ნეტგაზეთი | ვიდეოკომპრომატები – ციფრული გველეშაპი და გამრუდება ვიდეოკომპრომატები – ციფრული გველეშაპი და გამრუდება – Netgazeti

ვიდეოკომპრომატები – ციფრული გველეშაპი და გამრუდება

საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, თვალსა და ხელს შუა, ახალი, მოჩვენებით მძინარე ურჩხული დაიბადა – ციფრული ურჩხული, რომელიც შიგადაშიგ თვალს ახელს და გვყლაპავს – ვიდეოკომპრომატების სახით!

NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტს გადაწყვეტილი არ აქვს, ან არ იცის, ვის მისცემს ხმას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ერთგვარი პოლიტიკური კატასტროფის წინსწრებითი მაჩვენებელია – სრული ნიჰილიზმი, დანებება, გნებავთ, სრული კაპიტულაცია. მოსახლეობის ნახევარზე მეტს აღარ აქვს რესურსი, კიდევ ერთხელ სცადოს საკუთარი, მინიმალური, თუნდაც მოჩვენებითი წვლილი შეიტანოს იმ გეოგრაფიული ერთეულის მართვაში, რომელშიც ცხოვრობს.  

 

შემთხვევითი არაა, რომ ამჯერად საქართველოს არა სახელმწიფოს, არამედ უბრალოდ გეოგრაფიულ ერთეულს ვუწოდებ, რადგან პოლიტიკა, პოლიტიკის ერთობლივად კეთება, მასში მონაწილეობა არის ის, რაც ადამიანთა ჯგუფს აქცევს საზოგადოებად, ხოლო გეოგრაფიულ ერთეულს – სახელმწიფოდ. იქ, სადაც არ არსებობს პოლიტიკა, არ არსებობს სახელმწიფო. ან, მთლად აპოკალიპტური სურათი თუ არ მოგვწონს, ვთქვათ – იქ, სადაც მოსახლეობის ნახევარი პოლიტიკიდან ითიშება, არსებობს მხოლოდ ნახევარსახელმწიფო. მეორე ნახევარი კი ცარიელი უფსკრულია, ერთგვარი შავი ხვრელი, რომელშიც არ ვიცით რა ხდება, რა ინფორმაცია “გაიწოვება”. 

 

ათიათასზე მეტი მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალა. ათიათასზე მეტი – სამ თუ ოთხ მილიონიან ქვეყანაში! ადამიანთა წამებისა და პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალების ამსახველი ათიათასი ვიდეო, რომელიც ჯერ კასრში გამოკეტეს, შემდეგ კი როგორც ჯინი – ბოთლიდან, დასაბმელი ურჩხულივით ამოუშვეს. თუკი დავუშვებთ, რომ ყველა ამბავი ამ ვიდეომასალების შესახებ მართალია, თუკი დავუშვებთ, რომ თითო ასეთ ვიდეოს მინიმუმ 3-4 მონაწილე პირი ყავს, კიდევ უფრო მეტი შემქმნელი, შემნახველი და შემდგომში, გამსაღებელი და მაყურებელი, პირადად ჩემთვის ყველა პასუხი, კითხვაზე – რა ჭირი გვჭირს? – გაცემულია.  

 

შეუძლებელია, ქვეყანაში ცხოვრობდეს შანტაჟის ქვეშ მყოფი ამდენი ადამიანი და ასეთ ქვეყანაში ყველაფერი – კულტურა, პოლიტიკა, ეკონომიკა და სივრცეც კი არ გამრუდდეს. რაკიღა ამ სივრცეს, თავის მხრივ, სხვა არავინ ქმნის, თუ არა ადამიანები, რომელთა დიდი ნაწილი – დაშანტაჟებულია. იქ, სადაც არის შანტაჟი, არ არსებობს თავისუფალი, დამოუკიდებელი, რაციონალური ნება პოლიტიკის შექმნისა. ხოლო იქ, სადაც არ არსებობს ასეთი ნება, იქ, სადაც არ არსებობს რაციო – მრუდდება აბსოლუტურად ყველაფერი და მრუდდება ერთის – იმის სურვილების შესაბამისად, ვინც ფლობს ამ ციფრული ურჩხულის მართვის “პულტს”.

 

მხოლოდ ბოლო წლებში, რამდენი გაუგონარი ამბავი გვახსოვს, რამდენი უცნაური ნიუსი, რომელზეც გვიხალისია, გავბრაზებულვართ, გავკვირბევულვართ და ხშირ შემთხვევაში, ახსნაც კი ვერ გვიპოვია. რამდენი ცირკი, რომელსაც დგამენ კრებსითი ჯაჭვლიანები, ამაშუკელები, მეჭიაურები. რამდენი ულოგიკობა, რომელიც გვესმის კრებსითი ურთმელიძეებისგან. რამდენჯერ გვიკითხავს, რატომ დგანან მათ, ამ ცირკის მსახიობების გვერდით ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა “რესპუბლიკელები”? რატომ გვექაჩება ეკლესია – რუსეთისკენ? რა უნდა ბურჯანაძეს? როგორ იქცა ბედუკაძე – გმირად? როგორ მოხდა, რომ 17 მაისის აქცია მეტწილად თავად ჰომოსექსუალებმა დაარბიეს? რას აპირებს ლევან ვასაძე?

 

ამდენი ალოგიკური და მოულოდნელი მოვლენა ჩვენს სოციო-პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში რატომ ხდება? იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ვიღაც, ვინც ფლობს “პულტს”, უბრალოდ ერთობა, ან მიზანმიმართული მავნებელია?

 

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, ვინ არის იმ ათასობით ვიდეოკომპრომატის მონაწილე და დანამდვილებით არც ის ვიცით, ვის (ერთის ან მრავალის) ხელშია ეს მასალები, მაგრამ ფაქტი, რომ ახალ-ახალი ვიდეოები ყოველი პოლიტიკური დაძაბულობისას ელვის სისწრაფით ვრცელდება და ეწყობა მისი მანიაკალური საჯარო ჩვენებები ქალაქის მთავარ მოედნებზე, ერთ რამეს ნამდვილად გვამცნობს – ურჩხული თავისუფალია და ისე დაძრწის ჩვენ გვერდით, ხანდახან ვერც კი ვამჩნევთ. დაძრწის, ეძებს თავის ყოველ მომდევნო მსხვერპლს და მისი ყოველი შესანსვლისას განმეორებითაც გვიტარებს შოკურ თერაპიას, გვამყოფებს მუდმივი შიშის მდგომარეობაში, რაკიღა არ ვიცით, ვინ იქნება შემდეგი.

 

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჯერჯერობით პირველია, ვინც გადადგა ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რაც ამ ურჩხულის დანახვისას შეიძლება მოიმოქმედო – დაასწრო მას! დაასწრო პულტის მფლობელს, თავად თქვა, რომ შენზე არსებობს ვიდეო-კომპრომატები და შანტაჟი – შანტაჟითვე დათრგუნო. საქართველოში პოლიტიკური პროცესები ალბათ გაცილებით ჯანსაღად წარიმართებოდა, სხვა მსხვერპლებსაც რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ. ათიათასთავიან კიბოს, რომელსაც მეტასტაზები ყველგან აქვს გადგმული, ერთი ხელის მოსმით, ერთი Delete ღილაკით ვერ გავანადგურებთ, მაგრამ ჩვენი ჭირის დაძლევის იმედი არასდროს უნდა გვქონდეს, თუ იმასაც კი არ ვცდით, რომ ნემსის ჩხვლეტით მაინც შევაწუხოთ ეს გველეშაპი. 

 

მესამე და ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამდენი ხანია ბევრი ელოდება, მგონი უკვე შეიქმნა – აბსტრაქტული, გაციფრულებული ძალა ამ ვიდეოარქივის სახით, რომელიც სინამდვილეში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური აქტორია, თუმცა, უხილავი. რასაც ვხედავთ (ხელისუფლება და ოპოზიცია), მას ამომრჩეველიც ყავს. ხოლო რასაც ვერ ვხედავთ, მას ამომრჩეველი ვერ ეყოლება და იქნებ სწორედ ესაა ის შავი ხვრელი, რომელიც მოსახლეობის პოლიტიკური ნების ნახევარს გაიწოვს და აქრობს? ანდაც, რატომ ნახევარს? სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ის, ვისაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს, დამოუკიდებლად, შინაგანი სინდისისა და რაციოს წყალობით მოქმედებს. გადაწყვეტილების მიღება სულაც არ ნიშნავს, რომ ამ სურვილში დამოუკიდებელი ხარ. იქნებ ხშირად პირიქითაც ხდება. 

 

ზუსტად ერთ წელიწადში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ძალაუფლება კი (მით უმეტეს, ძალაუფლება – ყველაფრის შემძლე ურჩხულის მართვის პულტზე) იმდენად მაცდუნებელი რამაა, რომ ჩვენისთანა, მთლიანად იმპროვიზაციებსა და სიურპრიზებზე აგებულ ქვეყანაში, კაცმა არ იცის, რას შეიძლება ველოდეთ. ვერც მოსახლეობის ნახევრის ნებაზე მკითხაობა გამოიღებს შედეგს, ვერც შავი ხვრელის საიდუმლოს ქექვა და პულტის მფლობელისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა. ყველაფერი უშედეგოა მანამ, სანამ ჩვენი თვალით ურჩხულს არსებობის შესაძლებლობას ვანიჭებთ.

 

რა გამოდის? როგორ დავამარცხოთ ათასთავიანი გველეშაპი? ყველაზე მეტად, რაც ვიზუალურ მასალას ხილულს ხდის, ესაა თავად ჩვენი თვალი. თუკი ვიდეოკომპრომატებზე ვსაუბრობთ, ის არსებობს მანამ, სანამ მისი ნახვისა და გაზიარების ვნებას ვერ ვიოკებთ (გნებავთ პირად კომპიუტერში, გნებავთ საჯაროდ, მოედნებზე). ხოლო იქ, სადაც დავხუჭავთ თვალს, ვიზუალური მასალაც ქრება. ამიტომ, დასაწყისისთვის, გთავაზობთ თვალი დავხუჭოთ ყოველ მომდევნო “კომპრომატზე”. თუკი პორნოს ცქერის ჟინს ვერ ვიოკებთ, ამ ვნების დასაკმაყოფილებლად ინტერნეტი უზარმაზარ შესაძლებლობებს გვთავაზობს და როცა ვიცით, რომ კონკრეტული, ამჯერად მავნებლური ვიდეოს ნახვა მას ხილულს ხდის, იქნებ რამენაირად წავართვათ მას ამ ხილულობის შესაძლებლობა. 

 

ასე ურჩხული ვერ განადგურდება, რა თქმა უნდა. იმისიც კი არ მჯერა, რომ ეს გველეშაპი ჩვენს მომდევნო თაობებსაც არ გაუმრუდებს სივრცეს და საქართველოს მოსახლეობას მუდმივად გამრუდებულ, მახინჯ სივრცეში არ ამყოფებს. უბრალოდ, ეს მარტივი ქმედება – თვალების დახუჭვა და გაზიარებაზე უარის თქმა ისაა, რაც ფიზიკურად შეგვიძლია ვქნათ. პულტის მფლობელს ის მაინც დავანახოთ, რომ მისი აღარ გვეშინია, ვაქციოთ მისი პულტი უფუნქციოდ. 

 

როგორც ამბობენ, სულ მალე მოსამართლე ურთმელიძე “რუსთავი 2”-ის საწინააღმდეგო განაჩენის გამოტანას აპირებს. თუ ასე მოხდა, (პრინციპში, ასე რომც არ მოხდეს) საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა პიკს მიაღწევს და არ ვიცით, პულტზე ვინ რომელ ღილაკს დააჭერს თითს. ერთი კი ნამდვილად ვიცი, თვალები მზად მაქვს, რაც შეიძლება ფართოდ დავხუჭო და რაც შეიძლება ხმამაღლა ვიღრიალო – “აღარ მინდა ეს ციფრული გველეშაპი!”

 

გიორგი კიკონიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გიორგი კიკონიშვილი