ახალი ამბები

გოგი თოფაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უსაყვედურა

5 თებერვალი, 2016 • 1951
გოგი თოფაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უსაყვედურა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით, სიტყვა დაუნის სალანძღავ სიტყვად გამოყენების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა “ცოტა უსაყვედურა”. ამის შესახებ თოფაძემ ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში განაცხადა.

“ჩემი გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ველაპარაკე, ის ცოტა ნაწყენი იყო. მან ცოტა მისაყვედურა, ნორმალურ ფარგლებში. მითხრა, რომ არ უნდა გეთქვა ასე მკვახედ. მე ჩემი ბუნება მაქვს. მე ყველაფერს ვლაპარკაობ, რასაც ვფიქრობ და როცა [მარგველაშვილი] ჩემი ქვეყნის, ჩემი ერის შეფასებას აკეთებს, მე მას ყოველთვის მკაფიოდ გამოვეხმაურები”, – განაცხადა თოფაძემ.

გოგი თოფაძე აცხადებს, რომ მისი სიტყვები არასწორად იყო აღქმული და ბოდიშს იხდის:

“გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორად იყო აღქმული.

არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი.”

გოგი თოფაძემ 3 თებერვალს, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, სიტყვა დაუნი უარყოფით კონტექტში გამოიყენა.

“თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, უაზრო… ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში. ისიც უნდა გითხრათ, როცა პრეზიდენტი, პირველი კაცი ლაპარაკობს, მისი ყველა ნათქვამი ანალიზდება, და როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეში, სადაც დღეს თქვენ ხართ, ეს არასწორია. არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორუმზე ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული. ქვეყნის იმიჯზე უფრო უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს. უნდა გაგეთვალისწინებინათ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა კომპრომისი გვენახა და უცხოეთში არ დაენახათ, რომ ქვეყნის ორი წამყვანი პირი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსმა დაუნის სინდრომი ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენა. “დაუნის სინდრომი” სალანძღავ ტერმინად გამოუყენებიათ ნინო ბურჯანაძეს და შალვა ნათელაშვილს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის განმარტებით, დაუნის სინდრომი არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ზედმეტი ქრომოსომების არსებობით. ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში.

ჩვეულებისამებრ, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით. ბავშვებს დაუნის სინდრიმით აქვთ ზედმეტი, 21-ე ქრომოსომა. სამედიცინო ენაზე მას „21-ე ტრისომიას“ უწოდებენ. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი