კომენტარი

საია უკანონოდ აფასებს „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებას

31 ივლისი, 2012 •
საია უკანონოდ აფასებს „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებას

“2012  წლის 11  და 14  ივლისის განჩინებებით,  ქ.  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ყადაღა დაადო შპს ,,სტუდია მაესტროს“  კუთვნილ ტექნიკურ საშუალებებს:  სატელიტურ ანტენებსა და მათ მაკომპლექტებელ ნაწილებს.  აღნიშნული გადაწყვეტილების ოფიციალურ მოტივაციად დასახელდა ის გარემოება, რომ  „სტუდია მაესტროს“  მიერ თვალთმაქცური გარიგებით შემოტანილი ათასობით სატელიტური ანტენა უნდა დარიგებულიყო ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით,  პოლიტიკური გაერთიანება  „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ”სტუდია მაესტროს” კუთვნილი ქონების დაყადაღება განხორციელდა 2012  წლის 20  ივნისს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე  (დანაშაული,  გათვალისწინებული სისხლის
სამართლის კოდექსის 1641 მუხლით)  დაწყებული გამოძიების ფარგლებში,  რომელიც შეეხება „ქართული ოცნების“  სახელით და მისთვის არჩევნებზე მხარდაჭერის პირობით,  პრაქტიკულად უსასყიდლოდ,  სატელიტური ანტენების დარიგების სავარაუდო ფაქტს.

ამავე გამოძიების ფარგლებში დაყადაღდა შპს  „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“  კუთვნილი სატელიტური ანტენები. 2012 წლის 13 და 22 ივლისის განჩინებებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა შპს  „სტუდია მაესტროს“  გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად სასამართლო განჩინებებში მითითებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი,  მისი რომელიმე კონკრეტული ნაწილის აღნიშვნის გარეშე.  თავის მხრივ, 151-ე მუხლი სამი ნაწილისგან შედგება.
მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13 ივლისის განჩინებაში ვხვდებით მითითებას ამ მუხლის მე-3  ნაწილზე,  რომლის მიხედვითაც: ,,სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას,  თუ არსებობს საკმარისი მონაცემები,  რომ ეს კორუფციული,  რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“  ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.“  ამ პუნქტის შესაბამისად,  მაესტროს კუთვნილ ტექნიკურ საშუალებებზე ყადაღის დადება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ ეს ქონება კორუფციული იქნებოდა.  თუმცა,  სასამართლოს არც ერთ გადაწყვეტილებაში მაესტროს დაყადაღებული ქონების კორუფციულობის თაობაზე დასაბუთება არ არის.  მნიშვნელოვანია აღინიშნოს,  რომ საქართველოს კანონმდებლობა კორუფციული დანაშაულის და,  მით უფრო,  კორუფციული ქონების დეფინიციას არ შეიცავს.  შესაბამისად,  კანონი ამ ნაწილში ტოვებს გაუმართლებლად ფართო დისკრეციას იმისათვის, რომ შეფასდეს, კონკრეტული ქონება არის თუ არა კორუფციული.  ასეთი ვითარება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმას არაგანჭვრეტადს ხდის,  რაც სისხლის სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპის დარღვევას წარმოადგენს.

აღსანიშნავია ისიც,  რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულთა კლასიფიკაციის სტანდარტული სქემის მიხედვით, 33-ე  (ოცდამეცამეტე)  პოზიციაზე მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებიც სამინისტროს
კორუფციულ დანაშაულად მიაჩნია. აღნიშნულ ჩამონათვალში სისხლის სამართლის კოდექსის
                                                          

164 1 -ე მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა)  გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მითითებული არ არის.  გარდა ამისა, სასამართლოს 13 ივლისის განჩინება წინააღმდეგობრივია. მოსამართლე, ერთი მხრივ,  უთითებს 151-ე მუხლის მე-3  ნაწილს,  თუმცა,  დასაბუთებაში მსჯელობს იმაზე,  რომ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო დანაშაულის შესაძლო ჩადენის საფუძვლით,  რაც ამავე მუხლის მე-2  ნაწილის შემადგენლობაა.

აღნიშნული გარემოებების გამო,  მივიჩნევთ,  რომ სასამართლოების მიერ მაესტროს კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებას საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და უკანონოა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებდით ასეთი სამართლებრივი საფუძვლის არსებობას,  სახეზეა მრავლობითი კანონდარღვევები. კერძოდ:

1)  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არღვევს დასაბუთებულობს სტანდარტს.  სასამართლო არათუ აღწერს და აფასებს რაიმე მტკიცებულებას,  არამედ საერთოდ არ ახსენებს არც ერთ მათგანს.  განჩინებაში მოყვანილია მწირი თეორიული და ჰიპოთეტური მსჯელობა „მაესტროს“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ჩადენაზე.  მიგვაჩნია,  რომ დაუსაბუთებელი სასამართლო განჩინებებით, შპს ,,სტუდია მაესტროს“ მიმართ ადგილი აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.  

მაესტროს ასევე არ მიეცა დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა, რადგან მისთვის მიუწვდომელია სისხლის სამართლის საქმის მასალები.  კერძოდ,  ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც მაესტროს ანტენებია დაყადაღებული, აღძრულია ფაქტზე (და არა პირის მიმართ),  ხოლო მაესტრო პროცესის მონაწილე არ წარმოადგენს მხარეს,  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მას არ აქვს უფლება, გაეცნოს საქმის მასალებს. საქმის მასალებთან წვდომის შეუძლებლობა ზიანს აყენებს მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების სრულყოფილად რეალიზებას,  რადგან პირისთვის,  რომლის წინააღმდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილებაა გამოტანილი, უცნობია, თუ რა მასალები დაედო მას საფუძვლად, ხომ არ არის ეს მტკიცებულებები ფალსიფიცირებული, უკანონოდ მოპოვებული და ა.შ.  

მნიშვნელოვანია ის გარემოება,  რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2012  წლის 20  ივნისს ამომრჩევლის მოსყიდვით ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაში არ არიან იდენტიფიცირებული ბრალდებული პირები, თუმცა, ამ გამოძიების ფარგლებში უკვე დაედო ყადაღა ორი კომპანიის – შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ და შპს  ”სტუდია მაესტროს”  ქონებას – სატელიტურ ანტენებსა და სხვა ტექნიკურ მოწყობილობას.  უნდა აღინიშნოს,  რომ მაესტროს,  ისევე როგორც  ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”,  მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნიათ,  რაც ნიშნავს,  რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მათ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. ”გლობალ კონტაქტს კონსალტინგის”  ადვოკატებს გამოძიებამ უკვე ოფიციალურად უთხრა უარი საქმის მასალების გადმოცემაზე.

აღნიშნული დეტალები განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ფაქტის გამო, რომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით,  ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე,  სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე; ხოლო გამოძიება, 164 1 -ე მუხლითგათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით,  შესაძლოა გაგრძელდეს გონივრული ვადით,  მაგრამ არა უმეტეს 6  წლისა.  ეს კი ნიშნავს,  რომ მაესტროს კუთვნილი ქონება გამოძიების განმავლობაში 6  წლით შეიძლება დაყადაღდეს.  შესაბამისად,  გარდა იმისა,  რომ სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე,  ქონების დაყადაღება მაესტროს საკუთრების უფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას წარმოადგენს,  არსებობს მისი საკუთრების უფლების განგრძობადად დარღვევის რეალური საფრთხე.

როდესაც საკითხი ეხება მედიის საქმიანობის შეზღუდვას,  სახელმწიფო ვალდებულია, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს.  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის მე-3  ნაწილის მიხედვით: „სასამართლო უფლებამოსილია,  გამოიტანოს განჩინება ჩხრეკის,  ამოღების ან/და დაყადაღების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში,  როდესაც არსებობს აშკარა და დამაჯერებელი დასაბუთება,  რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიტყვის,  აზრის,  სინდისის თავისუფლების, აღმსარებლობის, რწმენის ან გაერთიანების უფლების ხელყოფას.“

2)  აღსანიშნავია,  რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს მიერ ყადაღის დადების თაობაზე განჩინების გამოტანის შემდგომ გაავრცელა ინფორმაცია,  სადაც აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტაციაა მოცემული.  სამინისტროს განცხადებით, „გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს,  რომ პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნებისათვის სატელიტური ანტენების იმპროტს,  თვალთმაქცური გარიგებების მეშვეობით,  ახორციელებს შპს მაესტრო“. აღნიშნული მტკიცებულებებია:

1. შპს „მაესტრომ”, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიის – შპს  „ელიტა-ბურჯის”  წარმომადგენელთა  მითითებით, თვალთმაქცური  გარიგებების  გზით,  საქართველოში  შემოიტანა  ათასობით  სატელიტური  ანტენა,  რომელიც  უნდა  დარიგებულიყო  „ქართული  ოცნების”  სასარგებლოდ,  ამომრჩევლის  მოსყიდვის  მიზნით,  შპს  „გლობალ  კონტაქტ  კონსალტინგის” მიერ უკვე აპრობირებული სქემით. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება,  რომელიც თვალსაჩინოს გახდიდა შპს  „მაესტროს“  ხელმძღვანელ პირებზე შპს  „ელიტა-ბურჯის”  წარმომადგენელთა მხრიდან რაიმე მითითებების მიცემას. მტკიცებულების გარეშე აღნიშნული განცხადება მხოლოდ უსაფუძვლო ვარაუდია.

2.  საბაჟოსთვის  მიწოდებული  დოკუმენტების  მიხედვით,  მაესტროს  მიმწოდებელი  არის  იგივე  თურქული  კომპანია,  რომელმაც  ანტენები  შპს. „გლობალ  კონტაქტ  კონსალტინგს”  მიაწოდა. აღნიშნული გარემოება არ გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მაესტროს მხრიდან ადგილი აქვს რაიმე ტიპის თვალთმაქცურ გარიგებას ან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას.  ნებისმიერი პირი თავისუფალია,  სამოქალაქო გარიგებაში შევიდეს იმ სუბიექტთან,  რომელთანაც სურს საქმიანი
ურთიერთობის დამყარება.

3.  ტვირთის  ნაწილი,  რომელიც,  საბაჟო  დოკუმენტების  მიხედვით,  მაესტროს  საკუთრებაა,  ეტიკეტების  მიხედვით,  ისევ  „გლობალ  კონტაქტ  კონსალტინგს”  ეკუთვნის.  აღსანიშნავია,  რომ   სატელიტურ ანტენებზე მაესტროს საკუთრების უფლება,  უპირველეს ყოვლისა, დასტურდება არა საბაჟო დოკუმენტებით, არამედ მომწოდებელ კომპანასთან დადებული ხელშეკრულებით. ეტიკეტსრაიმე სამართლებრივი ღირებულება არ გააჩნია და ვერ გამოდგება ანტენების  „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის”  საკუთრებაში ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებულებად,  როგორც ამას იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს.  იმავდროულად,  ეტიკეტების არსებობა სატელიტური ანტენების შეფუთვებზე შესაძლებელია აიხსნას მიმწოდებელ ორგანიზაციასა და „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”  შორის საქმიანი ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ,  ახალი ხელშეკრულების ფარგლებში,  აღნიშნული ქონების მაესტროს საკუთრებაში გადასვლით.  აღნიშნული გარემოება ასევე არ იძლევა საშუალებას დავასკვნათ,  რომ მაესტროს მხრიდან ადგილი აქვს რაიმე ტიპის თვალთმაქცურ გარიგებას ან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას.  

4. გამოძიების მიხედვით, ასევე დასტურდება, რომ განბაჟების პროცესს ახორციელებდა  შპს „ელიტა  ბურჯის” რამდენიმე წარმომადგენელი და არა შპს „მაესტროს” შესაბამისი პირი, რაც ასევე დამატებით  ადასტურებს  გარიგებების  თვალთმაქცობას.  აღსანიშნავია,  რომ განბაჟების პროცესის განხორციელების უფლება არა აქვს ნებისმიერ პირს,  არამედ მხოლოდ იმას,  ვინც განსაბაჟებელი ტვირთის მესაკუთრის სახელით მოქმედებს.  წინააღმდეგ შემთხვევაში,  განბაჟების პროცედურები საერთოდ ვერ დაიწყებოდა, რასაც ადგილი არ ჰქონია. იმავდროულად,  მაესტროსა და ბროკერებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების არსებობას მათ შორის დადებული ხელშეკრულებებიც ადასტურებს.  შესაბამისად,  იუსტიციის სამინისტროს მიერ მითითებული ეს გარემოება სამართლებრივი დოკუმენტებით საერთოდ ვერ დასტურდება.  არც ერთი ზემოაღნიშნული გარემოება,  ცალ-ცალკე ან ერთად აღებული,  ვერ დააკმაყოფილებს ობიექტურ პირს, რათა დაასკვნას შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა. ეს კი ნიშნავს,  რომ არც სასამართლოს გადაწყვეტილებები და არც იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ პასუხობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. დასაბუთებული ვარაუდის არსებობა არის ყადაღის დადების გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი,  იმ მუხლის მიხედვით,  რომელსაც სასამართლო თავის განჩინებებში ეყრდნობა.  სასამართლომ ვერ მიუთითა ის ფაქტები,  რომლებიც დაადასტურებდა დასაბუთებული ვარაუდის არსებობას
.

აღნიშნული ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მაესტროს ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, უხეშად ილახება გამოხატვის თავისუფლება და უაღრესად უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში მედიისა და, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს  მდგომარეობაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი