ახალი ამბები

პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ბაია გადაბაძეს ლევან გაჩეჩილაძე შეცვლის

4 თებერვალი, 2016 • 1487
პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ბაია გადაბაძეს ლევან გაჩეჩილაძე შეცვლის

“მაესტროს” პარტნიორთა კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით ბაია გადაბაძე გენერალური დირექტორის პოზიციიდან გადაყენებულია. მის ადგილს ლევან გაჩეჩილაძე დაიკავებს.

“ბაია გადაბაძის გაშვების მიზეზი არის რეიტინგის კლება, მის მიერ შეტანილი განცხადება [სასამართლოში] გაკოტრებასთან დაკავშირებით და [ტელეკომპანიის] ფინანსური მდგომარეობა”, – განაცხადა “მაესტროს” წილის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ.

“რუსთავი 2-ის რეიტინგს მინდა ვაჯობო”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის რესურსებს [მათ შორის ინტელექტუალურს] შეისწავლის, სამოქმედო გეგმას დადებს.

“გიამ და ლევანმა შემომთავაზეს, რომ დავრჩენილიყავი ტელევიზიაში და მემუშავა. მე ვერ დამარწმუნეს მათ, რომ ფულის წარმომავლობა არის ქველმოქმედება და კეთილი მიზნები. მე მჯერა, რომ მათ შესაძლოა კარგი ტელევიზიის გაკეთება უნდოდეთ, მაგრამ გამორიცხულია. მე არ ვეთანხმები იმას, რომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს აქვს სურვილი დაეხმაროს “მაესტროს” და ის რეიტინგული გახადოს. სწორედ ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ჩემი გაშვების გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული. მე ამ წუთიდან ვიწყებ გაფიცვას. მიდვივარ საჯარო რეესტრში, რომ ჩემი პროტესტი დავარეგისტრირო, რათა ლევან გაჩეჩილაძის გენერალურ დირექტორად დანიშვნის გადაწყვეტილება არ დაარეგისტრიროს, რადგან ეს უკანონო და არასწორი გადაწყვეტილება იქნება. მე გადავდივარ ასეთ რეჟიმში, რადგან სხვა გზა არ დამრჩენია”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

მიმდინარე კვირაში “მაესტროს” წილის საკონტროლო პაკეტს გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) დაეუფლა. მან გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისაგან 30 პროცენტი იყიდა, ხოლო საჭირო თანხა, როგორც თვითონ ამბობს, ირაკლი რუხაძისგან ისესხა, რომელიც არასამთავრობო სექტორის ნაწილისა და ბაია გადაბაძის ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედთანაა” დაკავშირებული, რადგან პატარკაციშვილების ოჯახის პარტნიორია.

“მაესტროს” პარტნიორთა კრების სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილმა, თუმცა გაჩეჩილაძემ მათ ამაზე უარი უთხრა. გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, თუმცა, მისი თქმით, საუბარი მედიას არ შეხებია. გაჩეჩილაძის თქმით, პრემიერი მისი მეგობარია და საკმაოდ ხშირად ხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი