ახალი ამბები

“თბილისის მერია აუღებელი ციხესიმაგრეა”

16 მარტი, 2011 •
“თბილისის მერია აუღებელი ციხესიმაგრეა”

“ისე იწყება რაღაცის დემონტაჟი, საზოგადოებამ არაფერი იცის”, “თბილისის მერია აუღებელი ციხესიმაგრეა”, “შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გვექმნება იმდენი პრობლემა ინფორმაციის მიღებაზე, როგორც თბილისის მერიაში” , “მერიაში არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას”- ეს და მსგავსი რეპლიკები ისმოდა “თბილისი-მარიოტში” გამართული მრგვალი მაგიდაზე, რომლის თემა იყო “თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე თანამშრომლობა” ქალაქ თბილისის მერიასთან, რომელსაც მერიის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, საკრებულოდან კი მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ.

შეხვედრა 16 მარტს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით ჩატარდა და  ურბანული მემკვიდრეობის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებდა, ასევე, ურბანული მემკვიდრეობის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის კომუნიკაციაში არსებული  ხარვეზების წარმოჩენასა და მათი გადაჭრის მცდელობას.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენელი თინიკო ბოლქვაძე ამბობს, რომ მას ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის– არასამთავრობო ორგანიზაციები, ურბანისტები, არქიტექტორები, რადგან რთულია მერიისგან კონკრეტული ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე, თუ რას აპირებს. ისე იწყება კონკრეტული შენობის ნგრევა და დემონტაჟი, საზოგადოებამ წინასწარ არაფერი იცის.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ მერიიდან საჯარო ინფორმაციის მიღება იზღუდება როგორც ირიბად, ასევე – პირდაპირ. არ გასცემენ ინფორმაციას სხვადასხვა სახის პროექტების ბიუჯეტის შესახებ – “მერიამ, ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ადმინისტრაციული საჩივრების არგანხილვის პრაქტიკა. და იმ იმ შემთხვევაშიც, თუ უჩივლებ, სასამართლოში ბაჟის სახით უნდა გადაიხადო 100 ლარი, რაც უბრალო მოქალაქეს გაუჭირდება”.
ლევან ავალიშვილმა (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) თბილისის მერიის ვებ-გვერდის შესახებ ისაუბრა, რომელზეც, გარდა იმისა, რომ ძველი დებულება დევს და ვერსად ნახავთ სხვადასხვა პროექტის ხარჯთაღრიცხვას, არც ვაკანსიების გვერდია და საიტს არ აქვს განყოფილება “კონტაქტი”, რისი საშუალებითაც უბრალო მოქალაქეს მერიასთან  დაკავშირება შეეძლება. მოქმედებს მხოლოდ ცხელი ხაზი, რომელიც მუდმივად დაკავებულია და ოპერატორთან დაკავშირება ძალიან რთულია. ასევე, საიტს არ აქვს რუკა, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი შეძლებს საჭირო ინფორმაციის მოძებნას, თუმცა აქვს კომენტარის დატოვების შესაძლებლობა, სადაც მოქალაქეების კითხვები უპასუხოდ რჩება. ამ დროისთვის მზადდება თბილისის მერიის ახალი საიტიც.
თბილისის ურბანულ საკითხებში ჩართვისთვის მუშაობს ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი”, რომელმაც მიმართა მერიას არქიტექტურის სამსახურის სხდომებზე დასწრების თხოვნით, რაზეც მიიღო პასუხი, რომ სხდომები მიმდინარეობს მცირე დარბაზში და საკმარისი ადგილები არ აქვთ, მეორე მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ სხვა პირების დასწრება არაეფექტურს გახდის საბჭოს მუშაობას. რთულია საბჭოს განსახილველ საკითხთა შესახებ ინფორმაციის მიღებაც, თუმცა, შესაძლებელი გახდა.
“ტფილის ჰამქარის” წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი ხაზს უსვამს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დაკომპლექტების წესსაც. სწორედ ეს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების შესახებ. რაც შეიძლება იყოს საფრთხე, რადგან საბჭო დაკომპლექტებულია, ძირითადად, არასპეციალისტებით.  ძეგლის სტატუსი მოუხსნეს ყოფილი “ზარია ვოსტოკა”-ს რედაქციასაც, რასაც “ტფილისის ჰამქარი” აპროტესტებდა.
ყოფილა შემთხვევები, როცა საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად,  დემონტაჟი იწყებოდა. ახალი შენობებისთვის კონკურსი კი ისე ცხადდება, რომ არ არსებობობს არც არქიტექტორები, არც ხელოვნებათმცოდნეების დასკვნა, ასე მოხდა შუშის ხიდის შემთხვევაშიც.
გარდა ამისა, ქალაქს ფაქტიურად არ აქვს გენ.გეგმა, არის მიწათსარგებლობის გეგმა, რომელსაც მიაწებეს გენ.გეგმის იარლიყი – ასე ფიქრობენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები, ზოგიერთი მათგანი გამოსავალს გენ.გეგმის საფუძვლიანად მომზადებაში ხედავს.
ბოლო 4 წლის განმავლობაში შევიდა ცვლილებები კანონში “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ”. გარდა იმისა, რომ ამ კანონით დასაშვებია უძრავი ძეგლის ცვლილება და არაგანაშენიანებული ტერიტორიის განაშენიანება, როგორც არქიტექტორ-ურბანისტი, კოკა ამირეჯიბი ამბობს, რომ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მხოლოდ ეკლესიებს რჩება, კანონს შეეცვალა სახელწოდებაც და “დაცვა” საერთოდ ამოვარდა, ახალ კანონს ჰქვია  “კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ  არ იცავს კულტურულ მემკვიდრეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი