ახალი ამბები

„შახტაში რომ შევდივართ, კარს ბოქლომით გვიკეტავენ“ – ტყიბულელი მეშახტეები მძიმე პირობებზე საუბრობენ

20 თებერვალი, 2016 • 4344
„შახტაში რომ შევდივართ, კარს ბოქლომით გვიკეტავენ“ – ტყიბულელი მეშახტეები მძიმე პირობებზე საუბრობენ

ხელფასების მომატება 40%-მდე, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ზამთრისათვის თბილი უნიფორმა – ეს იმ მოთხოვნის არასრული ჩამონათვალია, რომელთა შეუსრულებლობის გამო, უკვე მე-7 დღეა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტების მუშები გაიფიცნენ.

როგორც მეშახტეები ყვებიან, მათ “საქნახშირის” ადმინისტრაციას ზემოაღნიშნული მოთხოვნებით ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში მიმართეს, თუმცა მათგან დამაკმაყოფილებელი პასუხის ვერმიღების გამო, გაფიცვა გადაწყვიტეს. ამ დროისთვის ტყიბულის ორივე შახტაში მუშაობა შეჩერებულია, თუმცა, მათი თქმით 20-მდე ადამიანი ყოველდღიურად მაინც მიდის, რადგან არსებობს სამუშაოები, რომელთა არ შესრულებამაც შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს.

„არ შეიძლება ყველანაირი სამუშაო შევაჩეროთ. ჩვენ იმიტომ ვართ გაფიცულები, რომ ხელფასი მოგვიმატონ და ხვალ-ზეგ ჩავიდეთ იქ და ვიმუშავოთ. ისეთ რაღაცას არ ვაკეთებთ, რომ ხვალ ვერ ჩავიდეთ და იქ პროცესები უმართავი გახდეს. იქ შეიძლება ცეცხლი გაჩნდეს და კიდევ ათასი რამ შეიძლება გამოიწვიოს,“ – ამბობს მეშახტე გიორგი ცნობილაძე.

მეშახტეების თქმით, ისინი ყოველდღიურად მიდიან შახტასთან იმ დროს, როცა მათ სამუშაო უწევთ, აფიქსირებენ თავიანთ მისვლას, მაგრამ შახტაში არ შედიან.

მეშახტეები საუბრობენ იმ მძიმე პირობებზე, რომელში ყოფნაც უწევთ. მეშახტე მამუკა კეკელიას თქმით, მათი განცხადება ეხებოდა იმას, რომ შეწყვეტილიყო ის დამამცირებელი დამოკიდებულება, რასაც მათ მიმართ იჩენდნენ.

„მიზერულ თანხას გვიხდიან, იმდენს არა, რამდენიც გვეკუთვნის,“ – ამბობს მამუკა კეკელია.

გუშინ, 19 თებერვალს აქციის მონაწილეებმა შახტის მიმდებარე ტერიტორიიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გადაინაცვლეს. მათ გამგებელთან, რობიზონ გვენეტაძესთან სურდათ შეხვედრა. მოგვიანებით რობიზონ გვენეტაძე აქციაში მონაწილეებთან სიტყვით გამოვიდა და მეშახტეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მე ყოველთვის დავუჭერ მხარს მეშახტეებს, რადგან მეშახტეთა ქალაქში ვარ გაზრდილი და მე თვითონაც მეშახტე ვარ სპეციალობით, ოღონდ კანონიერების ფარგლებში. თუკი, გასცდებიან კანონის ფარგლებს და ეს პროტესტი გადაიზრდება უკვე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, მე გავემიჯნები მათ, მაგრამ ამ ეტაპზე მხარს ვუჭერ. ყველა სოციალური საკითხების გადაჭრაში ვუცხადებ სოლიდარობას,“ – ამბობს რობიზონ გვენეტაძე.

თეიმურაზ ხაჭაპურიძე უკვე 37 წელია შახტაში მუშაობს. მისი თქმით, დღე-ღამეში 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვს. ის მინდელის შახტაში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობს. თეიმურაზი ამბობს, რომ როცა მუშები შახტაში სამუშაოდ შედიან, გარედან კარს ბოქლომით უკეტავენ. ცუდად გახდომის ან სხვა სავალალალო შემთხვევისას, კარს მანამ ვერ გააღებენ, სანამ დაცვა არ ჩამოივლის.

„ავად გაგვიხდა შიგნით კაცი, ფეხი მოიტეხა და ორი საათი ვაბრახუნეთ, რომ კარები გაეღოთ. ასე ციხეებში არ ექცევიან ხალხს,“ – ამბობს ხაჭაპურიძე.

ამ ამბავთან დაკავშირებით გამგებელმა განაცხადა, რომ ასეთი რამ სრულიად დაუშვებელია.

„სამთო საქმეში ასეთი რამ არ შეიძლება, პირიქით ორი გასასვლელი უნდა ჰქონდეს სამუშაო ადგილს, რომ ავარიის შემთხვევაში მეორე ადგილიდან გავიდეს. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია. თუმცა, ვეცდები დავაზუსტო ეს ამბავი,“ – ამბობს გვენეტაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

გარდა ამისა, მუშების მხრიდან საუბარია დაშანტაჟებაზეც. მათი თქმით, იყო მობილურზე დარეკვისა და სამსახურიდან დათხოვნით დაშინების შემთხვევებიც.

„ჭიათურის მაგალითით გვაშინებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენც ასევე მოგვექცევიან და დაგვიხურავენ შახტებს. რაც არ უნდა ვთქვათ, გვპასუხობენ „არ გინდა? წადი სახლში.“ თან გვაშინებენ. როცა ეს ამბები დამთავრდება, ძირითადი მასა ვინც ვართ, ყველას სამსახურიდან გაშვებით გვემუქრებიან.“

ნეტგაზეთი შეეცადა, რომ დაკავშირებუდა „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფს“ კომენტარისთვის, თუმცა მათ  უარი განაცხადეს.

დანარჩენ მოთხოვნებს მეშახტეებმა გაცდენილი დღეების საპატიოდ ჩათვლა მიამატეს, თუმცა ამის პასუხად, შახტაში მისულ მუშებს შემდეგი შინაარსის განცხადება დახვდათ:

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საქნახშირის ადმინისტრაცია გთავაზობთ ხვალიდან 16 თებერვლიდან I ცვლის საწარმოო პროცესების განახლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოზე გამოუცხადებლობა გახდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.“

„გაცდენილი დღეების ანაზღაურება მოვითხოვეთ, მაგრამ გენერალურმა დირექტორმა თქვა, ეს არაა ოფიციალური გაფიცვაო. ოფიციალური გაფიცვა რას ნიშნავს, ვერ გავიგეთ,“ – ამბობს მალხაზ არსენიძე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, სამშაბათს, 23 თებერვალს ტყიბულში „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ეკონომიკური გუნდი ჩამოდის. მისი თქმით, ისინი ეცდებიან გამოიანგარიშონ, თუ რამდენადაა შესაძლებელი მუშებისთვის ხელფასების მომატება.

მინდელის სახელობის შახტა. ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

მინდელის სახელობის შახტა.
ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

მინდელის სახელობის შახტის საშხაპე. ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

მინდელის სახელობის შახტის საშხაპე.
ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

მეშახტეების სამუშაო ფეხსაცმელები. მათი თქმით, საჭირო რაოდენობა არ აქვთ. ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

მეშახტეების სამუშაო ფეხსაცმელები. მათი თქმით, საჭირო რაოდენობა არ აქვთ.
ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ეს შახტაში შესასვლელი კარია, რომელსაც მეშახტეების თქმით, ბოქლომით კეტავენ. ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ეს შახტაში შესასვლელი კარია, რომელსაც მეშახტეების თქმით, ბოქლომით კეტავენ. ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ძიძიგურის სახელობის შახტა. ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ძიძიგურის სახელობის შახტა.
ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესაუბრება გაფიცულ მეშახტეებს და მხარდაჭერას უცხადებს მათ. ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესაუბრება გაფიცულ მეშახტეებს და მხარდაჭერას უცხადებს მათ.
ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

მინდელის სახელობის შახტის გარდერობი. ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

მინდელის სახელობის შახტის გარდერობი.
ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ადგილი, სადაც მეშახტეები უნიფორმას იცვლიან. არც ერთ ფანჯარაზე არ არის შუშა. ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ადგილი, სადაც მეშახტეები უნიფორმას იცვლიან. არც ერთ ფანჯარაზე არ არის შუშა.
ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი