ახალი ამბები

ქსანში გაფიცვა შეწყდა – გაფიცულებს ხელფასი 7,5%-ით გაეზრდებათ

5 მარტი, 2016 • 1425
ქსანში გაფიცვა შეწყდა – გაფიცულებს ხელფასი 7,5%-ით გაეზრდებათ

ქსნის მინის ქარხნის მუშებმა გაფიცვის 29-ე დღეს გაფიცვა შეწყვიტეს. მოლაპარაკების შედეგად მუშების ხელფასი 7,5%-ით გაიზრდება და 2017 წლის 1 იანვრიდან გაუფორმდებათ კოლექტიური ხელშეკრულება, რომელზე მუშაობასაც მიმდინარე წლის აპრილში დაიწყებენ და გაფიცული დღეების ნახევარი აუნაზღაურდებათ.

ამასთანავე, მუშების მოთხოვნების თანახმად, კომპანიაში გამოიყოფა ოფისი პროფკავშირის საქმიანობისთვის.

მოლაპარაკება 7 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. მხარეებს წარმოადგენდნენ საგაფიცვო კომიტეტი, კომპანიის ადმინისტრაცია, გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლები და მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე.

საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლის, თემურ სურამელაშვილის თქმით, ეს იყო მაქსიმალური, რასაც კომპანია დათმობდა.

მოლაპარაკების დროს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა მინის ქარხნის შენობა დატოვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობდა და იქ თავისი როლი ვეღარ დაინახა.

ქსანში გაფიცვა 5 თებერვალს დაიწყო . თავდაპირველად მათი მოთხოვნები ხელფასების 30%-ით გაზრდა, კოლექტიური ხელშეკრულების დადება და პროფკავშირისთვის ფართის გამოყოფა იყო. მოგვიანებით ამ მოთხოვნებს გაფიცული დღეების ანაზღაურებაც დაემატა. სულ გაფიცული იყო 160 მუშა, რაც ქარხნის მუშების 80%-ს შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი