კომენტარი

ვცდები, მაშასადამე ვარსებობ

2 ივლისი, 2012 • 1422
ვცდები, მაშასადამე ვარსებობ

 საკმაოდ სქელტანიან ნაშრომში ავტორი ამოსავალ წერტილად იყენებს დეკარტამდე დაახლოებით 1200 წლის წინ წმინდა ავგუსტინეს მიერ გამოყენებულ სენტენციას -“Fallor ergo sum” (ვცდები, მაშასადამე ვარსებობ).  შულცის აზრით, ადამიანის საკუთარი შეცდომებისადმი დამოკიდებულებას მის პირადსა თუ საზოგადო ცხოვრებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია და გარკვეულ შემთხვევებში მისი ქცევების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორიცა.

 

სწორედ შულცის თბილისში ვიზიტს დაემთხვა ქართულ სოციალურ ქსელებში ე.წ. „შუაშისტების“ გარშემო გამართული დებატების გამწვავება. პირველ რიგში, საინტერესოა ვინ არიან „შუაშისტები“ და რატომ იწვევს მათი პოზიცია აზრთა სხვადასხვაობას საზოგადოებაში. ჩემი აზრით, ისინი ქართული საზოგადოების ინტელექტუალურად გამორჩეული ნაწილი არიან, ლიბერალური ფასეულობების თავგამოდებული მხარდამჭერი და ხშირად კონსერვატიულ იდეებთან დაპირისპირებული საკმაოდ განათლებული ადამიანები. დასავლური ღირებულებების მოტრფიალე მათი აბსოლუტური უმრავლესობა „ვარდების რევოლუციის“ დროს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა მხარს და დიდ იმედს ამყარებდნენ ახალგაზრდა, პროდასავლურ გუნდზე. მათთვის მხოლოდ რევოლუციიდან რამდენიმე წელში გახდა ნათელი, რომ მწარედ შეცდნენ და სწორედ მაშინდელი შეცდომა განაპირობებს მათ დღევანდელ „შუაშისტობასაც“.

 

საკმაოდ პროგრესულად  მოაზროვნე ამ ხალხზე „ვარდების რევოლუციის“ დროს დაშვებულმა შეცდომამ ნეგატიური გავლენა მოახდინა და ამ კომპლექსიდან მათი  დიდი ნაწილი დღესაც ვერ ახერხებს თავის დაღწევას. დღევანდელი მათი პოზიციაც წინა შეცდომის გამოძახილია. სწორედ ახალი შეცდომის დაშვების შიშით შეპყრობილნი ცდილობენ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას და გვერდიდან ამჯობინებენ პროცესებისთვის თვალყურის დევნებას. მიუხედევად იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ  უარყოფითად არიან განწყობილი და  ყველაზე რაციონალურად სწორედ ისინი აკიტიკებენ მმართველ გუნდს, ეფექტური პოლიტიკური პლატფორმის ფორმირებას  არ ცდილობენ და ასევე უარს აცხადებენ „ქართული ოცნების“ სახით ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ძალის მხარდაჭერაზეც.

 

 

„ქართული ოცნების“ მიმართ მათი უარყოფითი და სკეპტიკური დამოკიდებულების მიზეზები ხშირ შემთხვევაში იმდენად აბსურდულია, რომ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისგან გასაკვირიც კია. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მათ არ გააჩნიათ მყარი არგუმენტები ახალი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ და უნდობლობას მხოლოდ იმის გამო იჩენენ, რომ უბრალოდ ეშინიათ ახალი შეცდომა არ დაუშვან და ისეთი ძალის მოსვლას არ შეუწყონ ხელი, რომელიც კიდევ ერთხელ გაუხდებათ სანანებელი. აქ კი მათ ავიწყდებათ მთავარი, არ შეიძლება წარსულმა შეცდომამ თვითიზოლაციისკენ გიბიძგოს და მომავალი შეცდომების შიშით პოლიტიკურ პროცესებს მოგწყვიტოს. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას შულცი და ხაზს უსვამს, რომ ხშირად  შეცდომის არასწორად აღქმა უფრო დიდ შეცდომისკენ უბიძგებს ადამიანს.

 

დღევადნელ საქართველოში კი არაფერია იმიზე დიდი შეცდომა, ვიდრე მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გვერდზე გადგომა. ქვეყანაში სადაც ხელისუფლება ყველანაირი მეთოდებით ებრძვის საკუთარ მოსახლეობას, მისი  შემაკავებელ ძალისგან გამიჯვნა უსამართლობასთან შეგუების ტოლფასია. მართალია, ზოგადად ძალების პოლარიზება არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებზე მიუთითებს და უკეთესია მათი დივერსიფიცირება, მაგრამ ეს წესი მოქმედებს მხოლოდ მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებაში მყოფი პარტია „სახელმწიფო ეს მე ვარ“ პოზიციიდან არ გესაუბრება (ან გებრძვის). საქართველოში კი ხელისუფლების ძალაუფლება უსაზღვროა, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა მმართველი გუნდის ხელში მოსახლეობის ტერორის იარაღად არის ქცეული და მისი დამარცხება მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური გუნდისა და მისი მხარდამჭერი კონსოლიდირებული  საზოგადოების საშუალებით შეიძლება. ამიტომაც, როცა ერთი მხარე წესების გარეშე იბრძვის, აბსურდულია მეორე მხარის პოლიტიკური კულტურა აკრიტიკო და ამის გამო მის მხარდაჭერაზე უარი თქვა.

 

„შუაშისტებად“ წოდებული ლიბერალების „ქართული ოცნებიდან“ გამიჯვნა და დიდი პოტენციალის მქონე ამ ხალხის უმნიშვნელო და არაანგარიშგასაწევ ძალად ქცევა ხელისუფლების ყველაზე დიდი გამარჯვებაა. რამდენიც არ უნდა აკრიტიკო ხელისუფლება, მაინც მისი თანამზრახველი გამოდიხარ, როდესაც გადამწყვეტ ბრძოლაში გვერდზე გადგომას და პროცესების გარედან დაკვირვებას ამჯობინებ. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავადაც კარგად აანალიზებ, რომ სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს. და რაოდენ სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება არა რაციონალური მიზეზით, არამედ წარსულში დაშვებული შეცდომის გამეორების შიშის გამო.

 

ვასო კუჭუხიძე
ვასო კუჭუხიძე

ავტორის შესახებ

ვასო კუჭუხიძე არის საერთაშორისო ურთიერთოებების სპეციალისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი