“ბიემჯის” ინფორმაციით, შპს „სტუდია მაესტრომ“ 26 ყოფილი თანამშრომლისთვის კომპენსაციის გაცემა დაიწყო.
მათივე ცნობით, BMG-ისა და „მაესტროს“ შორის არსებული 4.5-წლიანი შრომითი დავა 2021 წლის 3 თებერვალს დასრულდა, თუმცა სტუდია „მაესტრომ“ 26 კრედიტორისთვის თანხის ნებაყოფლობით ჩარიცხვაზე უარი განაცხადა, რის გამოც საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.
“ბიემჯის” ინფორმაციით, 1-კვირიანი მედიაციის შედეგად, კრედიტორები კომპენსაციის 1-წლიან განწილვადებაზე დათანხმდნენ. შპს „სტუდია მაესტრომ“ თანხის პირველი ტრანში დღეს, 24 მარტს ჩარიცხა და დასაქმებულებმა ყოფილ დამსაქმებელს შრომითი დავა სამივე ინსტანციაში მოუგეს.
„საბოლოოდ, დავასრულეთ ძალიან დიდი ხნის დავა, რომელიც სამივე ინსტანციაში 4.5 წელი გაგრძელდა. დაკმაყოფილდა 26 თანამშრომლის მოთხოვნა კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ „მაესტრომ“ თავისი ნებით და ინიციატივით არ შეასრულა სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოგვიწია გვედავა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. დიდი ბრძოლის შემდეგ, საბოლოოდ, მივაღწიეთ შეთანხმებას – კრედიტორები „მაესტროს“ განწილვადებაზე დათანხმდნენ. ბუნებრივია, ველოდებით სააღსრულებო შეთანხმების პირნათლად შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას, რათა კრედიტორების ინტერესები სრულად იქნას დაცული“, – აცხადებს ადოკატი თამარ სურმავა.
ტელეკომპანია “მაესტროს” მენეჯმენტმა 27 თანამშრომელი სამსახურიდან 2016 წლის 14 ივნისს გაათავისუფლა, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა თანამშრომელმა სარჩელი უკან გაიტანა.
“სასამართლომ ბათილად ცნო შპს “სტუდია მაესტროს” მიერ თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანებები და კომპანიას ყოფილი თანამშრომლების მიმართ კომპენსაციის სახით ერთი წლის სრული ხელფასის, სახელფასო დავალიანების და ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა, რომელიც 2016 წლიდან იანგარიშება და თითოეულ დღეზე ყოფილი თანამშრომლების ერთი თვის ხელფასის 0.07%-ს შეადგენს”, — წერს “ბიემჯი”