ახალი ამბები

ხმალაძე: ხაჩიძის ინიციატივა ნაწილობრივ ასახავს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას

19 თებერვალი, 2016 • 1343
ხმალაძე: ხაჩიძის ინიციატივა ნაწილობრივ ასახავს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კომიტეტი მომხრეა მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე:

“როცა კომიტეტმა ეს კანონპროექტი განიხილა, ზოგადად მხარი დაუჭირა იმ იდეას, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის არ ყოფილიყო თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ, თვითონ კანონპროექტში მთელი რიგი სხვა დებულებების და სხვა ნორმების თაობაზე იყო შენიშვნები და თუ ეს იქნებოდა გათვალისწინებული, მაშინ მიიჩნია კომიტეტმა შესაძლებლად ამის მიღება. ოქტომბრის ბოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით არსებული რეალობა შეიცვალა. სასამართლომ თქვა, რომ თუ საქმე გასაღებასთან არ გვაქვს 70 გრამამდე მარიხუანას შეძენა/შენახვა/მოხმარება არ წარმოადგენს ისეთ დანაშაულს, რომლისთვისაც გათვალისწინებული შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, საჭიროა რიგი ცვლილებების შეტანა როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. შესაძლოა, ცალკე მუხლი ჩამოყალიბდეს, რომელიც ეხება მარიხუანას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო მშრალ მარიხუანას, შეიძლება ვთქვათ, რომ ნორმის ინტერპრეტირებისას უნდა იგულსიხმებოდეს ნედლიც, რადგან მათ შორის განსხვავება მხოლოდ წყლის შემცველობაშია, ანუ 5 გრამი მშრალი მარიხუანა ეკვივალენტია 10 გრამი ნედლი მარიხუანის, ამიტომ ეს ამაზე ვრცელდება, მაგრამ  სასამართლოს ეს არ გაუვრცელებია კანაფის ფისზე, ზეთზე და ნაყენზე.  მათში მაღალი დოზითაა კონცენტრირებული ის ნივთიერება, რომელიც ახდენს ჰალუცოგენურ ზემოქმედებას. მე ვფიქრობ, რომ იმ რეალობაში, რომელიც ჩვენ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მივიღეთ, წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს ამ გადაწყვეტილებას, რაღაც ნაწილში არ შეესაბამება გადაწყვეტილებას და საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომა იმისათვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა იყოს შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან,”- აღნიშნავს ვახტანგ ხმალაძე.

დეპუტატის თქმით, თუ ვინმეს ნედლი მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის პატიმრობა მიესაჯა, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას ბათილად სცნობს:

“მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას სასამართლოები ვეღარ მიუსჯიან და არც უსჯიან. თუ რომელიმე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება,  ნედლი მარიხუანას მოხმარებისთვის თუ შენახვისთვის  თავისუფლების აღკვეთის თაობაზე,  იმიტომ რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში საუბარი იყო მხოლოდ მშრალი მარიხუანას მოხმარებაზე, არის შეცდომა, რომელიც ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებისას იქნება გამოსწორებული.”

ხმალაძე მიიჩნევს, რომ გოგა ხაჩიძის წარმოდგენილი კანონპროექტი ასეთი სახით არ უნდა იყოს მხარდაჭერილი, “მაგრამ უნდა მომზადდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.”

გოგა ხაჩიძის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით, კანაფის, კანაფის ექსტრატის და ნაყენის, ასევე გამომაშრალი/ნედლი მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შეხახვა, ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

” ნარკოტიკული საშუალების – კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი)  მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც. განმეორებით აღნიშნული ქმედების ჩადენა არ უნდა იწვევდეს პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ხოლო “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, ამ ნივთიერებების მოხმარებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარია.

მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის მოხმარება ისჯება 500- ლარიანი ჯარიმით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად სცნო კანონის ის ნორმა,  რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითვალისწინებს.

ბექა წიქარიშვილმა, რომელიც მარიხუანის მოხმარების გამო დააპატიმრეს და 14-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, გირაოთი განთავისუფლების შემდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს.  სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანის მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს  მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის- თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი