ახალი ამბები

კვირიკაშვილი: არჩევნებამდე ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას

4 მარტი, 2016 •
კვირიკაშვილი: არჩევნებამდე ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 3 მარტს საღამოს ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან.

“არჩევნებამდე ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა, თუმცა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერების მსგავსად, არც მისი განცხადებებით გახდა კონკრეტულად ცნობილი, რაზე შეთანხმდნენ 3 მარტის საღამოს კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი და რესპუბლიკური პარტიის ლიდერები.

“ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა ქართულ ოცნებასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის არის მნიშვნელოვანი. გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში. თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნება”, რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული შემდგომ, იქნება მრავალმხრივ ფორმატში დასადასტურებელი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე განცხადებით,  პარტია “ქართული ოცნება”, მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო.

“თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი, რომელიც შეიკრიბება, შეიკრიბება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო. ეს მიზნები იქნება უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დაფუძნებული ჩვენს საუკეთესო ფასეულობებსა და ტრადიციებზე და, რა თქმა უნდა, იქნება კონსენსუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ “ჯერ ყველაფერი  წინ არის” .

“ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. არჩევნებამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას. თუ კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა არსებობს და კოალიცია კიდევ იტანს ამ ტიპის სხვდასხვაობას, ჩვენ აქ, მთავრობას გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი, უმნიშვნელოვანესი ამოცანები გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით უფრო მაღალი.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ფოკუსირება და კონცენტრიტება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა ვიყოთ ერთიანი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა 4 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერები დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 3 მარტს შეხვდნენ.  შეხვედრის მიზეზი  კვირიკაშვილის 3 მარტს გავრცელებული განცხადება გახდა, რომლითაც მან მკაცრად გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა 3 მარტს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში.

პრემიერის განცხადებაზე რესპუბლიკურ პარტიას 3 მარტს კომენტარი არ გაუკეთებია და  პარტიის ლიდერებმა განაცხადეს რომ “მოულოდნელად შექმნილი რთული ვითარების გამო” კვირიკაშვილს შეხვდებოდნენ, რადგანაც პრემიერთან “კითხვები ჰქონდათ”.

3 მარტს  გვიან ღამით შეხვედრიდან გამოსულმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრეს მიიღეს თუ არა პასუხი იმ კითხვებზე, რაც ჰქონდათ, ან რა კითხვები ჰქონდათ.

პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 3 მარტს განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია “ სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში” აგრძლებს “ პარტნიორულ თანამშრომლობას”  და  დაიწყეს საუბარი სამომავლოდ ორპარტიულ  შეთანხმებასთან დაკავშირებით.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს არ განუმარტავთ რას გულისმხობს ორპარტიული შეთანხმება, მაშინ როცა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” სულ ხუთი პარტია შედის.


დაპირისპირება კოალიცია “ქართულ ოცნებაში”

2016 წლის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

კოალიციის წევრმა დეპუტეტების ნაწილმა გოგი თოფაძის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა “მრეწველების” თავმჯდომარის გაკრიტიკებას არ მოერიდგნენ “რესპუბლიკელები”.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, მას ეგონა, რომ თოფაძე უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი. მალევე გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელი საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 25 თებერვალს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძება დაიწყო. ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამოძიების დაწყებით პროკურატურამ მთელი სახელმწიფო სისტემა დააყენა ეჭვქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი