კომენტარი

გიორგი მშვენიერაძე: რატომ ვუკრძალავთ 16 წლის ადამიანს სექს-სათამაშოს გამოყენებას?

7 დეკემბერი, 2012 • 3002
გიორგი მშვენიერაძე: რატომ ვუკრძალავთ 16 წლის ადამიანს სექს-სათამაშოს გამოყენებას?

არსებობს თუ არა განმარტება კანონში, რას ნიშნავს სექსუალური ხასიათის პროდუქცია?

სექსუალური პროდუქციის განმარტება, როგორც კანონპროექტშია გამოყენებული, ასე პირდაპირ არ არსებობს, თუმცა არსებობს სექსუალური პროდუქციის რეკლამის განმარტება. თუ სიტყვა რეკლამას ამოვიღებთ, გვრჩება განმარტება, თუ რას წარმოადგენს კანონის მიზნებისათვის სექსუალური ხასიათის პროდუქცია. ამ განმარტებიდან გამომდინარე, გამოდის, რომ ეს არის ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სექსუალური დანიშნულებით, ასევე, სამკურნალოდ და თავდაცვის საშუალებად. ჩემი აზრით, ზემოხსენებული დებულების შესაბამისად, მსგავს პროდუქციას უნდა განეკუთვნებოდეს  პრეზერვატივის სხვადასხვა სახეობა, ე.წ. სექ–სათამაშოები, სხვადასხვა პრეპარატები და ა.შ.

გიორგი მშვენიერაძე
გიორგი მშვენიერაძე

იძლევა თუ არა ეს განმარტება ინტერპრეტაციის საშუალებას და შესაძლებელია თუ არა უფრო მეტად დაკონკრეტდეს, რა იგულისხმება სექსუალური ხასიათის პროდუქციაში?

აუცილებელია, ეს ტერმინი ზუსტად დაკონკრეტდეს. მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა კანონმდებელს პირდაპირ გამოეყენებინა ის სიტყვა, რომელსაც მოერიდა, სავარაუდოდ. როგორც მე ვხვდები, იგივე ბავშვის უფლებების კონვენციიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ბავშვი უნდა იყოს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში, იგულისხმება პორნოპროდუქციის გავრცელება და ხელმისაწვდომობა ბავშვებისათვის, რაც უნდა იყოს შეზღუდული.

 

კანონმდებელმა რაღაც უფრო ვრცელი ტერმინი შემოიტანა, რომელიც ძალიან ბუნდოვანია, ნორმის განჭვრეტადობის პრინციპს ვერ აკმაყოფილებს, რამაც შეიძლება ძალიან ცუდი განმარტების უფლება მისცეს როგორც მაკონტროლებელ ორგანოს, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს. ის, რომ კომიტეტის აპარატის რომელიღაც თანამშრომელმა განმარტა, რომ ის ამაში ამას არ გულისხმობს, საკმარისი არ არის. კომიტეტის წევრის განმარტებით ვერ იხელმძღვანელებს ვერავინ. თავის დროზე მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში ასეთი განმარტება იყო, შემდეგ ეს ამოიშალა და სხვადასხვა კანონებში გადანაწილდა სხვადასხვა დასახელებებით. ვფიქრობ, ამ სიტყვის არავის არ გვეშინია და განმარტება პირდაპირ უნდა ყოფილიყო.

მოდის თუ არა ეს საკანონმდებლო ინიციატივა წინააღმდეგობაში სხვა რომელიმე კანონთან?

ჩვენი კანონმდებლობით, 16 წლის ადამიანს აქვს სექსუალური ცხოვრების აბსოლუტური თავისუფლება, მას შეზღუდვებით, მაგრამ მაინც შეუძლია იქორწინოს და მასთან სქესობრივი თანაცხოვრება არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. პირობითად ავიღოთ რომელიმე, თუნდაც, სექსსათამაშო, რატომ ვუკრძალავთ ჩვენ 16 წლის ადამიანს მის გამოყენებას? – ეს აბსოლუტურად გაუგებარია.
საქართველოს კანონმდებლობა 14–დან 18 წლამდე არასრულწლოვანს აძლევს უფლებას, საკუთარი ჯანმრთელობის, მათ შორის სქესობრივად გადამდები დაავადების, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია არ გახადოს ხელმისაწვდომი მშობლებისათვის და ასევე თავად გასცეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების მიღებაზე. ისიც კი, რომ აბორტი გაიკეთოს 14 წელს მიღწეულმა ადამიანმა, მშობელს არ უნდა შეატყობინოს ექიმმა, თუკი მისი სურვილი არ არის, კონტრაცეფციის შესახებ არ უნდა შეატყობინოს ექიმმა და ამავდროულად ვეუბნებით, რომ ამას და ამას არ მოგყიდი, ანუ სამედიცინო ხელმისაწვდომობის კუთხითაც ამან შეიძლება ბევრი პრობლემა წარმოშვას.

თქვენ თქვით, რომ არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში ასეთი განმარტება იყო, რომელიც შემდეგ ამოიშალა და სხვადასხვა კანონებში გადანაწილდა. არის თუ არა საჭიროება, რომ კანონში შევიდეს ცვლილება და გაჩნდეს ასეთი ჩანაწერი?

საკითხავია, იდეა რამდენად ემსახურება იმ მიზნებს, რაც კანონმდებელს უნდოდა გაეკეთებინა. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ პროექტის შექმნის იდეა ყოფილიყო, რაღაც საფრთხეები წარმოექმნა საზოგადოებისთვის. მე ვფიქრობ, ამის მიზანი უნდა ყოფილიყო, რომ პორნოგრაფიისგან ყოფილიყო დაცული მცირეწლოვანი ბავშვი. ამიტომ ეს არის აუცილებლად დასაკონკრეტებელი, თუ რა პროდუქცია მოიაზრება ამაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი