კომენტარი

ინტერვიუ ნინა ხატისკაცთან

7 ნოემბერი, 2012 • • 957
ინტერვიუ ნინა ხატისკაცთან

ქალბატონო ნინა, თქვენ კანდიდატურა მოხსენით თამარ გურჩიანის სასრგებლოდ, თუმცა დღეს გავიგეთ, რომ ხართ უმრავლესობის კანდიდატი სახალხო დამცველის პოსტზე, რომელსაც პარლამენტს წარუდგენენ, რატომ შეცვალეთ თქვენი  გადაწყვეტილება?


გადაწყვეტილება შევცვალე იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ არ ვყოფილიყავი გურჩიანის კონკურენტი. ჩემი კანდიდატურის მოხსნა არ ნიშნავდა, რომ გურჩიანის კანდიდატურა ავტომატურად გახდებოდა სახალხო დამცველი. ის პოლიტიკური კონსესუსი, რომელიც ჩემი კანდიდატურის ირგვლივ არსებობდა, არ არსებობდა თამარ გურჩიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ეს იყო პირველი და ერთადერთი საკითხი, რომელზეც გავიარე კონსულტაცია უმრავლესობასთან. მე დავსვი კითხვა, ჩემი კანდიდატურის ხელახლა მოხსნა რით წაადგებოდა თამარ გურჩიანს, მივიღე პასუხი, რომ ეს არ ნიშნავდა გურჩიანის კანდიდატურის გასვლას და მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსესუსი არ იყო. აქედან გამომდინარე, მე მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო შემოთავაზებაზე განვაცხადე თანხმობა, თავს არ ვგრძნობ კომფორტულად, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, დიდი გამოწვევა, ჩემი აქამდე განხორციელებული საქმიანობით, საქმისადმი პრინციპული მიდგომით და იმ ღირებულებებისადმი ერთგულებით, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია და ასევე ვაპირებ ჩემი საქმიანობის გაგრძელებას. ეს არჩევანი უმრავლესობის მხრიდან, რომელიც ჩემი კანდიდატურის მიმართ გამოითქვა, მე მაფიქრებინებს, რომ მათ უნდათ მიუკერძოებელი, პრინციპული და დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, ისეთი, როგორადაც ჩემი თავი მიმაჩნია.


სხვა კანდიდატები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეთავაზეს უმრავლესობას. თქვენ ხართ თავად უმრავლესობის კანდიდატი. როგორ აფასაებთ არასამთავრობოების შეთავაზებული კანდიდატების  უგულვებელყოფას უმრავლესობის მხრიდან?


მე არ დაგეთანხმებოდით ამ განმარტებაში, რაც თქვენ გააკეთეთ: ოთხი კანდიდატურიდან ყველა არ იყო სამოქალაქო საზოგადოების ფავორიტი. ჩემი კანდიდატურის შემთხვევაში, როცა პირველად გაიჟღერა, ერთი დღის განმავლობაში იყო შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფი და ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერა მიდიოდა, თუმცა მე მაშინვე განვაცხადე უარი და ვთქვი, რომ ნუ განიხლავთ ამ საკითხს. მე შეგახსენებთ, რომ მოვდივარ სამოქალაქო სექტორიდან და ძალიან დამაინტერესებს, თუ ჩემ მიმართ გავიგებ ობიექტურ შეფასებებს, თუ რატომ შეიძლება ვიყო ცუდი სახალხო დამცველი. მიმაჩია, რომ დღესაც რომც დადგეს ჩემი კანდიდატურა, სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემ გვერდით დადგება. მთელი დღის განმავლობაში ვიღებ გამოხმაურებას სამოქალაქო საზოგადოებიდან. ერთადერთი მიზეზი  ჩემი კანდიდატურის კამპანიაში ჩაურთველობის გახლდათ ის, რომ თავად მოვიხსენი  კანდიდატურა და  ჩავთვალე, რომ არასამთავრობოების დიდი ნაწილისთვის უნდა მეცა პატივი და პირველ რიგში, თამუნა გურჩიანისთვის, რომელიც იყო და არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი. უბრალოდ, როდესაც  არის ასეთი სიტუაცია, რომ ის არჩევანი, რომელიც გააკეთა სამოქალაქო საზოგადოებამ, სავარაუდოდ არ იყო მხარდაჭერილი უმრავლესობის მხრიდან, რა პოზიციას ელოდება საზოგადოება ჩემგან?


კიდევ ერთხელ რომ არ დათანხმებულიყავით?


რა თქმა უნდა, გაგრძელდებოდა ძიება. თქვენ მოგეხსენებათ, განიხილებოდა გიორგი გოგიას და გიორგი ჩხეიძის კანდიდატურა და სავარაუდოდ გაგრძელდებოდა ძიება, სანამ მისაღები კანდიდატურა არ იქნებოდა ნაპოვნი. აუცილებლად მინდა გავუსვა ხაზი, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ ის კანდიდატურა, რომელიც აქამდე იყო დასახელებული, მხოლოდ მას შეიძლება ჰქონდეს ეს მხარდაჭერა. სამოქალაქო საზოგადოება, მისი დიდი ნაწილი ჩამოყალიბდა, რომ კონკრეტული კანდიდატისთვის გაეწიათ ლობირება, ამაში ცუდი არაფერია, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ერთი და ორი ადამიანი არ არის საქართველოში, რომელიც შესაფერისია სახალხო დამცველისთვის.


თქვენ თქვით, რომ უმრავლესობას აქვს ნება, ჰყავდეს პრინციპული სახალხო დამცველი.


მე შევაფასე ამ შემთხვევაში ჩემი თავი.


იმ კანდიდატურებიდან, რომლებიც იყვნენ წარდგენილნი, თუნდაც თამარ გურჩიანი, რომლის სასარგებლოდაც მოხსენით თქვენი კანდიდატურა, რატომ არ არის მისაღები უმრავლესობისთვის?


მე არ ვიტყოდი, რომ მისაღები არ არის, იქ, სავარაუდოდ, ყველას ჰყავდა თავისი ფავორიტი, უბრალოდ პოლიტიკური კონსესუსია საჭირო, ამას ჭირდება 76 ხმა და 76 ადამიანის მხრდაჭერა, თამუნა გურჩიანი არის ის კანდიდატი, რომელსაც ორივე ხელით დავუჭირე მხარი სწორედ იმიტომ, რომ ვიცი მისი პრინციპული დამოკიდებულბა საქმისადმი, ვიცი მისი პროფესიონალიზმი და ის, რომ გავლენის მოხდენა ამ ადამიანზე პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ რატომ არ იყო კონსესუსი მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, უპრიანია უმრავლესობის წევრებს ჰკითხოთ, მე თავად შევეცადე ამის გამორკვევას, მაგრამ რაც ვიცი, არის ის, რომ ჩემი კანდიდატურაა, რომელიც მაქსიმალურად კონსესუსის საფუძველზე იქნა განხილული. ეს არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას  გურჩიანისადმი, უბრალოდ მე ვერ ვხდავ, როგორ დავეხმარებოდი ჩემი კანდიდატურის მოხსნით მისი კანდიდატურის მხარდაჭრას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა, თუმცა შეიქმნა ჩიხური სიტუაცია და ეს პროცესი უნდა დასრულებულიყო და კანდიდატურა უნდა გამოჩენილიყო.

 

ჩამოთვლილი კანდიდატები იღებდნენ სხვადასხვა დისკუსიებში მონაწილეობას და მათ უწევდათ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, თქვენ ამ პროცესში არ იყავით ჩართული, ეს გააჩენს თუ არა უსამართლობის შეგრძნებას?


მე არ ვგრძნობ თავს კომფორტულად იმის გამო, რომ ამ პროცესს მოწყვეტილი ვიყავი, ერთი კონკრეტული მიზეზით, მე სხვა კანდიდატს მივეცი შანსი, ყოფილიყო უმრავლესობის რჩეული, თუმცა მხოლოდ ამის გამო უარის თქმა რთული იქნებოდა, ჯერ კანდიდატურის განხილვა არ დასრულებულა, მე ხვალ მივდიდვარ არაფორმალურ შეხვედრაზე უმრავლესობასთან, უახლოეს დღეებში მექნება შესაძლებლობა ვისაუბრო და ყველა დაინტერესებულმა მხარემ გაიგოს ჩემი მოსაზრება


გარკვეული შეკითხვები გაჩნდა თქვენს მეუღლესთან დაკავშირბით, ის “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო წინასაარჩევნო პერიოდში, ხომ არ შეგიქმნით ეს ინტერესთა კონფლიქტს?


ჩემი მეუღლე არ არის  “ქართული ოცნების” წევრი, ის არ ყოფილა კოალიციის შტაბის ხელმძღვანელი, აქტიურად საქმიანობდა შტაბში, იყო აქტივისტი და ეხმარებოდა  თავის მეგობარს, დეპუტატს, რომელიც მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ინტერესთა კონფლიქტი სხვა რამეა, მისი საქმიანობა და პოსტი უნდა იყოს შეუთავსებელი ჩემს საქმიანობასთან,  ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ჩემს საქმიანობაზე გავლენა არ მოუხდენია სხვადასხვა ადამიანებთან  სიახლოვეს. ის, რომ უმრავლესობაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, ეს არასდროს არ ყოფილა ჩემი პოზიციის განმსაზღვრელი. ჩემი ქმარი არ არის გადაწყვეტილების მიმღები და თანამდებობის პირი, უბრალოდ იმის თქმა, რომ იგი იზიარებს მათ ხედვებს და ამის გამო მე ვიქნები არაპრინციპული სახალხო დამცველი, ჩემთვის სასაცილოა ამაზე საუბარი. ყველაფერს დრო აჩვენებს და ძალიან მარტივად შეიძლება ამის ლუსტრირება, თუ ჩემს კანდიდატურას ექნება მხარდაჭერა პარლამენტში და შევუდგები ამ საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი