ახალი ამბები

ბერძენიშვილი: ხიდაშელზე თოფაძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია

17 თებერვალი, 2016 • 1111
ბერძენიშვილი: ხიდაშელზე თოფაძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებას თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელზე და მას ანტიკოალიციური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახელისუფლებო უწოდა.

თავისი გამოსვლის დროს დავით ბერძენიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ის საუბრობდა კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრის სტატუსით.

ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ პოლიტსაბჭოზეც ისაუბრა, თუმცა სურს რომ საზოგადოებამაც იცოდეს.

“მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ორკესტრირებული კამპანია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, სამიზნედ შერჩეული[ა] ჩვენი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი ევროატლანტიკურ ასპარეზზე.

გოგი თოფაძის პარლამენტში, თუ განსაკუთრებით პარლამენტს გარეთ, მისი მხარდამჭერების, თუ შემკვეთების [განცხადებები], არის ანტიკოალიციური, ანტისახელისუფლებო, ანტიქართული კამპანია”, – განაცხადა ბერძნიშვილმა ფრაქცია “ქართული ოცნება- მრეწველების” წევრებს მიმართა:

“ მე მოველი, მრეწველთა ფრაქციის იმ წევრებისგან, რომლებიც “ქართული ოცნების” წევრები არიან, პასუხს იმაზე, რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ, ასეთ ფრაქციაში, ამ თავმჯდომარის პირობებში საქმიანობის გაგრძელება. მე მოველი მრეწველთა პარტიის ხელმძღვანელისგან, ზურაბ ტყემალაძისაგან რომლისგანაც არაერთხელ მოგვისმენია ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის დამადასტურებელი პოზიციები, მოველი ამჟამად რას ფიქრობს მისი ფრაქციის თავმჯდომარის ამგვარ განცხადებებზე. არაფერ შუაშია აქ საგარეჯოს არჩევნები.”

ბერძენიშვილის თქმით, მას გაუკვირდა, რომ ფრაქციის „ქართული ოცნება“
თავმჯდომარე გია ვოლსკი სიტყვით გამოსვლისას ამ თემას არ შეეხო:

“ალბათ ჟურნალისტებისთვის უფრო მსუყედ აპირებს ამაზე საუბარს, ვიდრე რეგლამენტით გათვალისწინებული სამი წუთია. ყველა ჩემი პარტნიორისგან, კოალიციის პოლიტსაბჭოში ყველა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელისგან მაქვს მოლოდინი, რომ “ქართული ოცნების” თავდაცვის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიაში კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრის მონაწილეობა…,”- ბერძეშვილმა სიტყვა ვეღარ დაამთავრა, რადგან მისთვის გამოყოფილი 3 წუთი ამოიწურა.

11 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ თინა ხიდაშელისთვის მას საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში ბრალი არ დაუდია და “საქართველოსა და მსოფლიოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუს ეს ჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება.

“მთელი ჩემი ინტერვიუ ჩაწერილია. მოკითხეთ მაგის ავტორს. მე ეგ არ მითქვამს. კითხეთ იმას, ვინც ეგ დაწერა”, – უთხრა ნეტგაზეთს თოფაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი