კომენტარი

რატომ ჩავიდა ილია მეორე მოსკოვში?

22 ნოემბერი, 2011 • 1431
რატომ ჩავიდა ილია მეორე მოსკოვში?

ხვალ, 23 ნოემბერს, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

ილია მეორე რუსეთის დედაქალაქში 18 ნოემბერს გაემგზავრა – რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

20 ნოემბერს ილია მეორე და კირილი ერთმანეთს მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში შეხვდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უმასპინძლა.

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ და კირილმა ერთმანეთთან შეხვდრისას ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

“ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო და ახლაც არის, ღია ჭრილობებია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვაშუშოთ. დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ. ჩვენ, პატრიარქებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგეს”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს, რასაც რუსეთის პატრიარქი ასეთი განცხადებით გამოეხმაურა:

„მართლმადიდებელ ქართველებსა და რუსებს ყოველთვის თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ და ჩვენ ვმუშაობთ და ვლოცულობთ, რომ კვლავ აღდგეს ეს თბილი და მეგობრული დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ვერანაირი პერიპეტიები ამ ურთიერთობის ფუნდამენტს ვერ დაანგრევს, რადგან ორი ქვეყნის ურთიერთობაში მთავარ ფუნდამენტს მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობა წარმოადგენს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის შესაძლოა გლობალური პრობლემები  იყოს, ასევე, ეკონომიკური და იდეოლოგიური უთანხმოება, ეკლესია მაინც რჩება  ერთადერთ ინსტიტუტად, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობებს ამყარებს და ყველაზე რთულ დროს გვეხმარება. ამიტომ ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობით,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მართლმადიდებლური ქვეყნების მთავარ წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პატრიარქიც ესწრებოდა.

ილია მეორე მოსკოვიდან საქართველოში 24 ნოემბერს უნდა დაბრუნდეს. რა შედეგს გამოიღებს მისი ვიზიტი რუსეთში საქართველოსთვისთვის და რას მიიღებს ამით თავად რუსეთი?

თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ კრემლს და საქართველოს პატრიარქს საერთო ინტერესები აქვთ:

„კრემლს ეს ჭირდება  საქართველოში თავისი პოლიტიკის მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების გასაჩენად, რათა მიაღწიოს  საწადელს და თავის პოლიტიკურ ორბიტაში შეიყვანოს საქართველო, რისი ძლიერი სურვილიც, სამწუხაროდ, აქვს ილია მეორესაც, რადგან მსოფლმხედველობის კუთხითაც მას ეს მოსწონს. გარდა ამისა, მთელი თავისი ცხოვრება ის არის რუსეთის კაცი. არ უნდა დაგვავიწყდეს, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ილია მეორე არის ყველაზე გამოცდილი და დიდი ხნის მოთამაშე.

არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, თვით „ნაციონალურ მოძრაობასაც“, არ აქვს იმდენად დიდი ძალა ხალხზე იდეოლოგიურად ზემოქმედების, როგორიც მართლმადიდებლურ ეკლესიას, ეს სააკაშვილის ბრიყვული პოლიტიკის დამსახურებაა და ასევე ოპოზიციის კონფორმიზის“.

კობახიძეს მიაჩნია, რომ ერთ-ერთი კონკრეტული შედეგი, რაც შესაძლოა საქართველოს პატრიარქის რუსეთში ვიზიტის შედეგად დადგეს, იქნება ილია მეორეს მიზნის ასრულება –  ჩავიდეს აფხაზეთში რუსეთის დახმარებით:

„ეს სწორედ კრემლის პოლიტიკაში ჯდება, რათა ხალხმა დაინახოს, რომ საქართველოს სახელმწიფო არაფერს ნიშნავს და ის ვერაფერს აკეთებს აფხაზეთთან მიმართებაში. სულიერი ლიდერი – ილია მეორე კი ჩავიდა აფხაზეთის მიწაზე. კრემლი საქართველოში დასაყრდენს ეძებს და პოულობს კიდეც რელიგიურ-პატრიოტული მსოფლმხედველობის ადამიანებში“.

განსხვავებულად ფიქრობს საქართველოს პარლამენტის წევრი და „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე:

„ჩვენი ეკლესია იყენებს ამ სიტუციას ძალიან კარგად, რათა დაფიქსირდეს, რომ ეს არის საქართველოს ეკლესიის განუყოფელი ნაწილი და შეძლებისდაგვარად მოხდეს იმ ტაძრებზე ზრუნვა, რომლებიც ტერიტორიულად რუსული გავლენის ქვეშ იმყოფება“.

ლევან ვეფხვაძის აზრით, საქართველოში არაჯანსაღი ეიფორია გამოიწვია პატრიარქის რუსეთში ვიზიტმა. მისი თქმით, ეს არის გარკვეულწილად ერთადერთი ბერკეტი სულიერი კავშირის შესანარჩუნებლად იმ ტერიტორიებთან, რომლებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ მედვედევის შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან არის მცდელობა, დასავლეთს დაანახოს, რომ მას  არ აქვს ქართველ ერთან ურთიერთობის პრობლემა და ეს პრობლემა ერთადერთ ადამიანთან – სააკაშვილთან აქვს, თუმცა, მეორეს მხრივ, ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ  სააკაშვილი რომ შეიცვლოს, რუსეთი სხვა მიზეზს გამოძებნის, რათა არსებულ სიტუაციაზე გულდასმით არ ვისაუბროთ:

„არა მგონია, მათთვის სასურველი იყოს იმ სტატუს კვოს შეცვლა, რომელიც დღეს აქვთ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ყოველთვის იქნება დროის გაყვანაზე ორიენტირებული.“

თეოლოგი ნოდარ ლადარია მიიჩნევს, რომ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში „უკიდეგანო სისულელეა“:

„ნებისმიერი ინტერპრეტაცია, მაშინაც კი, როდესაც ის რაღაცას კიცხავს, წარმოუდგენელია გამართლების გარეშე. თუკი შენ რაღაცას განმარტავ, ნიშნავს, რომ ამის ღირსად თვლი, ვთქვათ, გაკიცხვის. ეს არის სრული არაადეკვატურობა, რომელიც განმარტებასაც არ იმსახურებს,”- აცხადებს ნოდარ ლადარია.

ამავე თემაზე:

რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა

მედვედევის შეხვედრა პატრიარქებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი