კომენტარი

ნიჰილიზმიდან სოლიდარობამდე

24 ივნისი, 2012 • 1167
ნიჰილიზმიდან სოლიდარობამდე

 საქართველოში კი ხელისუფლება და საზოგადოება მუდამ მოწყვეტილი იყვნენ ერთმანეთს. საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართულ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ დამკვიდრებული უნდობლობა, 90-იან წლებში ქვეყანაში გამეფებულმა კორუფციამ და ნეპოტიზმმა კიდევ უფრო გააღრმავა.


„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დიდი იყო მოლოდინი ახალგაზრდა პროდასავლური ორიენტაციის მქონე ხელისუფლების მიმართ, მაგრამ პროგრესის ნაცვლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის რამდენიმე წლის შემდეგ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის კავშირი სრულიად გაწყდა. ორ ერთმანეთისგან იზოლირებულ ჯგუფს შორის სრული უნდობლობა ჩამოყალიბდა, რასაც მოსახლეობის სახელმწიფოებრივი ცხოვრებიდან მოკვეთა მოჰყვა, ხოლო ხელისუფლება თავის მხრივ, ხალხმა საზოგადოებისგან მოწყვეტილ, უცხო სხეულად შეირაცხა.


საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოსახლეობის უგულებელყოფა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მაშინ, როდესაც ის საერთაშორისო ასპარეზზე თავს დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით იწონებს. არადა დემოკრატიული და პოლიტიკურად თავისუფალი სახელმწიფო სამ ძირითად სვეტს უნდა ეფუძნებოდეს: ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემას, კანონის უზენაესობას და ხელისუფლების პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე. ამ სამი ელემენტის  თანაარსებობა უზრუნველყოფს ქვეყნაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ცხოვრების თანაბრად განვითარებას, და არა ერთის ხარჯზე დანარჩენების იგნორირებას, როგორც მაგალითად, ჩვენი ხელისუფლებისთვის აღთქმულ მიწად წოდებულ სინგაპურში, სადაც ეკონომიკური წარმატება მიღწეულია პოლიტიკური სისტემის დამახინჯების და სოციალური საკითხების უგულებელყოფის ხარჯზე.


რაც შეეხება საქართველოს, ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ პირველ ელემენტზე გადაიტანა ყურადღება და იქ გატარებული მეტ-ნაკლებად წარმატებული რეფორმებით ცდილობს თავი დასავლური სისტემის ნაწილად გაასაღოს. აქ კი აუცილებელია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების მიერ მიღწეული ტექნოკრატიული მოდერნიზმი არ არის საკმარისი ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის შესაქმნელად და საერთოდ, თავისუფალი პოლიტიკური სისტემის მშენებლობის პროცესში მის მნიშვნელობას აზრიც კი ეკარგება, თუკი დანარჩენი ორი ელემენტი იგნორირებულია.


სწორედ კანონის უზენაესობისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის უგულებელყოფა გახდა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კავშირის სრულად გათიშვის მიზეზი უკანასკნელი წლების საქართველოში. ქვეყანაში არ არსებობს მოსახლეობასთან კურსის შეთანხმების არავითარი ნება.  მმართველი გუნდი ჯიუტად „აწვება“ სინგაპურიზაციის გზას, სახელმწიფოებრივ ცხოვრებას სრულიად  მოწყვეტილი მოსახლეობა კი ვერაფერს უპირისპირებდა ხელისუფალთა ავტორიტარიზმისკენ სწრაფვას. საზოგადოებას დაკარგული ქონდა როგორც საკუთარი ადგილი სახელმწიფოში, ასევე რაიმეს შეცვლის იმედი. რამდენიმეწლიანი დაშინების, დათრგუნვის და დეზინფორმირების შემდეგ ქართული დანაწევრებულ-გათიშული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ძირითადი ტრენდი გახდა ნიჰილიზმი,


ქართული საზოგადოება განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მაშინ აღმოჩნდა, როდესაც 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა ნათელი გახადა, რომ მმართველი გუნდი ხელისუფლებაში განუსაზღვრელი დროით დარჩენას აპირებდა. აქ საზოგადოება დადგა იმედის სამუდამოდ დაკარგვის ზღვარზე. გარდაუვალი ჩანდა მიხელ სააკაშვილის პრემიერის სავარძელში გადაჯდომის პერსპექტივაც, რაც ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფის წინაშე აყენებს. თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე ისტორიულად, საზოგადოება გამოუვალ მდგომარეობაში უფრო ახდენს კონსოლიდაციას, რისი მაგალითიცაა საქართველოში გასული წლის შემოდგომის შემდეგ რადიკალურად შეცვლილი ვითარება. ცვლილებები ქართულ პოლიტიკაში ახალი ფიგურის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას რომ უკავშირდება,  ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ამჯერად არა ცვლილებების გამომწვევ მიზეზზე, არამედ თავად ცვლილებებზე გავამახვილებ ყურადღებას.


ორი პოზიტივი, რაც სართულ საზოგადოებაში სულ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა და სულ უფრო იკრებს ძალას, სამოქალაქო აქტივობა და სოლიდარობაა. ეს თანამედროვე დასავლური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ის ორი ურთიერთდაკავშირებული ელემენტია, რომლის ნაკლებობასაც საქართველო მუდამ განიცდიდა. გლობალიზაციის ხანაში, კოლექტიური იდენტობის მაქსიმალურად რღვევისა და ინდივიდუალიზმის ფეტიშის პარალელურად სოლიდარობას თვით დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. მაღალი ინდექსის დემოკრატიის სახელმწიფოებშიც კი, სადაც ეკლესიამ, ოჯახმა და ა.შ. დაკარგა ხალხის გაერთიანების ფუნქცია, საერთო მიზნების გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია, სწორედ სოლიდარობისა და სამოქალაქო აქტივობის წყალობით ხორციელდება.


საქართველოში კი დღეს სამოქალაქო აქტივობასა და სოლიდარობას უდიდესი მისია აკისრია. სწორედ მათი საშუალებით უნდა მოხდეს ქვეყანის განვითარებისთვის ხელისშემშლელ ორ პრობლემასთან ბრძოლა. პირველ რიგში, სამოქალაქო აქტივობის შედეგად მოსახლეობაში უნდა აღმოიფხვრას „სულ ერთია, მაინც არაფერი შეიცვლება“ დამოკიდებულება. ამ მხრივ პროგრესის ნიშნები უკვე სახეზეა, ის ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც გასულ წლებში სოციალურ ქსელებში განხილვის ფარგლებს არ ცდებოდა, დღეს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან ორგანიზებულ საპროტესტო ნაბიჯებს იწვევს. ორგანიზებული აქცია კი ზოგადად გაცილებით ეფექტური და მასშტაბურია, ვიდრე სპონტანურად მოწყობილი გამოსვლები.


გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიჰილიზმსა და უიმედობას საზოგადოების გაცილებით მეტად დათრგუნვა შეუძლია, ვიდრე შიშს. ღირსების შეგრძნება ადამიანთა დიდ ნაწილში შიშზე მაღალ საფეხურზე დგას. ასეთი ადამიანების დაშინებით გატეხვა კი ძალიან რთულია, ხოლო ნიჰილიზმი ის იარაღია, რომლის საშუალებითაც ღირსებაზე გვერდის ავლით არის შესაძლებელი ადამიანის დათრგუნვა და განეიტრალება. ახლა კი, როდესაც საქართველოში პოლიტიკური რეალობის შეცვლის ალბათობაც მაღალია, ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა იმედი და უკვე თვალში საცემია, თუ როგორ უჭირს ხელისუფლებას დაშინების მეთოდებით მოსახლეობის კონტროლი.


მეორეს მხრივ, სწორედ სამოქალაქო აქტივობის წყალობით უნდა მოხდეს დაქსაქსული საზოგადოების კონსოლიდაცია. ხელისუფლება მისთვის კრიზისულ ვითარებაში სწორედ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებით ახერხებდა ყურადღების სხვაგან გადატანას და ამით თავის დაძვრენას. მმართველი გუნდის ამ იარაღის განეიტრალება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ერთად დგომით უნდა მოხდეს. ამ მიმართულებით კარგად მუშაობს მოძრაობა „ეს შენ გეხება“, რომელმაც მოახერხა განსხვავებული ინტერესების მქონე ჯგუფების გაერთიანება და  სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე რამდენიმე საპროტესტო აქციის ერთდროულად ჩატარება. ამან კი საქართველოში ახალ რეალობას დაუდო საფუძველი. სწორედ „ეს შენ გეხება“ კამპანია უნდა იქცეს ხელისუფლების „გათიშე და იბატონე“ დოქტრინისაგან თავდაცვის საშუალებად.


ასევე მნიშვნელოვანია სოლიდარობის საკითხი, რომელიც საზოგადოების ხელში რეჯიმის წინააღმდეგ ეფექტურ იარაღს წარმოადგენს. მიმინოშვილის საქმემ და ექიმების ინციდენტმა ქუთაისში ნათელყო, რომ სოლიდარობის საშუალებით საზოგადოებას შეუძლია რეჟიმს სისტემის შიგნითაც სერიოზული დარტყმები მიაყენოს. ხელისუფლების დიდი მცდელობის მიუხედავად ზემოდხსენებულ ორ შემთხვევას საჯარო სექტორში კიდევ მრავალი მსგავსი ფაქტი მოჰყვება მომავალში და ამის ძირითადი მიზეზი საჯარო მოხელეების უკმაყოფილებასთან ერთად სოლიდარობის ახალი ტალღაც იქნება.

ვასო კუჭუხიძე
ვასო კუჭუხიძე

ავტორის შესახებ

ვასო კუჭუხიძე, საერთაშორისო ურტერთობების სპეციალისტი

   

მასალების გადაბეჭდვის წესი