ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ “იმედი” და “მაესტრო” 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა

26 ნოემბერი, 2021 • 1482
კომუნიკაციების კომისიამ “იმედი” და “მაესტრო” 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობის გამო “იმედი” და “მაესტრო” 2500-2500 ლარით დააჯარიმა, „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კი გაფრთხილება მისცა.

უწყების თქმით, დაჯარიმებულმა კომპანიებმა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, წინასაარჩევნო დებატები ეთერში არ განათავსეს, ხოლო „ტელეკომპანია ქართული არხის“ ეთერში, დებატებთან ერთად, არც პოლიტიკური გადაცემები გასულა.

კომისია აღნიშნავს, რომ ამით საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა.

“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საერთო მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში, რათა მოხდეს მაყურებლის ინფორმირება.

გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული კანონდარღვევისთვის უკვე გაფრთხილებული იყვნენ, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს ჯარიმის სახით 2500-2500 ლარი დააკისრა.

რაც შეეხება „ტელეკომპანია ქართულ არხს“, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაუწყებელს მსგავსი დარღვევა არ ჩაუდენია, შესაბამისად, მაუწყებელმა წერილობითი გაფრთხილება მიიღო”, — ვკითხულობთ 25 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

იმავე დღეს კომუნიკაციების კომისიამ  111 903 ლარით დააჯარიმა “მთავარი არხი”, მის ეთერში 17 და 18 ნოემბერს გასული 3 ვიდეოკლიპის გამო. უწყების განცხადებით, ტელეარხს აღნიშნული მასალების ეთერში განთავსების უფლება კანონმდებლობით არ ჰქონდა.

“მთავარი არხი” უწყების არგუმენტებს არ იზიარებს და მის გადაწყვეტილებას ცენზურად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი