კოალიცია მხარს უჭერს, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობად განისაზღვროს

კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ დღეს, 7 მარტს, მხარი დაუჭერა ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობად განისაზღვროს. ამ საკითხზე განსხვავებული საკითხი დააფიქსირა რესპუბლიკურმა პარტიამ.

“კოალიცია ქართული ოცნების დღევანდელ პოლიტსაბჭოზე განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა. რესპუბლიკურმა პარტიამ დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია, რაც ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს. ამასთანავე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ ცოტა ხნის წინ გააკეთა მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგია, რაც გამყარდა კიდეც შესაბამისი კანონმდებლობით. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გიდასტურებთ კოალიციის ერთგულებას პრინციპისადმი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით მიუღებლობას და აღკვეთას. ამავდროულად, გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, რაც არის ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის მთავარი კანონის, კონსტიტუციის დონეზე,”- განაცხადა პრემიერმა.

რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერდნენ კონსტიტუციაში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განიმარტება.

ამგვარი ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით, 2014 წლის 28 მარტს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. აღნიშნული ღარიბაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი