კომენტარი

ეკოლოგია და აბსურდი

25 ივნისი, 2012 • 2496
ეკოლოგია და აბსურდი

ეკოლოგია და აბსურდი


„როცა ბალახი უყურებს ღმერთს…“


1


„არ ვიცი რა ვქნა და ისევ შენ გწერ.. დარიალის ხეობაში ვიყავი ექსკურსიაზე და მართლა შეშფოთებული ვარ: ლარსის გამშვებ პუნქთან ხომ იცი რომ დიდი მონასტერი შენდება? ესენი ამდგარან და ზედ ჰიდროელექტროსადგურსაც აშენებენ.. სპეციალისტების ერთადერთი გამოხმაურება წავიკითხე; სადაც წერდნენ: საშინელება იქნება, როცა ეს ჰესი აშენდება, დარიალის ხეობა თავის პირვანდელ მშვენიერებას დაკარგავს და თერგის ხეობა აგარ გვექნებაო.. თერგს რაღაც დახურულ ბეტონის გვირაბში უპირებენ დამარხვას.. შეშფოთებულები არიან ბერებიც, საწყალი თვალებით იმზირებოდნენ.. ვაჟას შვლის ნუკრი გამახსენდა. ღამე არ მძინავს ამ ხეობის დარდით.. რაღაც ჩემი ვალი მგონია ამ ხეობის გადარჩენა. ყოფილხარ კი დარიალის ხეობაში?“ – ეს წერილი ჩემი მასწავლებლისგან მივიღე.


არც დარიელის ხეობაში ვყოფილვარ და არც ამ ჰესის მშენებლობის შესახებ გამეგო რამე. ინტერნეტში რამდენიმე სტატია ვიპოვნე. აი, ამონარიდები:


„დარიალი ჰესის“ მშენებლობისთვის თერგის დიდ ნაწილს გვირაბში მოაქცევენ. მიუხედავად გარემოსდამცველების მხრიდან „ზეწოლისა“, პროექტში მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა.“


„ სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იანი მონაკვეთი, სამუდამოდ თუ არა, 50 წელზე მეტი ხნით აბსოლუტურად შეიცვლის იერსახეს.“


„კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც „დარიალი ჰესი“ შექმნის წითელ წიგნში შეტანილ  ნაკადულის კალმახს ეხება. მდინარე თერგში ნაკადულის კალმახის პოპულაცია შესაძლოა სრულად გაქრეს.“

2.


„ცივილიზაციის გზა კონსერვის ქილებით არის ჩახერგილი“ — ალბერტო მორავია


ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდები, როდესაც ვხედავ ან მესმის, რომ ვინმე ბუნებას აბინძურებს. ამ დროს თავზე კონტროლს ვკარგავ. შემიძლია ცოფიანი ძაღლივით ვეცე. ადამიანის შეფასების კრიტერიუმიც კი მაქვს, იმის მიხედვით თუ როგორ ექცევა ან როგორ იქცევა ის ბუნებაში, რომელიც ყველაზე ზუსტი მგონია.

გაბრაზებასთან ერთად საშინელი უძლურების განცდა მაქვს, როცა ეკოლოგიურ დანაშაულს სახელმწიფო ან რომელიმე კორპორაცია გეგმავს და სჩადის.


მაგალითად ლაზიკის მშენებლობა ავიღოთ. პარლამენტმა კანონიც კი მიიღო, რათა ნაკრძალში მშენებლობის დაწყების საშუალება მისცემოდა და რომელიც თავისი არსით საერთაშორისო კონვენციებს ეწინააღმდეგება. ვგულისხმობ კანონს, “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ.” კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის შესაბამისად, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიიდან 842. 4 ჰექტარი დაცულ ტერიტორიად აღარ ჩაითვლება, მხარი ყველა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა.


ერთ-ერთმა დეპუტატმა კი ასეთი კომენტარი გაუკეტა ამ ფაქტს: „ევროპას უნდა, საქართველო მგლების საარსებო არეალად იქცეს. ევროპას, რომელსაც მგელი არ ჰყავს, იცავს მგელს საქრთველოში. არაერთხელ მითქვამს, გავუგზავნით, თუ ასე ძალიან უნდათ. ჩვენ კი საქართველო, პირველ რიგში, ადამიანებისთვის გვინდა.“ –

ეს გამონათქვამი ისევე უნდა დარჩეს და დარჩება წარმოუდგენელი სიბრიყვის ეტალონად, დოკუმენტაციად, როგორც ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის“ პერსონაჟების სიტყვები.

3


ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი იმდენად „გასაგები“, „გამჭირვალე“ და „ნორმალურია“, რომ შეუძლებელია ამაზე დიდი აბსურდის არსებობა. აბსურდი კი შეუძლებელს ხდის ურთიერთობებს, არამხოლოდ ერთმანეთთან არამედ გარემოსთან.


ქართული მენტალიტეტი, რომლითაც ასე ვამაყობთ, სადღეგრძელოები რომელსაც ვუძღვნით ქვეყანასა თუ საკუთარ ღიპებს, სულაც არ გვზღუდავს იმაში, რომ დავაბინძუროთ ყველა ის ადგილი, სადაც კი მოვხვდებით, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე… სვეტიცხოველში კი დავამონტაჟეთ კონდენციონერები, მაგრამ რას ვუზამთ  ქვეყანას, ცა-ფირუზს, ხმელთ – ზურმუხტსა, როცა ისე დაგვცხება, როგორც ჯოჯოხეთში? როცა სუნთქვასაც ვეღარ შევძლებთ?


„წყალზე დადიოდაო ქრისტე. თუ მდინარეების განადგურება და დაბინძურება არ შეწყდება, წყალზე  სიარულს ნებისმიერი შევძლებთ.“

მასალების გადაბეჭდვის წესი