ბატონო ვახტანგ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს 150–დან 190–მდე. ჭირდება თუ არა ამ ცვლილების განხორციელებას რეფერენდუმის ჩატარება, რადგან თავის დროზე, 2003 წელს, დეპუტატების რაოდენობის შემცირება 235–დან 150 წევრამდე რეფერენდუმის შედეგად გადაწყდა.
ამ ცვლილებას ჭირდება რეფერენდუმი. “რეფერენდუმის შესახებ ორგანულ კანონში” პირდაპირ წერია, რომ რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით.
“ახალი მემარჯვენეების” ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ერთ–ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განმარტა, რომ ამ ცვლილების განხორციელება შესაძლებელია რეფერენდუმის გარეშე. მისი არგუმენტი იყო ასეთი, რომ რახან რეფერენდუმის შემდეგ შედგა ფაქტი და პარლამენტმა 150 –კაციანი შემადგენლობით იფუნქციონირა, მოქმედ პარლამენტს აქვს უფლება, რომ შეიტანოს საკონსტიტუციო ცვლილება და გაზარდოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა რეფერენდუმის გარეშე…
პარლამენტს აქვს უფლება, შეამციროს პარლამენტის წევრთა რაოდენობა, მაგრამ არა – გაზარდოს, იმიტომ, რომ რეფერენდუმის კითხვარში კითხვა ასე იყო დასმული – ეთანხმებით თუ არა იმას, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150–ს, ანუ 150 არის ზედა ზღვარი.
და კიდევ ერთი არგუმენტი იქნა გახმოვანებული კაციტაძის მიერ რეფერენდუმის საწინააღმდეგოდ, რომელიც შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ 2003 წლის არჩევნების შედეგების ერთი ნაწილი უკანონოდ იქნა ცნობილი, რეფერენდუმის შედეგები კი დარჩა.
არ არის ასე. ლოგიკურია იმის თქმა, რომ თუ პროპორციული არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, არაკონსტიტუციურობის გამო და იქ მიზეზებია მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილებაში – რატომ იქნა ცნობილი არაკონსტიტუციურად, ზუსტად ამავე მიზეზებით, არაკონსტიტუციურად უნდა ყოფილიყო ცნობილი მაჟორიტარული არჩევნების შედეგები და რეფერენდუმის შედეგებიც, მაგრამ ეს საკითხი არ დასმულა, სარჩელი არ შეტანილა სასამართლოში, სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მაჟორიტარული წესით არჩეულები დარჩნენ პარლამენტის წევრებად და რეფერენდუმის შედეგი დარჩა უცვლელი. ანუ ერთი არის ფორმალურ–სამართლებრივი მხარე და ამ თვალსაზრისით რეფერენდუმის შედეგი კანონიერია, ისევე, როგორც მაჟორიტარებისა, მაგრამ არაფორმალური თვალსაზრისით, არსობრივი თვალსაზრისით, რასაკვირველია, უნდა გაუქმებულიყო მაჟორიტარული არჩევნების შედეგებიც და რეფერენდუმის შედეგებიც, მაგრამ ეს არ გაკეთებულა, ამიტომ ისინი სამართლებრივი თვალსაზრისით ძალაშია.
რეფერენდუმის გარდა, კიდევ რის საფუძველზე შეუძლია ხელისუფლებას ამ ცვლილების განხორციელება?
ეს იქნება უკანონობა, მან ჯერ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი – ეთანხმებით თუ არა, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა გაიზარდოს და ლოგიკური იქნება, რომ მიუთითოს რიცხვი – სადამდე, ან საერთოდ არ მიუთითოს და თუ ამაზე იქნება თანხმობა, მერე შეუძლია შეცვალოს.