კომენტარი

ნეპოტიზმიდან კლიენტელიზმამდე

1 ნოემბერი, 2012 • 1983
ნეპოტიზმიდან კლიენტელიზმამდე

მართალია, გამარჯვებული გუნდის ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ქვედა ეშელონებში დასაქმებულ პირებს სტრუქტურული ცვლილებები არ შეეხებოდათ, მაგრამ ახალი მმართველების დანიშვნამ სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში თანამშრომელთა დიდ ნაწილში პანიკა გამოიწვია. ეს კი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული.

 

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მართალია, ახალი ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან კადრების დათხოვაზე უარს ამბობს, მაგრამ ამავდროულად კატეგორიულად აცხადებს, რომ დანაშაულებრივ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ჩართული სახელმწიფო მოხელეები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გადაურჩებიან. სტუქტურებში მაღალჩინოსნების მიერ შექმნილ კორუფციულ და დანაშაულებრივ სქემებში კი ხშირად დაბალი რანგის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულნი. შესაბამისად, ამ ხალხმა იცის, რა ბედიც ელის დანაშაულების სამართლიანად გამოძიების შემდეგ.

 

სახელმწიფო მოხელეთა გარკვეული ნაწილი კი, შესაძლოა, საერთოდ არ არის გახვეული კორუფციულ და დანაშაულებრივ საქმიანობაში, მაგრამ მას სხვა საფიქრალი გააჩნია. მერიტოკრატიის არარსებობის პირობებში, სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებისა თუ თანამდებობების შოვნა-შენარჩუნება ხელისუფლებაში მყოფ პირებთან სიახლოვე/მეგობრობა/ნათესაობაზე იყო დამოკიდებული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისტემა ემყარებოდა ნეპოტიზმს. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეთა ამ სეგმენტმა კარგად იცის, თანამდებობა რისი წყალობითაც უჭირავს და ისიც იცის, რომ ასეულობით მაღალკვალიფიციური პროფესიონალი არსებობს ქვეყანაში, რომელიც მის ადგილს გაცილებით მეტად იმსახურებს, ამიტომაც ეშინია, რომ ახლო მომავალში სამსახურის დათმობა მოუწევს. 

 

გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ გააჩნია საკუთარი გუნდი, რომელიც მხოლოდ იმ ხალხით არ არის დაკომპლექტებული, რომელმაც მაღალი თანამდებობები დაიკავა. ამ გუნდის გარკვეული ნაწილი არის პროფესიონალი და საკმაოდ გამოცდილი, რომელმაც კოალიციის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და ახლა გააჩნია სურვილი, სახელმწიფო განვითარების პროცესშიც ჩაერთოს. პოლიტიკური ბრძოლის დროს პარტიის ლიდერშიფი გარკვეულ ვალდებულებას იღებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იმ ხალხის ცოდნასა და გამოცდილებაზე უარი არ თქვას, რომლის დახმარებითაც მოვიდა ხელისუფლებაში. სწორედ ამ პროცესს ეწოდება კლიენტელიზმი.

 

მართალია, კლიენტელიზმი გარკვეულწილად ეწინააღმდეგება მერიტოკრატიას, რადგანაც გამარჯვებული გუნდი პოლიტიკური პროცესებიდან შორს მდგარ კადრებზე წინ აყენებს იმ ხალხს, რომლებიც მას გამარჯვებაში დაეხმარნენ. თუმცა კლიენტელიზმი თავის თავშიც შეიძლება შეიცავდეს მერიტოკრატიის ელემენტებს, როდესაც პოლიტიკური ბრძოლის დროს სწორედ პროფესიონალებზე აკეთებს აქცენტს და მათი დახმარებით ახერხებს გამარჯვებას. მოგვიანებით ამ პროფესიონალების დანიშვნა თანამდებობებზე კი წინააღმდეგობებს არ ქმნის. ნეპოტიზმისგან კი განსხვავდება იმით, რომ აქცენტი კეთდება არა ნათესაობა/მეგობრობაზე, არამედ პოლიტიკურ პროცესებში მიღწეულ შედეგებსა და დამსახურებაზე.

 

კლიენტელიზმი გარკვეულწილად დამახასიათებელია დემოკრატიული სახელმწიფოებისთვისაც. უბრალოდ, დასავლურ ცივილიზაციაში ეს უკანასკნელი დასაშვებია იმ დონემდე, სანამ ბიუროკრატიულ ავტონომიას საფრთხეს შეუქმნის. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რაც უფრო  ხანგრძლივია სახელმწიფოს დამოუკიდებლად არსებობის ისტორია და ქვეყანა ეკონომიკურად განვითარებულია, მით უფრო ნაკლებია კლიენტელიზმის დონე. 

 

ახლადდამოუკიდებლობამოპოვებულ და ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებში პოლიტიკურ ჯგუფებს არ გაანჩნიათ საკმარისი მატერიალური რესურსები, ამიტომაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებით ცდილობენ იმ ხალხის შენარჩუნებას, რომელიც მათ გამარჯვებაში დაეხმარა. პოლიტოლოგთა აზრით, თუკი განვითარებად და პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაში გამარჯვებული ჯგუფი უარს იტყვის კლიენტელიზმზე, მას ძალიან გაუჭირდება წარმატების მიღწევა სახელმწიფოს მართვაში და გამარჯვება მომდევნო არჩევნებში. 

 

აქვე გასათვალისწინებელია ბერძნულ-იტალიური კლიენტელიზმის უარყოფითი მხარე, როდესაც გამარჯვებული გუნდი არ უშვებს წინა ხელისუფლების კადრებს და ამატებს საკუთარ  ხალხს, რაც იწვევს ბიუროკრატიული სისტემის გაბერვას. სწორედ ამას მიიჩნევს ევროპელ ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი საბერძნეთში და იტალიაში ფინანსური კრიზისის ერთ-ერთ მიზეზადაც.

 

ეს ყოველივე ქართულ რეალობას რომ შევუსაბამოთ, ქვეყანა შორსაა განვითარების იმ დონისგან, რომ კლიენტელიზმისგან თავის დაღწევა შეძლოს, მაგრამ მისგან მომდინარე უარყოფითი შედგების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით: 1. არ უნდა მოხდეს კადრების გაბერვა. 2. სამსახურებიდან უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ არაპროფესიონალი და დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული სახელმწიფო მოხელეები. 3. საკუთარი კადრების მიყვანის (კლიენტელიზმის) შემთხვევაშიც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მერიტოკრატიის პრინციპები.

მასალების გადაბეჭდვის წესი