კომენტარი

‘მეცხრე არხი’ – პრემიერ-მინისტრის ლაქა

2 ნოემბერი, 2012 • 1256
‘მეცხრე არხი’ – პრემიერ-მინისტრის ლაქა

თქვენ ალბათ გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე განაცხადა, რომ არ სურს ტელევიზიის მიმართ ეჭვები გაჩნდეს და ამ მიზეზით ტელევიზიას გაყიდის, თუმცა “მეცხრე არხის” გაყიდვის პროცესი არ არის დაწყებული. როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე, როცა ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაშია “მეცხრე არხი”, რა ტიპის საფრთხეების შემცველია ეს მედიისთვის და როგორ უყურებთ ამ პროცესებს?

 

ის მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს, არ არის კანონთან კონფლიქტში და ეს ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ. თუ ეკატერინე ხვედელიძე იქნებოდა “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, რაზეც იყო საუბარი, მაშინ მას არ ექნებოდა ტელევიზიის ფლობის უფლება, მაგრამ კანონთან შესაბამისობაში ყოფნის გარდა, რა თქმა უნდა, არის მეორე და არანაკლებ მთავარი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჯანსაღი შეიძლება იყოს მდგომარეობა მედიაში, როცა ერთ-ერთი ტელევიზიის მფლობელი არის პრემიერ მინისტრის მეუღლე. ეს უხერხულობა ყოველთვის ახლდა ამ ტელევიზიას. თუმცა არჩევნების წინა ეტაპზე გადაიჭრა იმით, რომ შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ და ახლაც შედიან ის ადამიანები, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი თავისი პროფესიონალიზმით. გარკვეულწილად ჩაითვალა, რომ ეს არის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი.

 

კიდევ ერთი საკითხი, არჩევნებამდე მედიის რამდენიმე მონიტორინგი ჩატარდა, მათ შორის ერთ-ერთი გაეროს განვითარების ფონდის მიერ. ამ მონიტორინგში ნათლად ჩანდა, რომ “მეცხრე არხი” არ იყო პროპაგანდისტული ტელევიზია. შუალედურ ანგარიშში “ქართული ოცნების” მიმართ დადებითი ტონი მხოლოდ 6% იყო, როცა იმავე შუალედურ ანგარიშში “საზოგადოებრივ მაუწყებელში”, რომელიც ითვლება, რომ დაბალანსებულად აშუქებდა მოვლენებს, დადებითი ტონი პრეზიდენტის მიმართ 61% იყო.
არჩევნების დასრულების შემდეგ, როცა ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, ვითარებაც გარკვეულწილად შეიცვალა.

 

დიახ, არჩევნებმა ჩაიარა. აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი. ამ დროისთვის შეგვიძლია ვილაპარაკოთ ორ ფაქტორზე: ერთი – ეს არის მორალური ფაქტორი და მეორე – ეს არის რაციონალური ფაქტორი. თუკი ტელესივრცეში გაჩნდებიან ისეთი ტელევიზიები, რომელთაც ექნებათ პოლიტიკური ინტერესი და თუ ტელევიზიებში პოლიტიკური ფული ჩაიდება და ეს ტელევიზიები იქნებიან პოლიტიკური ინტერესების გამტარებელნი, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ექნება სერიოზული არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ტელევიზია არ გაყიდოს.

 

ჩვენ ვიცით, რომ “მეცხრე არხი” შეიქმნა იმიტომ, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს საინფორმაციო უზრუნველყოფა ჭირდებოდა. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს პოლიტიკური ინტერესი არ არის პროპაგანდისტული.

 

ამ ეტაპზე ვისი პოლიტიკური ინტერესი იკვეთება არსებულ ტელევიზიებში ან იმ ტელევიზიებში, რომლებიც მალე დაიწყებენ მაუწყებლობას?

 

ძალიან საინტერესო სიტუაციაა და შევეცდები მოკლედ აღვწერო. თბილისიდან მალე 9 ტელევიზია იმაუწყებლებს. ამ ცხრიდან ერთი – “საზოგადოებრივი მაუწყებელი” იქნება, დანარჩენი რვა – კერძო ტელევიზია. სრულიად გაუგებარია, ეს რვა ტელევიზია კონკრეტულად რა ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესს შეასრულებს და შეასრულებს თუ არა საერთოდ. მაგალითად, ვის ხელში იქნება “რუსთავი 2” და რა ფულით იარსებებს ეს ტელევიზია? ექნებათ თუ არა რაიმე პოლიტიკური ინტერესი ამ ადამიანებს? ტელეკომპანია “იმედი”, რომელიც პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებაშია ამჟამად, ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა რაიმე პოლიტიკური ინტერესის მატარებელი? ასევე არ გვაქვს ინფორმაცია ვანო ჩხარტიშვილის ტელევიზიაზე, სადაც არ ვიცით, მისი ინტერესი იქნება თუ არა პოლიტიკური.

 

ფაქტია, პოლიტიკურ ასპარეზზე დღეს ორი პოლიტიკური ძალაა, ერთი – ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, მეორე – კოალიცია “ქართული ოცნება”. დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია ჩათვალოს, რომ მისი ინტერესების გამტარი არის “რუსთავი 2”, მაგრამ შეიძლება ეს საყრდენიც დაიკარგოს. კოალიციას თავისი პოლიტიკური ინტერესის გასატარებლად, ვთქვათ, აქვს “მეცხრე არხი”. მაგრამ “იმედი” რას გააკეთებს? რას გააკეთებს ყოფილი “საქართველო”, რომელსაც ბენდუქიძე დააფინანსებს? ასევე, ყოფილი “რეალტივი” და ვანო ჩხარტიშვილის ტელევიზია – არ ვიცით. იმიტომ, რომ ეს ინტერესთა ჯგუფები, როგორც პოლიტიკური ჯგუფები, ჯერჯერობით არ არსებობს. ყველა ცდილობს, რომ ტელევიზია ჰქონდეს და კონკრეტულად რისთვის ჭირდებათ ეს ტელევიზია, არ ვიცით. ცხრა ტელევიზიას საქართველოს სარეკლამო ბაზარი ნამდვილად ვერ შეინახავს – ეს ხომ ცნობილი ამბავია.

ია ანთაძე, ფოტო: რადიო თავისუფლება
ია ანთაძე, ფოტო: რადიო თავისუფლება

 

თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური ფულის მედიიდან გასვლა ამ ეტაპზე არარეალისტური საკითხია?

 

თუმცა, თუ პროცესი იქითკენ წავიდა, რომ ტელევიზიები პოლიტიკური ფულისგან გათავისუფლდა, საზოგადოებაც მეტი მონდომებით მოითხოვს, რომ გაყიდოს ივანიშვილის ოჯახმა ტელევიზია, მაგრამ სანამ არსებობენ პოლიტიკური კუნძულები, რომლის შინაარსიც ჩვენ არ ვიცით, ჩვენ მოვითხოვოთ, რომ ივანიშვილის ოჯახმა გაყიდოს ტელევიზია და უცებ გვერდით გაჩნდეს ტელევიზიები, რომელსაც თავისი პოლიტიკური ინტერესი ექნება, უბრალოდ, არ არის რეალისტური. რაციონალური მიდგომიდან გამომდინარე, ოჯახი ტელევიზიას არ გაყიდის. მორალური კატეგორიებიდან თუ მივუდგებით, პრემიერ მინისტრის ოჯახს რომ თავისი ტელევიზია აქვს, ეს არის უსიამოვნო ფაქტი, არის ლაქა და ასეც იქნება. მე ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ პროცესს და ვნახოთ, თუ რა საინფორმაციო ველს მივიღებთ და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ, საზოგადოების ინტერესი რა არის.

 

კარგი ის არის, რომ ტელევიზია არის ცხრა და არ იქნება ოთხი ან სამი, რომ გადანაწილდეს, პოლარიზება მოხდეს პოლიტიკური ინტერესის და ადამიანმა რამდენიმე მხრიდან მიიღოს ინფორმაცია. თუ ცხრა ტელევიზია იქნება და ცხრას ექნება თავისი საინფორმაციო გამოშვება და, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველა ეს არხი იქნება ხელმისაწვმდომი, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ნორმალური მდგომარეობაა. მით უმეტეს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” იარსებებს, რომელსაც ექნება ძალიან სერიოზული ფუნქცია.

 

“საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციები უნდა გადაიხედოს.

 

არ ვიცი, რას გულისხმობდა, თუმცა შემიძლია ვივარაუდო, რომ ის ადმინისტარაციას და სამეურვეო საბჭოს შორის ფუნქციების გადანაწილებას გულისხმობდა. ამ ეტაპზე სამეურვეო საბჭო ვერ აკონტროლებს სიტუაციას. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უნდა გაფართოვდეს.

 

თქვენი აზრით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დახურვის საფრთხე ამ ეტაპაზე არ არსებობს?

 

დაგეთანხმებოდით, რომ სწორად შეაფასეთ სიტყვით საფრთხე. იმიტომ, რომ როცა რვა კერძო ტელევიზია იქნება, მართალია, ეს იქნება რვა და არა ორი, მიუხედავად ამისა, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ფუნქცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ადამიანი გაიხლართება რვა ტელევიზიიის კერძო ინტერესში, მაშველი რგოლივით იქნება “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, რომელიც ნამდვილად უნდა იყოს ორიენტირებული საზოგადოების ინტერესზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი