ახალი ამბები

უსაფრთხო სექსის წესები კორონავირუსისას: თავშეკავება ან მასტურბაცია

5 მაისი, 2020 • 12151
უსაფრთხო სექსის წესები კორონავირუსისას: თავშეკავება ან მასტურბაცია

გადადის თუ არა ახალი კორონავირუსი სექსით? – ამჟამინდელი მონაცემებით, არა. ვირუსი ჯერ არც სპერმაში აღმოუჩენიათ და არც ვაგინალურ სითხეში. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ COVID-19-ით დაინფიცირების რისკი მაღალია 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის შემთხვევაში, ასევე ნერწყვით, ხველებითა და ცემინებით, უსაფრთხო სექსი ამ კუთხით არ არსებობს.

პანდემიის ეპოქაში სპეციალისტების უმთავრესი ინსტრუქცია მარტივია: თუ პარტნიორები დიდი ხნის განმავლობაში ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და არც ვირუსის ნიშნები აღენიშნებათ, შეუძლიათ, დაკავდნენ სექსით ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით. თუმცა, თუ ისინი მცირე ხნის წინ შეხვდნენ ერთმანეთს და გარანტიებიც არ არსებობს, თავშეკავება ერთადერთი გამოსავალია.

ყველაზე უსაფრთხო სექსუალური პარტნიორი საკუთარი თავისთვის თქვენ ხართ – ასეთია ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინსტრუქცია.

“მასტურბაციით COVID-19 არ გავრცელდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელებს დაიბანთ (ან სექს-სათამაშოს გარეცხავთ) საპნითა და წყლით, პროცესამდე 20 წამით ადრე და მისი დასრულებიდან ამდენივე ხნის შემდგომ”, – წერს უწყება.

შემდგომ უსაფრთხო პარტნიორად დეპარტამენტი უახლოეს პარტნიორს ასახელებს, ასეთივე უახლოესი კონტაქტებით.

ჩიკაგოში მომუშავე სექსოლოგი ჯენიფერ ლითნერი რეკომენდაციებს ეთანხმება და USA TODAY-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების დაცვის ტენდენცია უკვე შეიმჩნევა, რის ერთ-ერთ მაგალითადაც სექს-სათამაშოებისადმი გაზრდილ მოთხოვნას ასახელებს.

“თვითსიამოვნება ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზაა, დაკავდე სექსით და იყო ნაკლებ სარისკო საკუთარი თავისთვის”, – ეუბნება სექსოლოგი გამოცემას.

აღნიშნულს სხვებიც ეთანხმებიან, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ვირუსის კრიზისით ისედაც დასტრესილი ადამიანებისთვის სექსი უფრო სასარგებლოა, ვიდრე თვითსიამოვნება. USA Today-ის კიდევ ერთი რესპონდენტი, სპეციალისტი კატერინ ზაგონე აღნიშნავს, რომ პარტნიორებს შორის სექსი ზრდის ოქსიტოცინის დონეს (“სიყვარულის ჰორმონი”), ამცირებს სტრესს, არტერიულ წნევასა და ტკივილის დონეს. ჯამში კი, დადებითაც აისახება მენტალურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე.

და მაინც, ნებისმიერი შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ სექსი გაქვთ, თუმცა ურთიერთობის ისტორია მცირეა და არც დიდხანს გიცხოვრიათ პარტნიორთან ერთად ერთ ჭერქვეშ, სექსის დროს ზოგადი რეკომენდაციების დაცვა ურიგო არ იქნებოდა. ამ ნაწილში ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი წერს:

  • კოცნით COVID-19 მარტივად ვრცელდება. მოერიდეთ კოცნას ნებისმიერ პირთან, რომელიც თქვენი ვიწრო წრის ან ახლო კონტაქტების ნაწილი არ არის.
  • კონდომებითა და პირის დამცავებით ნერწყვთან და ფეკალურ ნაწილაკებთან კონტაქტის შემცირება შესაძლებელია, განსაკუთრებით ორალური და ანალური სექსის დროს.
  • დაბანა სექსამდე და მას შემდეგ მნიშვლეოვანია როგორც არასდროს.
  • ყოველთვის დაიბანეთ ხელები საპნითა და ცხელი წყლით 20 წამის განმავლობაში.
  • გარეცხეთ სექს-სათამაშოები საპნითა და ცხელი წყლით.
  • დეზინფექცია გაუკეთეთ კლავიატურასა და სენსორულ ეკრანებს, რომელთაც სხვებთან იზიარებთ (ვიდეო ჩატებისათვის, პირნოგრაფიის საყურებლად თუ სხვა დანიშნულებით).

დეპარტამენტი ასევე ურჩევს ადამიანებს, განსაკუთრებით აკონტროლონ და აირიდონ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ასევე, დაუგეგმავი ორსულობა.

მონეტის ორი მხარის პრინციპი კორონავირუსისა და სექსის შემთხვევაშიც ამართლებს. შეზღუდვა ბევრია, თუმცა ეს ფაქტი ზოგჯერ ისეთ დეტალებზე გვამახვილებინებს ყურადღებას, რომელთაც იქამდე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით. მაგალითად, სექსამდე უფრო მეტი დრო გვაქვს ურთიერთობის პერსპექტივებზე დასაფიქრებლად.

“იქამდე, რაღაცებს ცოტათი უფრო სწრაფად ვაკეთებდი. ახლა მსურს, მეტად გავერკვე, იგივე სურთ თუ არა პარტნიორებს, რაც მე მინდა”, – აღნიშნავს ბიზნეს-ბრენდინგის მწვრთნელი ეშლი სპედალი, რომელიც მიიჩნევს, რომ სექსის გზაზე ვირუსის მიერ დაწესებული შეზღუდვები რიგი საკითხების გაანალიზებაში უფრო მეტად ეხმარება. თუმცა, მათ, ვინც მოთმინებით არ გამოირჩევა, ურჩევს, ტექნოლოგიას მიმართონ: მაგალითად, ვიდეოჩატს.

ახალ კორონავირუსზე ბევრი რამ კვლავაც უცნობია და მათ შორისაა მისი გავლენა სექსსა და ურთიერთობებზე. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცოდნა, რას გრძნობენ და როგორ იქცევიან ადამიანები მსგავს საგანგებო სიტუაციებში, მნიშვნელოვანია, რათა შემდგომში მსგავს მოვლენებს უფრო მომზადებულნი შევხვდეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი