კომენტარი

ჩარლი პარკერი ბიძინა ივანიშვილის პორტრეტით

12 ივლისი, 2012 • 1808
ჩარლი პარკერი ბიძინა ივანიშვილის პორტრეტით

ტვინი ვიჭყლიტე და ვერ მივხვდი, თუ საიდან, სად და რა მიზნით მიჰქონდა ამ ემიგრანტს ეს მეორე პარლამენტის საეჭვოდ „კეთილი“ ნებით “გაემიგრანტებულის” პორტრეტი. ვინ დახატა და ასე შემდეგ? კითხვებს რა გამოლევს…

იმასაც ვერ ვხვდები, რატომ უკიდიათ ხოლმე პრეზიდენტ სააკაშვილის ასეთივე პორტრეტები, ფოტოები კაბინეტებში? ვინმე ავალებთ? არა, დარწმუნებული ვარ, რომ პირადი ინიციატივით აკეთებენ ამას და საქმე საბჭოთა მენტალიტეტის ნარჩენთან გვაქვს.

პოლიტიკაზე აღარ ვაპირებდი წერას. იმიტომ, რომ არ მიყვარს იმაზე წერა, რაც ცხადია. თუმცა ქართულ პოლიტიკაში ისეთი რაღაცები ხდება, რომ ვერანაირი ლოგიკით ვერ მოუძებნი ახსნას. არა, ახსნა როგორ არ შეიძლება, მაგრამ გინდა, რომ ასე არ იყოს… თავს არწმუნებ, რომ ასეთი არამზადებიც ვერ იქნებიანო…

მაშ ასე, წინა სერიებში: მთავრობაში დატრიალდა „კარუსელი“. შინაგან საქმეთა და ორგანოთა სამინისტროს სახელგანთქმული, ლეგენდარული უსტაბაში ახლა მთელი სამინისტროების შინაგანი ორგანოების უსტაბაშად გარდაისახა.  შსს კი  ახალაიას ჩაბარდა,  რომლის სახის დანახვისასაც ჩემი მეგობრის შვილი ისტერიკულად ტირის, ჰოდა, აშინებენ ხოლმე, რომ თუ არ დაგვიჯერებ, ახლა ის ძია მოვა, ტელევიზორიდანო. ჰოდა, ეს სულელიც, მართლა არ მოვიდესო, საწოლის ქვეშ ძვრება და იმალება. ერთხელ უჯრაშიც იმალებოდა.


განათლების სამინისტროსაც შეეცვალა მინისტრი, პოლიციის აკადემიის უფროსი ახლა ყველა „აკადემიის“ მმართველი გახდა. ხოლო, თავდაცვის სამინისტროში საქართველოსთვის ორი შეუცვლელი პროფესიონალის, ორი დიდი მენეჯერისა და მჭევრმეტყველის,  ორი განუყრელი მეგობრის, ტრულალასა და ტრალალას დუეტი გადაბარგდა. უცნაურია, არავინ დაეჭვებულა სეფერთელაძის უნარებისა და ნიჭის უხვ და სასარგებლო მარაგში, მისი შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ, სადაც მან კომფორტზე ისეთი დადაისტური მონოლოგი წაიკითხა, რომ ვინც კი მოუსმინა, ყველას საშინელი დისკომფორტი შეექმნა.


რატომღაც საქართველოში არავის მოსდის აზრად, რომ ახალი პროფესიონალები მოძებნონ. მთავარია,  უსიტყვოდ ეთანხმებოდე პრეზიდენტს.  ეთანხმებოდე იმას, ვისაც ძალაუფლება აქვს ხელში, ანაც აპირებს მის აღებას. რატომღაც „შეჩვეული ჭირის მეიქერები“ და „შენდობილი შინაური მღვდელი“ ისევ მთავარ მოქმედ პერსონაჟებად რჩებიან, ხელისუფლებაში თუ მის ოპოზიციაში — მაგ, „ქართული ოცნება“ ბათუმში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მურმან დუმბაძეს არჩევს, რომელიც “რესპუბლიკური პარტიიდან” იქნა გარიცხული დაახლოებით ერთი წლის წინ საშინელი, ქსენოფობური განცხადებების გამო. ლაგოდეხში კი ოდიოზური მოჭიდავე და “სახალხო კრების” წარმომადგებელი ლუკა კურტანიძე აჟღარუნებს ჯაჭვებს… აღარ გავაგრძელებ. დასკვნის გაკეთება ვისაც უნდა, გააკეთებს. ვისაც არ უნდა და, გაკეთებული დასკვნების მეტი რა არის? აიღე და მოიხმარე სიკეთეში…


მაგრამ ეს ყველაფერი მავიწყდება და თვალწინ ვარდისფერ მაისურში გამოწყობილი აფრიკელი ყმაწვილი მიდგება, სახით ჩარლი პარკერს რომ ჩამოჰგავდა, იმ დიდი, მძიმე ტილოთი ხელში და ცნობისმოყვარეობა მკლავს, ნეტავ სად მიჰქონდა ის გრანდიოზული პორტრეტი? ვის დარბაზს დაამშვენებს და რამდენი წელი ეკიდება ევრორემონტგამოვლილ ძირძველ, გაბზარულ კედელზე?

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

ავტორის შესახებ

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

 


მასალების გადაბეჭდვის წესი