ნეტგაზეთი | უსუფაშვილი: არარელევანტურია კითხვა, წავა თუ არა ვინმე თანამდებობიდან უსუფაშვილი: არარელევანტურია კითხვა, წავა თუ არა ვინმე თანამდებობიდან – Netgazeti
Batumelebi | RU

უსუფაშვილი: არარელევანტურია კითხვა, წავა თუ არა ვინმე თანამდებობიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ არარელევანტური უწოდა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, გათავისუფლდებოდა თუ არა რომელიმე რესპუბლიკელი მინისტრი.

“მე გეუბნებით, რომ სტრატეგიულ თანამშრომლობაში ვართ და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმებზე ვისაუბრეთ, – და მეკითხებით, ვინმე დარჩება თუ წავა თანამდებობიდან? არარელევანტური შეკითხვაა,”- აცხადებს უსუფაშვილი.

უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრაზე კოალიციის დაშლაზე საუბარი არ ყოფილა.

“პრემიერი საუბრობდა იმ შესაძლო და საჭირო ცვლილებებზე, რაც შეიძლება მოიტანოს შემდეგმა პროცესმა. ჩვენ შევჯერდით, რომ ამ თემაზე რესპუბლიკელებსა და პარტია ქართულ ოცნებას, პრემიერთან ურთიერთობაში, ჩვენ უფრო მჭიდრო ურთიერთობებისკენ წავალთ და არა პირიქით,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის წევრები, მათ შორის, დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი დღეს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა კვირიკაშვილის მერ დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა.

ამ განცხადებაში გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მკაცრად გააკრიტიკა. საქმე ეხება კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებას რესპუბლიკურ პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის:

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აცხადებდა კვირიკაშვილი.


 

დაპირისპირება კოალიცია “ქართულ ოცნებაში”

2016 წლის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

კოალიციის წევრმა დეპუტეტების ნაწილმა გოგი თოფაძის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა “მრეწველების” თავმჯდომარის გაკრიტიკებას არ მოერიდგნენ “რესპუბლიკელები”.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, მას ეგონა, რომ თოფაძე უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი. მალევე გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელი საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 25 თებერვალს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძება დაიწყო. ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამოძიების დაწყებით პროკურატურამ მთელი სახელმწიფო სისტემა დააყენა ეჭვქვეშ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი