კომენტარი

„Kavkaz 2012” და რუსული საფრთხე

11 ივლისი, 2012 •
„Kavkaz 2012” და რუსული საფრთხე

 29 %-ს კი მიაჩნია, რომ საფრთხე არსებობს, თუმცა იგი ხშირად გაზვიადებულია, ხოლო გამოკითხულთა 12 %-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მოსახლეობაში მეზობელი ქვეყნის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დიდწილად განპირობებულია ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული არაკეთილმეზობლური ურთიერთობით და აგვისტოს ომით, თუმცა ქართველებში ძლიერ ანტირუსულ მუხტს ხელისუფლების პროპაგანდა კიდევ უფრო ამწვავებს.


ანტირუსული განწყობის გაზრდა მოსახლეობაში და შემდეგ ამ საკითხით მანიპულირება და თავის სასარგებლოდ გამოყენება უკანასკნელი წლების საქართველოში ხელისუფლების მძლავრ იარაღად იქცა. წინასაარჩევნოდ პოლიციური ტერორის, სამთავრობო კარუსელებისა და ულტრაპოპულისტური დაპირებების კრახის შემდეგ, შესაძლოა, ხელისუფლებამ საკუთარ არსენალში არსებული ეს მეთოდიც გამოიყენოს, რაც თავის მხრივ ქართულ მოსახლეობაში მყარად გამჯდარი დოგმის „ოღონდ მშვიდობა იყოს და…“ პირობებში კარგად მუშაობს ხოლმე.


ამ იარაღის გამოსაყენებლად მმართველი გუნდი უკვე გარკვეული პერიოდია ამზადებს ნიადაგს. დაქვემდებარებული ტელევიზიების საშუალებით მთავრობა ცდილობს, სექტემბერში ჩრდილოეთ კავკასიაში დაგეგმილი „Kavkaz 2012” როგორმე მაქსიმალურად გააიგივოს 2008 წლის წვრთნებთან და ხაზი გაუსვას იმ საფრთხეს, რაც შეიძლება ამ წვრთნებს მოჰყვეს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება, წარსული გამოცდილებისგან განსხვავებით, ცდილობს თავად არ იყოს კრემლის მბრალდებლის როლში და მოსალოდნელ საფრთხის შესახებ მოსყიდულ- მომზადებული ჟურნალისტ-ექსპერტები ალაპარაკოს.


ამის მაგალითად ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს რუსთავი 2-ის ჟურნალისტის მიერ სახელმწიფო მდივნისადმი დასმული კითხვაც საკმარისია. საკითხის ასეთ შეხვედრაზე გაჟღერება რომ ჟურნალისტის სურვილის დონეზე არ ხდება ქართულ მედიაში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ნათელია, რომ ეს ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა და „ზემოდან“ დაკვეთით განხორციელდა, მაგრამ საინტერესოა, თავად რატომ გადაუხვია მმართველმა გუნდმა აღებულ კურსს, რომელიც რუსეთის პირდაპირ, ყველგან და ყოველთვის კრიტიკას ითვალისწინებდა. რუსეთის მისამართით საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის იშვიათ და ორაზროვან კომენტარებს თუ არ ჩავთვლით, ხელისუფლებამ ეს საკითხი აშკარად მესამეხარისხოვან წევრებსა და ერთგულ ჟურნალისტ-ექსპერტებს გადააბარა.


ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოში ხელისუფლებისთვის რუსეთის დემონიზირება, ხოლო საქართველოსთვის „გოლიათთან მებრძოლი დავითის“ იმიჯის მორგება რამდენიმე მიზეზით იყო მომგებიანი. პირველ რიგში, ავტორიტარული კურსისთვის აუცილებელია მტრის ხატის შექმნისა და ყველა წარუმატებლობის მასზე გადაბრალების მოდელი. მით უმეტეს მაშინ, როცა ამის საშუალებას ნამდვილად იძლეოდა ჩვენ მიმართ ისედაც არაკეთილგანწყობილი რუსეთი.


ამგვარი იმიჯი საქართველოს ხელისუფლებისთვის მომგებიანი იყო საერთაშორისო ასპარეზზეც, რაც უკავშირდება ე. წ. არათანაბარი მტრობის კონცეფციას. როგორც ამერიკელი ანალიტიკოსი რობერტ კაპლანი აღნიშნავს, რეჟიმის საერთაშორისო იმიჯისთვის  მომგებიანია, თავისზე გაცილებით ძლიერ ქვეყნასთან მებრძოლ ძალად ასოცირდებოდეს, ვიდრე შიდა კონფლიქტების მქონე სახელმწიფოდ ითვლებოდეს. ამ სტრატეგიამ მიგვიყვანა იქამდე, რომ რუსეთი ოფიციალურად იქცა კონფლიქტის მხარედ, ხოლო აფხაზები და ოსები პროცესიდან ამოვარდნენ, რაც კონფლიქტის მოგვარების შანსებს მინიმუმამდე ამცირებს.


დღეს კი საქართველო სისტემურად სულ უფრო ემსგავსება რუსეთს და დასავლეთიდან მომდინარე მზარდი კრიტიკის პარალელურად კრემლისკენ ლტოლვის ელემენტებიც შეინიშნება. ამავდროულად, რეჟიმის თვითგადარჩენისთვის მოსახლეობის თვალში რუსეთის მტრის ხატად დარჩენა ჯერ კიდევ აუცილებელია. ამიტომაც ამ მხრივ ქვეყანაში შექმნილი ვითარება სულ უფრო აბსურდულ სახეს იღებს. პრეზიდენტი სტამბულში გაკეთებული განცხადების თანახმად, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას იმაზე ადრე ვარაუდობს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ხოლო მისი ჟურნალისტ-ექსპერტები კრემლის მიერ სექტემბერში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს ოკუპაციისთვის პლატფორმის მომზადებად წარმოაჩენენ.


საინტერესოა იმ „არგუმენტების“ განხილვა, რომელზე დაყრდნობითაც  „ექსპერტები“ რუსეთის ახალ აგრესიას ვარაუდობენ. ძირითადი აქცენტი კეთდება სამხედრო წვრთნების „Kavkaz 2012”-ის ფარგლებში ძალების ჩრდილოეთ კავკასიაში მაქსიმალურად მობილიზებაზე. მათი მტკიცებით, მასშტაბები მიახლოებულია 2008 წლის ივლისში ჩატარებულ „Kavkaz 2008“-სთან, რასაც საქართველოში შემოჭრა მოჰყვა. თუმცა ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ სექტემბერში გასამართი წვრთნები  სტრატეგიული სარაკეტო ძალების გამოყენებას ითვალისწინებს, რაც ბირთვული შეკავების სტრატეგიის ნაწილია. საინტერესოა, საქართველოს წინააღმდეგ რაში ჭირდება რუსეთს ბირთვული შეიარაღების მობილიზება?! წვრთნებში უახლესი სადაზვერვო და სატელიტური ტექნოლოგიების, უპილოტო თვითმფრინავების, ბირთვული რაკეტების გამოყენება, ასევე მასში საგანგებო მდგომარეობის სამინისტროსა და ფედერალური თავდაცვის სამსახურის ჩართვა მიანიშნებს იმაზე, რომ ძალის ასეთი მასშტაბური კონცენტრაციით რუსეთი ცდილობს, მესიჯი გაუგზავნოს ისრაელსა და აშშ-ს, რომ მისი პოზიცია ირანთან მიმართებაში მტკიცე და კატეგორიული იქნება.


ქართველი „ექსპერტები“ ასევე ყურადღებას ამახვილებენ სომხეთში რუსული სამხედრო კორპუსის გაორმაგების საკითხზე და ამასაც მოსალოდნელ საფრთხეს უკავშირებენ, მაგრამ აქაც საკითხის სათავისოდ ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე. ამ საკითხს ამერიკულმა ანალიტიკურმა პორტალმა „STRATFOR“-მა მასალა მიუძღვნა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი 102-ე სამხედრო ბაზაზე გიუმრში აორმაგებს ე.წ. „კონტრაქტშიკებს“, მაგრამ ეს ხდება სავალდებულო წესით გაწვეული კონტინგენტის შემცირების ხარჯზე და, ჯამში, რუსული კორპუსის რაოდენობა სომხეთში უცვლელი რჩება. როტაცია კი ნაწილია რუსეთში მიმდინარე სამხედრო რეორგანიზაციისა, რომლის მიხედვითან 2017 წლისთვის არმიაში „კონტრაკტშიკთა“ რიცხვი 700 ათასამდე უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება „Kavkaz 2012“-ში სომხეთში განლაგებული რუსული ძალების მონაწილეობას, ეს ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს ზემოხსენებული წვრთნების ირანის საკითხთან კავშირს.


ყველაზე არადამაჯერებელი კი „Kavkaz 2012“-ისა და „Kavkaz 2008“-ის შედარების დროს ოლიმპიურ თამაშებზე და აშშ-ში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ყურადღების გამახვილება გახლავთ.  ორივე მათგანი ოთხწლიანი ინტერვალით იმართება და ყოველ ოთხ წელიწადში რუსეთის შემოჭრის შიში იმის ახსნით, რომ მსოფლიოს ყურადღება სხვა საკითხებზეა გადატანილი, სასაცილოც კი არის.


ქართველი „ექსპერტების“ მიერ გაკეთებული დასკვნები, როგორც ვხედავთ, ძალიან ზედაპირულია და მხოლოდ ვარაუდებს ეფუძნება. თუკი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ მართლაც მოიპოვება მასალები იმის შესახებ, რომ საფრთხე ნამდვილად რეალურია, ამას უნდა მოჰყვეს პრევენციული სამუშაოების გააქტიურება მრავალი მიმართულებით და არა ჟურნალისტ-ექსპერტების ვარაუდებზე დაყრდნობით განგაშის უსაფუძვლოდ ატეხვა და მოსახლეობის შეშინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი