რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს საინიციატივო ჯგუფის წევრთა წარდგენის ცერემონია გაიმართა, რომელზეც ახალი პარტიის ერთ–ერთმა წევრმა არჩილ კბილაშვილმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: „ადამიანი პოლიტიკაში მაშინ უნდა მოვიდეს, როდესაც სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახული აქვს“, რასაც ქართულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადად, სარკაზმით შეფუთული ნეგატიური დამოკიდებულება იყო. მიუხედავად იმისა, რომ კბილაშვილი საქართველოში არსებულ ორ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე ცდილობდა ყურადღების გამახვილებას, მის მიერ გამოყენებულმა სიტყვებმა: „სექსუალური“, „ლტოლვა“ და „ადრეფიზიოლოგიური“, საზოგადოების ნაწილისთვის ფრაზას კომიკური ხასიათი შესძინა, რამაც მე, პირადად, ჩემი ლექციების კურსი გამახსენა ფსიქოლოგიაში, როდესაც ლექტორის მიერ სიტყვა „სექსის“ გამოყენება აუდოტორიის არცთუ მცირე ნაწილში სიცილს და არასერიოზულ დამოკიდებულებას იწვევდა. თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ნათელი, მხოლოდ პირველკურსელებში არ იწვევს ეს სიტყვა ინფანტილურ რეაქციას.
ახლა, რაც შეეხება თავად კბილაშვილის მიერ მოყვანილი ფრაზის შინაარსობრივ დატვირთვას. ავტორმა სცადა ხაზი გაესვა ორი პრობლემური საკითხისათვის, რომელიც დღევანდელი ქართული რეალობისთვისაა დამახასიათებელი. პირველი: საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ახალგაზრდა და გამოუცდელი კადრების დანიშვნა, რაც უკვე სენად იქცა საქართველოში და ისედაც დაქსაქსულ-დაკომპლექსებულ ქართული საზოგადოებაში ეიჯიზმის მუხტი შემოიტანა. გარდა ამისა, უნივერსიტეტის მერხიდან პირდაპირ სამინისტროების მაღალჩინოსნების სკამებზე გადამსხდარი კადრები არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ბევრმა ისეთმა რეფორმამ განიცადა კრახი საქართველოში, რომლებმაც სხვა ქვეყნებში წარმატებული შედეგი გამოიღეს. ამ საკითხზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ამიტომაც არ ვაპირებ მისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობას, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ თუ ამ ტემპით გაგრძელდა საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა და კადრების გაახალგაზრდავება, მალე საქართველოსა და საბჭოთა კავშირს შორის ერთადერთი სხვაობა ის იქნება, რომ ერთი გერონტოკრატია იყო, ხოლო მეორე პეროკრატია არის.
მეორე საკითხს, რომელსაც კბილაშვილი შეეხო, არის პოლიტიკაში მყოფი ხალხის სექსუალური ცხოვრება, რომელიც რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსანის შემთხვევაში დიდი ხანია გაცდა პირადის ფარგლებს და საზოგადოების ქილიკისა თუ ჭორების საგანი გახდა.
აქ მე გთავაზობთ ვიდეორგოლს, სადაც თიკა კანდელაკი და ქსენია სობჩაკი საკმაოდ გულახდილად საუბრობენ საკუთარ სექს-ისტორიებზე თბილისში ვიზიტის დროს.
რთულია დარწმუნებით თქვა, მართლა მოხდა თუ არა ზემოთხსენებული ისტორიები. საერთოდ კარგი იქნება, თუ ვინმე დაინტერესდება ამ ფაქტებით და ჟურნალისტური გამოძიების საშუალებით დაადგენს მათ სიმართლეს. თუმცა ამ ეტაპზე ყურადღებას გავამახვილებ არა კონკრეტულად ინფორმაციის შინაარსზე, არამედ ვიდეორგოლის ქვემოთ დატოვებულ კომენტარებზე. იმის მაგივრად, რომ საზოგადოება დაინტერესდეს, თუ რამდენად შეესაბამება ეს ისტორიები სიმართლეს, ან რაში იხარჯება მათ მიერ გადასახადებით გადახდილი თანხები, ქართველთა ნაწილი ამაყობს იმით, თუ როგორ „უსწორდება“ საქართველოს პრეზიდენტი „რუს ოკუპანტებს.“
კომენტარების წაკითხვის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არა ევროპისკენ, არამედ აღმოსავლეთით მივიწევთ და მენტალურად უკვე ძალიან ახლოს ვართ ჩვენთვის აღთქმულ მიწად შერაცხულ სინგაპურთან. რომ არ დაგაბნიოთ, ახლავე აგიხსნით, თუ რას ვგულისხმობ. ზემოთხსენებულმა კომენტარებმა ცივი ომის დროს მომხდარი ერთი ფაქტი გამახსენა, როდესაც ინდონეზიის პრეზიდენტი მოსკოვს სტუმრობდა. KGB-მ მას ე.წ. „მერცხლები“ მიუგზავნა, რაც იმით დასრულდა, რომ სუჰარტოსა და ორი „მერცხლის“ სექსუალური ორგია ფარულად გადაიღეს. მოგვიანებით სუჰარტო ცარიელ კინოდარბაზში შეიყვანეს და ეს კადრები სიურპრიზის სახით აყურებინეს. ამ ოპრაციის მიზანი იყო სუჰარტოს დაშანტაჟება იმით, რომ ვიდეო ინდონეზიაში გავრცელდებოდა, თუკი ის მოსკოვის მითითებებს არ შეასრულებდა, მაგრამ კრემლის გათვლა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც მათ არ გაითვალისწინეს ინდონეზიელთა მენტალიტეტი. სუჰარტომ თავად ითხოვა ფირის გადამრავლება და გავრცელება, რათა ინდონეზიელ ხალხს ეამაყა საკუთარი პრეზიდენტის ტემპერამენტითა და პოტენციით. ინდონეზია კი სინგაპურიდან არცთუ ისე შორსა და, შესაბამისად, დანიშნულების პუნქტამდე ბევრი აღარ დაგვრჩა.
რაც შეეხება დასავლეთს, საითაც წესით უნდა ვისწრაფოდეთ, ინდონეზიისგან რადიკალურად განსხვავებული მენტალიტეტის მატარებელია. მართალია, დასავლური ცივილიზაცია პირადი სივრცის ხელშეუხებლობას ერთ–ერთ ძირითად ღირებულებად აღიარებს, მაგრამ საკმაოდ შეუწყნარებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი ადიულტერის მიმართ და ბილ კლინტონის სკანდალი მონიკა ლევინსკისთან ამის ნათელი მაგალითია. საზოგადოების აღშფოთება იმდენად დიდი იყო ამერიკელებში, რომ კლინტონი ძლივს გადაურჩა იმპიჩმენტს. თვით სილვიო ბერლუსკონისაც კი „ბუნგა ბუნგა წვეულებებმა“ საკმაოდ კარგად მორგებული სავარძელი შეურყია. მრავლადაა შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკებთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალების მიმართ საზოგადოების არანაკლები აღშფოთების შემთხვევები, თუმცა მათი ჩამოთვლა ახლა შორს წაგვიყვანს, ეს ფაქტები უბრალოდ იმის დასტურია, რომ დასავლური საზოგადოება საკუთარი ხელისუფლების მორალურ პრინციპებსაც მკაცრად აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში საკმაოდ მწვავე რეაქციასაც გამოხატავს.
რადგანაც ჩვენ ირგვლივ ორი განსხვავებული სამყარო არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გვინდა ვიყოთ, თუ აღმოსავლურის, სინგაპურია ჩვენი ბედი, თუ ბრიუსელი. აღებული კურსი კი საქმით უნდა განვამტკიცოთ და არა ზეზვას და მზიას თამადობით პირველი ევროპელების სადღეგრძელოების სმით. თუკი ევროპელობა გვინდა, ამისთვის, პირველ რიგში, ევროპული ღირებულებები უნდა დამკვიდრდეს საზოგადოებაში. რადგანაც ევროპას მკვთრად გამოკვეთილი საზღვრები არ გააჩია, მასთან მიკუთვნება იმ ღირებულებებისა და ფასეულობების გათავისებით ხდება, რაც ევროპული ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი და ფუნდამენტურია.
P.S. იმის გათვლისწინებით, რომ უკვე სინგაპურთან ძალიან ახლოს ვართ, უკან ევროპისკენ საკმაოდ შორი გზა გვექნება გასავლელი.
ავტორის შესახებ
ვასო კუჭუხიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი |