ახალი ამბები

გასაჭირი ცხინვალამდე რამდენიმე კილომეტრში [video]

6 მაისი, 2011 • 1067
გასაჭირი ცხინვალამდე რამდენიმე კილომეტრში [video]

საბავშვო ბაღი ზემო ნიქოზში არც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ყოფილა, თუმცა ბავშვები საბავშვო ბაღში სოფლიდან ფეხით ათი წუთის სავალი გზით ცხინვალში დაყავდათ.

საბავშვო ბაღის არარსებობა მხოლოდ ერთ–ერთი პრობლემაა ცხინვალის მისადგომებთან მდებარე ქართული სოფლების მოსახლეობისთვის.

„სოფლის ყველა ოჯახში მივედით და გამოკითხვა ჩავატარეთ. ოჯახებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა მაინც უმუშევრობაა, რომელიც, თავის მხრივ, სხვა ბევრ პრობლემას ქმნის. მათ შორის ოჯახურ ძალადობას. ბევრი ოჯახია, რომელსაც,  მაგალითად, მოხუცი ოჯახის წევრის პენსიით გააქვს თავი,“ –ამბობს ნიქოზის მკვიდრი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „ქეა–საერთაშორისო კავკასიაში“ პროექტის „ქალთა საინიციატივო ჯგუფის“ წარმომადგენელია სოფელ ნიქოზში.

აღშნიშნული ორგანიზაცია კონფლიქტის შედეგად სხვადასხვა პროექტის ფარგლებში დაზარალებულ მოსახლეობას , სხვა სოფლებთან ერთად, ნიქოზშიც ეხმარება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების წამოჭრასა და მათ ადვოკატირებაში.

ერთ–ერთი ასეთი პროექტის ფარგლებში ნიქოზისა და კონფლიქტით დაზარალებული სხვა მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად გორსა და სოფელ ნიქოზში თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე მოწვეული სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები  პრობლემების მოსასმენად ჩავიდნენ.

სტუმრებს შორის კრაკოვისა და საარბრიუკენის ვიცე–მერები და ვარშავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დეპუტატი, მარგოჟატა გოშევსკა იმყოფებოდნენ.

მარგოჟატა გოშევსკამ, რომელიც რამდენიმე წლის წინათ პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის თავმჯდომარე იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პოლონეთის პრეზიდენტთან, ლეხ კაჩინსკისთან ერთად კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა.

„მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ ვიყავი საქართველოში. კარგად ვიცნობ ამ მხარეს. დღეს აქ ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ნახავენ, რომ საქართველო მხოლოდ ლამაზი თბილისი და კარგი ღვინო არ არის. აქ ხალხს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ამ რეგიონში ინვესტიცია ჩაიდოს, რათა სამუშაო ადგილები შეიქმნას“, –ამბობს მარგოჟატა გოშევსკა.

სტუმრებმა ადგილობრივთა გასაჭირის შესახებ თარჯიმნის მეშვეობით ბევრი შეიტყვეს:

მასალების გადაბეჭდვის წესი