კომენტარი

გაფიცვები – ტესტი ახალი ხელისუფლებისთვის

25 ოქტომბერი, 2012 • 1588
გაფიცვები – ტესტი ახალი ხელისუფლებისთვის

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი ხელისუფლება პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში სოციალურ საკითხებს წამყვანი ადგილი ეჭირა. კოალიციის ლიდერები გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანის შრომით ბაზარზე შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების პირობას დებდნენ. რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს ახალი ხელისუფლება დაცარიელებული ბიუჯეტის პირობებში გაფიცულთა ანაზღაურების გაორმაგებას, თუმცა, საწყის ეტაპზე, ბიუჯეტში მატების დაწყებამდე შესაძლებელია სხვადასხვა ნორმატიული რეგულაციებით გაფიცულთათვის მდგომარეობის შემსუბუქება. 

 

მართალია, რეგულაციების შედეგად შემცირებული სამუშაო საათები ან გაზრდილი შვებულება არ იქნება საკმარისი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხელფასის გაორმაგებას ითხოვენ, მაგრამ ბიუჯეტში სახსრების გაჩენამდე გაფიცულებს და მათდამი სოლიდარობით განმსჭვალულ საზოგადოების ნაწილს დაანახებს, რომ ახალი ხელისუფლება პრობლემის მიმართ გულგრილად არ არის განწყობილი და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ძალისმიერი ბერკეტებით არ ცდილობს პრობლემის გადაწყვეტას. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ჭიათურის რაიონიდან უკვე რამოდენიმეჯერ შეხვდა გაფიცულ მაღაროელებს და დახმარება აღუთქვა. იმედია, დაპირებები ამჯერად მაინც არ დარჩება დაპირებებად.

 

გაფიცვებთან დაკავშირებით არსებული ერთ-ერთი პოზიტიური ფაქტი გახლავთ ისიც, რომ ხელისუფლების საზოგადოებაში გამეფებული შიში გაქრა. თუკი ბოლო წლებში შრომის კატორღული პირობებით გატანჯული მოსახლეობის უმრავლესობა სამსახურის დაკარგვის ან პირადი ანგარიშსწორების შიშით ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, დღეს უკვე სახეზეა, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის ილუზიის შექმნის აქამდე არსებული გეზი შეწყდა. ახალ რეალობაში კი აუცილებელია დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს როგორც ხელისუფლებას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შრომითი ბაზრის ამა თუ იმ სექტორში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის შესახებ. 

 

მართალია, გაფიცვა საკუთარი პრობლემებისადმი ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის რადიკალური ფორმაა, მაგრამ ქვეყანაში, სადაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ხელისუფლება ამგვარი პრობლემების არა მოგვარების, არამედ მიჩქმალვის პოლიტიკას ატარებდა, საზოგადოების გამოფხიზლებას სჭირდება შეჯანჯღარება, ხოლო ხელისუფლების ეფექტურ ნაბიჯებს – დასაქმებულთა მხრიდან სამართლიანი და რელევანტური მოთხოვნების წაყენება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს დაქირავებულთა პრობლემის რეალური გადაწყვეტა და არა დამქირავებლის ინტერესის გათვალისწინებით პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით სამუშაო ადგილებზე დაბრუნება, როგორც ამას „ნაციონალური“ მთავრობის დროს ქუთაისში ჰქონდა ადგილი.

 

ცალსახად პოზიტიურია შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საზოგადოებაში სოლიდარობის მუხტის გაჩენა. სავარაუდოდ, ბორჯომში  „IDS ბორჯომი- საქართველო”-ს თანამშრომლების, ჭიათურაში მაღაროელებისა და თბილისში რკინიგზელების მიერ გამართულ გაფიცვებს შორის კოორდინაცია არ ყოფილა, თუმცა ერთის მხრიდან გადადგმული გაბედულ ნაბიჯს ხშირად გააჩნია სხვათა სტიმულირების ეფექტი. ის ფაქტი, რომ გაფიცულები მტკიცედ დგანან საკუთარი მოთხოვნების დასაცავად და არ თანხმდებიან დამქიარავებელთა მიერ ანაზღაურების 25%-ით გაზრდის შემოთავაზებას, ასევე მისასალმებელია.

 

მნიშვნელოვანია, ასევე, სტუდენტების მხრიდან გაფიცული მაღაროელების მიმართ გამოხატული მხარდაჭერა. „ლაბორატორია 1918“-ის წევრები საკუთარი ხარჯებით ჩავიდნენ ჯერ ქუთაისში და პარლამენტის გახსნის დღეს შრომის კოდექსით დაკანონებული მონობა გააპროტესტეს, მოგვიანებით კი ჭიათურაში შეუერთდნენ გაფიცულებს. ახალგაზრდების ჩართვა ადამიანის შრომის უფლებების დაცვის საკითხებში ქართული რეალობისთვის ახალი და უაღრესად პოზიტიური მოვლენაა.

 

თავის მხრივ, ბეჭდვური მედიის მხრიდანაც გაიზარდა ყურადღება აღნიშნული მოვლენების მიმართ. მართალია, გარკვეული გამოცემები ქუთაისის ინციდენტის დროსაც საკმაოდ აქტიურად იბრძოდნენ მშრომელთა უფლებების დასაცავად, მაგრამ სახელმწიფო წნეხის მოხსნამ მედია გაცილებით მოქნილი გახადა და თემის გაშუქების მასშტაბებმაც იმატა. საზოგადოებისთვის ინფორმაციის უწყვეტი და ობიექტურად მიწოდება კი, თავის მხრივ, აუცილებლად გაზრდის გაფიცულების მიმართ არსებულ სოლიდარობის მუხტს.

 

გამოცოცხლება დაეტყოთ პროფკავშირებსაც, რაც, ასევე, დადებითი შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს დაქირავებულთა სოციალური და შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად ქვეყანაში. ევროპის არსებული „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ მოდელის წარმატება გარკვეულწილად სწორედ ძლიერი პროფკავშირების დამსახურებაც არის. ამიტომაც, დღემდე ქვეყანაში თითქმის ფორმალურად არსებული პროფკავშირების გააქტიურებამ არ შეიძლება თავისი პოზიტიური წვლილი არ შეიტანოს შრომითი გარემოს გაუმჯობესებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი