ახალი ამბები

თინა ხიდაშელი კოალიციაში არსებულ პრობლემებზე კომენტარს არ აკეთებს

4 მარტი, 2016 • 1390
თინა ხიდაშელი კოალიციაში არსებულ პრობლემებზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 4 მარტს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  რესპუბლიკური პარტიის ლიდერების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს.

ამის მიზეზი, მისი თქმით, ისაა, რომ  3 მარტს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ხოლო დღეს პრემიერ-მინისტრმა ამაზე უკვე გააკეთეს განმარტებები:

“მე არა მგონია, რომ ვისაც უნდა გაიგოს, რა ითქვა, რაიმე იყოს აქ რთული გასაგები.  ამის შესახებ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ  ნათლად იყო ამაზე განმარტებები”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა 4 მარტს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის ხუთშაბათს გავრცელებული საგანგებო განცხადების მთავარი ადრესატი, რომლის გამოც რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა და კვირიკაშვილმა 3 მარტს საღამოს შეხვედრა გამართეს, სავარაუდოდ, სწორედ თინა ხიდაშელი იყო.

მან მოუწოდა კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებს, რომ  ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ. “წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”,- აღნიშნავდა   კვირიკაშვილი 3 მარტს, დილით გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

ამ განცხადებას რესპუბლოკურმა პარტიამ “მოულოდნელად გართულებული ვითარება” უწოდეს და საღამოს პრემიერ-მინისტრს და კოალიციის ლიდერს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალიტებთან კომენტარი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთეს, დღეს კი ამ თემას პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა.

“ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლოდ ორპარტიულ შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის თემაზე შეთანხმებას წინასწარ, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე სტაბილურ გარემოში”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ 3 მარტს, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. ასევე არ განუმარტავს, რას ნიშნავს “ორპარტიული შეთანხმება”, მაშინ, როცა კოალიცია “ქართული ოცნება” ხუთი პარტიისგან შედგება.

“პრემიერი საუბრობდა იმ შესაძლო და საჭირო ცვლილებებზე, რაც შეიძლება მოიტანოს შემდეგმა პროცესმა. ჩვენ შევჯერდით, რომ ამ თემაზე რესპუბლიკელებსა და პარტია ქართულ ოცნებას, პრემიერთან ურთიერთობაში, ჩვენ უფრო მჭიდრო ურთიერთობებისკენ წავალთ და არა პირიქით,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა 3 მარტს.

დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ამ საკითხზე  გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა და განაცხადა, “პარტნიორობა ქართულ ოცნებასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის არის მნიშვნელოვანი” და “გარკვეული შეთანხმებები” იქნება მისაღწევი წინასაარჩევნო პროცესში.

მისი თქმით,  კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნება”, რა თქმა უნდა, ” ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ იქნება მრავალმხრივ ფორმატში დასადასტურებელი”.


დაპირისპირება კოალიცია “ქართულ ოცნებაში”

2016 წლის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

კოალიციის წევრმა დეპუტეტების ნაწილმა გოგი თოფაძის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა “მრეწველების” თავმჯდომარის გაკრიტიკებას არ მოერიდგნენ “რესპუბლიკელები”.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, მას ეგონა, რომ თოფაძე უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი. მალევე გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელი საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 25 თებერვალს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძება დაიწყო. ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამოძიების დაწყებით პროკურატურამ მთელი სახელმწიფო სისტემა დააყენა ეჭვქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი