გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ქსნის მინის ქარხანაში გაფიცულ მუშებს, პროფკავშირისა და საწარმოს ხელმძღვანელებს შორის მოილაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს.
პეტრიაშვილმა შეხვედრა მოლაპარაკებების დასრულებამდე დატოვა. გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა უფრო პრაგმატული იქნება.
“იმიტომ დავტოვე შეხვედრა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან რთულად. პოზიცია არის ხისტი. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. იმედი მინდა ვიქონიო, რომ უფრო პრაგმატული იქნება მხარე და მიუდგება იმ ადამიანების პრობლემებს, რომლებიც ამდენი ხანია დგანან. რეალურად, ამ წუთში მე ჩემს როლს ვერ ვხედავ ამ მოლაპარაკებებში. ჩემი დარგის წარმომადგენელი იქ არის. ბიჭები, ჩვენი ძმები იქ არიან და, ბუნებრივია, გააგრძელებენ მოლაპარაკებებს. მე ვთქვი, რა შემთხვევაში შეიძლება, რომ მე დავუბრუნდე მოლაპარაკებებს და ეს იციან თვითონ. ამაზე მეტს უკვე ვერაფერს ვიტყვი. რა შემთხვევაში შეიძლება დავუბრუნდე მოლაპრაკებებს, ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ იქ ვთქვი უკვე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მე არ მინდა, რომ ამ პროცესს ხელი შევუშალო. კმაყოფილი რომ ვყოფილიყავი მოლაპარაკებებით, გამოვიდოდი და ვახარებდი ამ ხალხს, ” – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
საწარმოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს პარალელურად, სტუდენტური გაერთიანებების წარმომადგენლები გაფიცული მუშებისთვის სენდვიჩებს ამზადებენ. ფოტო: ანა გვარიშვილი/ნეტგაზეთი#გაფიცვაქსანში #ქსანი
Posted by netgazeti.ge on Friday, March 4, 2016
შეხვედრიდან, ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად, საგაფიცვო კომიტეტის წევრი და საწარმოში დასაქმებული თემურ სურამელაშვილიც გამოვიდა, თუმცა მას მოლაპარაკებები არ დაუტოვებია. მისი თქმით, ხელმძღვანელობა ხელფასის 10 %-ით მომატებას ჯერჯერობით არ თანხმდება:
“ხელფასის 10 %-ით მატებაზე არ გვთანხმდებიან. ჩვენგან იყო წაყენებული წინადადება მეორე მხარისთვის და ახლა მხარე გასულია მოსალაპარაკებლად ცალკე. ირაკლი პეტრიაშვილს კონფლიქტის გამო არ დაუტოვებია მოლაპარაკებები. ჩვენ რა მოთხოვნაც გვაქვს, ის თუ არ დააკმაყოფილეს, ის ჩემთვისაც და ხალხისთვისაც მიუღებელი იქნება. ასე რომ, ბატონი ირაკლისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება. ამ ეტაპზე ამაზე მეტი არაფრის თქმა შემიძლია. ერთი შეხვედრა კიდევ იქნება, ჩამოვალთ იქიდან და მერე ვისაუბრებთ.”
ქსნის მინის ქარხანაში გაფიცული მუშებს, პროფკავშირისა და საწარმოს ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის თურქეთიდან ქარხნის გენერალური დირექტორი, უმით აიდოღანი ჩამოვიდა.
ერთ-ერთი გაფიცული მუშის, მერაბ გოგიშვილის თქმით, შესაძლოა ისინი შემოთავაზებულ ნაკლებ პროცენტს დათანხმდნენ, თუკი ეს იქნება ახლოს მათ მოთხოვნებთან.
გაფიცულთა ინფორმაციით, აქამდე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა წარმომადგენლებსა და გაფიცულებს შორის, თუმცა საწარმოს მიერ შეთავაზებულ 4-9%-მდე ხელფასების მომატებას საგაფიცვო კომიტეტი არ დათანხმდა.
ქსანში უკვე 29-ე დღეა გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცულია 160 მუშა, რაც ქარხნის მუშების 80%-ს შეადგენს. ხელფასების 30%-ით მომატება, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება და პროფკავშირისთვის საოფისე ფართის გამოყოფა – ეს გაფიცულთა მთავარი მოთხოვნებია.