ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, ქართული სასამართლოსა და საჯარო სამსახურის არასაკმარისი დამოუკიდებლობა ის მთავარი ფაქტორია, რაც ასუსტებს საქართველოს კარგი მმართველობის პოტენციალს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარი გაბედავამ ბრიუსელში 4 მაისს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ანგარიშების პრეზენტაციისას განაცხადა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ასევე მიაჩნიათ, რომ ქართულ საჯარო სამსახურში ძირითადი ბარიერი პოლიტიზებულობის მაღალი დონეა, თუმცა ტექნიკური კუთხით პროგრესი, მაგალითად, ელექტრონული შესყიდვების სისტემაზე გადასვლა პოზიტიურად არის შეფასებული. არასამთავრობო ორგანიზაციამ მოხსენებაში საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებიც წარუდგინა, რომლის მიხედვითად, საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესის გასაგრძელებლად უნდა გააუმჯობესოს გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა, როგორც კანონების მიღების, ისე მათი დანერგვის დროს.
შეხვედრაზე, საქართველოს გარდა, მოხსენებები წარადგინეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა. ორგანიზაცია ამ ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, მმართველობის ყველა სფეროში გაზარდონ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.
საქართველოში კორუფციის დამარცხებასა და მიღწეულ წარმატებაზე დღეს ბათუმში პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა. პრეზიდენტმა ისაუბრა კორუფციასთან ბრძოლისას მიღწეულ წარმატებაზე და თქვა: „განსხვავება წინა პოლიციასა და ახლანდელს შორის არაა მხოლოდ ფორმები, შეიარაღება, ან თუნდაც ხელფასი. მთავარი განსხვავება ის არის, რომ წინა პოლიცია იყო კორუმპირებული და დღევანდელი პოლიცია კი მთლიანად თავისუფალია კორუპციისგან.“ მისივე აზრით, საქართველოს დღეს „ის ადამიანები ებრძვიან, ვისაც საქართველოში კორუფციის დაბრუნება სურთ.“