კომენტარი

უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო რელიგიურ კონფლიქტში?

5 ნოემბერი, 2012 • 1464
უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო რელიგიურ კონფლიქტში?

უნდა ჩაერიოს თუ არა სამართალდამცავი უწყებები რელიგიურ კონფლიქტში? – როგორც დღეს, 5 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, როდესაც საქმე რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაძაბულობას ეხება, ინციდენტის ამოწურვის საშუალება ჯერ ეკლესიას უნდა მიეცეს:

“იქ დაპირისპირების ფარგლებში თუ მოხდა ხელით შეხება, ცემა, შეურაცხყოფა და რელიგიური თავისუფლების შელახვის ფაქტი, ეს არის უკვე მეორე ნაწილი საქმის და ამით უნდა დაკავდეს პროკურატურა”, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, არ არის აუცილებელი გამოიკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაული იმისთვის, რომ სახელმწიფო კონფლიქტში ჩაერიოს:

“ყველას აქვს რელიგიის თავისუფლების უფლება, რაც გულისხმობს არა მარტო რწმენის, არამედ ამ რწმენის გამოხატვის და რელიგიური წეს–ჩვეულებების აღსრულების უფლებასაც. რა თქმა უნდა, ყველას აქვს აგრეთვე უფლება გამოხატოს წინააღმდეგობა, ან გააპროტესტოს სხვისი რელიგიური წეს–ჩვეულებების აღსრულება, თუმცა არავის არ აქვს უფლება ამ გამოხატვით ხელი შეუშალოს კონკრეტულ ჯგუფს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობაში. მოხდება თუ არა ხელშეშლა და მეტიც, წარმოიშობა თუ არა ხელშეშლის საფრთხე, ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს ამ საფრთხის განეიტრალება. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს იმიტომ, რომ ეს საფრთხე არ იქცეს შედეგად. ხოლო თუ შემდეგ ქმედებებში გამოიხატა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, უნდა დაიწყოს გამოძიება კონკრეტული პირების წინააღმდეგ”, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

მისი თქმით, შესაძლოა დაპირისპირება სულაც არ მივიდეს ხელით შეხებამდე:

“შეიძლება ხელით შეხება სულაც არ მოხდეს, მაგალითად, მე ავდგე და გადავუკეტო ვინმეს მისასვლელი სალოცავთან, არსებობს პასიური ხელშეშლა, ანუ შეიძლება არ მიხვიდე და არ გამოყარო ადამიანები სალოცავიდან, მაგრამ მიხვიდე და მათზე ადრე დაიკავო მათი სალოცავი. არანაირი ხელშეშლა დასაშვები არ არის”, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

დღეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს და ნიგვზიანში მომხდარი ინციდენტის გამოძიება მოითხოვეს:

“რომ არ მივიღოთ რელიგიურ ნიადაგზე სერიოზული ადგილობრივი კონფლიქტი, რაც დამღუპველი იქნება, ჩვენ არ ვახდენთ ძალის დემონსტრაციას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

უნდა ჩაერიოს თუ არა სამართალდამცავი უწყებები რელიგიურ კონფლიქტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი