ახალი ამბები

უსუფაშვილის აზრით, ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პოლიტიკური შეცდომაა

8 მარტი, 2016 • 1510
უსუფაშვილის აზრით,  ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პოლიტიკური შეცდომაა

”რესპუბლიკური პარტია” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვით, ოჯახი ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირია, პოლიტიკურ შეცდომად თვლის. ამის შესახებ დავით უსუფაშვილის განცხადებას, მისი  ფეისბუკ გვერდი ავრცელებს.

”იმ ადამიანების მესმის, ვისაც ეს თემა გულწრფელად აწუხებს, მაგრამ საკითხის მოგვარების პოლიტიკური მხარე უფრო ემსგავსება პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შებიჯებას, პოლიტიკური მახისკენ ნაბიჯს. ამიტომ ამას პოლიტიკურ შეცდომად ვთვლით და რესპუბლიკური პარტია ინიცირების პროცესს პოლიტიკურად გაემიჯნა. ”

ამავე განცხადების მიხედვით,  “ამ თემით უახლოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება, ეს არანაირად არ შედის საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებში” :

“ვინაიდან ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი თემა გვაქვს, რომლის საფუძველზეც და ფონზეც უნდა მოხდეს საარჩევნო გადაწყვეტილებების მიღება და არა საეჭვო წარმოშობის, საეჭვო მიზნების თემით.”

დავით უსუფაშვილის აზრით,  საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას  სწორი დრო და სწორი ტაქტიკა სჭირდება:

”იმ ვითარებაში, როდესაც ხდება ცვლილების ინიცირება, ამით იმის გაცხადება ხდება, რომ ამ თვალსაზრისით შესაძლოა კონსტიტუციას რაღაც აკლია. თუ ინიცირებას სწრაფი გადაწყვეტილება არ და ვერ მოჰყვება, მაშინ ჩვენ ვტოვებთ პრობლემას გამრავლებულს და პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება.”

კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ 7 მარტს მხარი დაუჭერა ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობად განისაზღვროს. ამ საკითხზე განსხვავებული საკითხი დააფიქსირა რესპუბლიკურმა პარტიამ.

რესპუბლიკურმა პარტიამ  პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერდნენ კონსტიტუციაში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განიმარტება.

7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ”რესპუბლიკური პარტიისთვის  ქორწინება ეს არის მამაკაცის და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა და ამ საკითხს არც შეცვლა სჭირდება და არც გამაგრება.”

_________________________________________________________________________

მოვლენათა ქრონოლოგია

  • საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
  • 2012 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქრისტიანულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ მოამზადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციის 36-ე მუხლის ცვლილებას შემდეგი რედაქციით: “სახელმწიფო აღიარებს მამაკაცისა და ქალის ქორწინებას, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.“ ქდმ-მ ამ ინიციატივის მხარდასაჭერად მაშინ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ეს ინიციატივა ასევე გახდა ჰომოფობიაზე დისკუსიის საფუძველი.
  • 2014 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, კონსტიტუციაში შეეტანათ ჩანაწერი, რომ “ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა” [სავარაუდოდ მას მხედველობაში ჰქონდა ქორწინება, რადგანაც “ოჯახი” საერთოდ არ გვხდება კონსტიტუციაში”. მაშინ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების ინიციატივა განხილული და მოწონებულია კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ.
  • 2016 წლის 27 იანვარს მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს.
  • 2016 წლის 7 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი ტატიშვილისთვის დაცვის გამოყოფის თხოვნით. ეკლესიამ განაცხადა, რომ ტატიშვილი არის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი და რადგანაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი “ასეთ კანონთან მიმართებაში”, არის საშიშროება, რომ გარკვეული ძალების მიერ ეს მდგომარეობა იქნას გამოყენებული პროვოცირებისათვის და გიორგი ტატიშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. შსს სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას, გამოუყვეს თუ არა დაცვა გიორგი ტატიშვილს საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე;
  • 2016 წლის 8 თებერვალს ლგბტ ორგანიზაციები ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის ინიციატივას გაემიჯნენ და განაცხადეს, რომ გიორგი ტატიშვილს არ ჰქონია ლგბტ თემთან საკანონმდებლო ინიციატივაზე დისკუსია და იგი მოქმედებს არა ლგბტ ადამიანების, არამედ საკუთარი სახელით. მათი აზრით, ინიციატივა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით პროვოკაციულია და ლგბტ ადამიანების უფლებების არა დაცვისკენ, არამედ მათი დაზარალებისკენ არის მიმართული.
  • 2016 წლის 9 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მზად აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში გადავა ოჯახის ის დეფინიცია, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი