ახალი ამბები

ასათიანის ქუჩის კუთხეში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

22 თებერვალი, 2016 • 6394
ასათიანის ქუჩის კუთხეში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის განვითარების ფონდის ცნობით, შალვა დადიანის ქუჩისა და ლადო ასათიანის ქუჩის კუთხეში, N34/17-ში მდებარე ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

რესტავრაცია ასევე ჩაუტარდება შალვა დადიანის ქუჩის 32 ნომერში მდებარე ისტორიულ სახლსაც. ორივე სახლის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის თბილისის განვითარების ფონდის ბიუჯეტიდან 1 516 000 ლარია გათვალისწინებული.

12715370_969321006455162_93835835276824363_n

თბილისის განვითარების ფონდის განმარტებით, შალვა დადიანისა და ლადო ასათიანის კუთხეში მდებარე სახლი N34/17 -ის და შალვა დადიანის N32-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე ფიზიკური სამუშაოები დაიწყება.

სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ფონდის ცნობით, შალვა დადიანის ქ. N34/17-ის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტი ICOMOS-საქართველომ შექმნა კრწანისის გამგეობის დაკვეთით, ხოლო განვითარების ფონდი ორგანიზებას უწევს ისტორიულ-კულტურული ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის დაფინანსებას და ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას.

ამ ისტორიულ სახლთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდება მომიჯნავედ მდგარ შალვა დადიანის ქ. N32-ს , რომლის პროექტზე მუშაობა დასრულებულია და მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობა.

IMG_6991

თბილისის განვითარების ფონდი განმარტავს, რომ აღდგენაში იგულისხმება შენობის რესტავრაცია, კონსტრუქციული გამაგრება, საძირკვლის გამაგრება, დეკორატიული ელემენტების აღდგენა.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში გამოიცვლება სახლის სახურავი და საინჟინრო-საკომუნიკაციო სისტემები. რეაბილიტაციის შედეგად შალვა დადიანისა ქ. N34/17 და N32-ში მდებარე ისტორიული შენობები ძველ იერსახეს დაიბრუნებს, ამბობს ფონდი.

ორივე სახლში ამჟამად 15 -მდე ოჯახი ცხოვრობს და სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მათი დროებით ქირით გაყვანა მოხდება, რასაც ასევე ფონდი უზრუნველყოფს.

ფონდის დაპირებით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მობინადრეები განახლებულ, აღდგენილ და კომფორტულ საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდებიან.

XIX საუკუნის შუა ხანებში აგებული სახლი, ქვემო კალას განაშენიანების უნიკალური ნიმუში, ძველი ქალაქის გალავნის გოდოლ-ბურჯზეა აშენებული. ისტორიის თანახმად, სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნაგებობად ითვლება და ძველი არქიტექტურის ღირსეულ ნიმუშს წარმოადგენს. სახლის განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი აჟურული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია, აცხადებს ფონდი.

image041

ფონდის ცნობით, კალაუბანში ფონდი მუშაობდა თუმანიანის ქუჩა N3-ის სარეაბილიტაციო პროექტზე, რომელიც 2015 წლის ბოლოს დასრულდა, ხოლო თუმანიანის N1 და ბეთლემის ქ. N10-ის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს და 2016 წელს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი