრიცხვა და პოპულაციის დინამიკის დაკვირვება. მას შემდეგ, რაც ეს პროექტი წარმატებით დამთავრდება, მისი გადმოტანა დედაქალაქის მასშტაბებში.

 

იმედია, ეს წერილი შეუმჩნეველი არ დარჩება და ასევე არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი