ახალი ამბები

თბილისში ტყიბულელი მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

26 თებერვალი, 2016 • 1764
თბილისში ტყიბულელი მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

 ტყიბულში გაფიცული მუშების ფინანსური მხარდაჭერისთვის თბილისში, თავისუფლების მეტროსთან აქცია მიმდინარეობს. აქცია 12:00 საათზე დაიწყო და  ორგანიზატორების თქმით, 16:00 საათამდე გაგრძელდება.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ დროისათვის შეგროვილია 150-200 ლარამდე, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ დღეს საღამოს დაგეგმილი აქციისას თანხა კიდევ გაიზრდება.

„ამ კამპანიის მიზანი, პირველ რიგში, იყო ინფორმაციის გავრცელება და ხალხმა გაიგოს, რა ხდება. უნდა გვქონდეს ხალხთან კომუნიკაცია და ავუხსნათ, რომ რაც ტყიბულში ხდება, რეალურად სცდება მის ფარგლებს, მაგრამ თანხის შეგროვება, მეორე მხრივ, არის ერთგვარი სოლიდარობის გამოხატულება. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა სჭირდებათ ბანაკებში, მაგრამ თანხის გადაცემის შემდეგ მას გამოიყენებენ სურვილისამებრ. ათასი რამეა, საკვები, წყალი და ა.შ. ეს არის სოლიდარობის ერთ-ერთი ფორმა,“ – ამბობს „ახალგაზრდა მწვანეების“ წარმომადგენილი, სტელა ნაგერვაძე.

ტყიბულში გაფიცული მეშახტეების სოლიდარობის აქცია თბილისში. 26/02/2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ტყიბულში გაფიცული მაღაროელების სოლიდარობის აქცია თბილისში. 26/02/2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი


ასევე ტყიბულში გაფიცული მუშების მხარდასაჭერად დღეს, 18:00-ზე საათზე, მეტრო დელისიდან ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მთავარი ოფისისკენ მსვლელობა იგეგმება. აქციის ორგანიზატორები არიან „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“, „მწვანე მუშტი“, „სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი“, „სოლიდარობის ქსელი“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობა“.

ორგანიზატორების თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების დაწყებაა, რომელიც მხოლოდ შუამავალ პირად ყოფნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ისინი ასევე მოითხოვენ შრომის ინსპექციის შექმნასა და გაფიცულების ყველა მოთხოვნის შესრულებას.

ტყიბულელი მაღაროელები 13 თებერვალს გაიფიცნენ. სხვა მოთხოვნებთან ერთად მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 40%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. 

ტყიბულში გაფიცული მეშახტეების სოლიდარობის აქცია თბილისში. 26/02/2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ტყიბულში გაფიცული მაღაროელების სოლიდარობის აქცია თბილისში. 26/02/2016, თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი


გაფიცულ მუშებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, ტყიბულის მოსახლეობის ნაწილი და სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანებები უჭერენ მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი