ახალი ამბები

თოფაძე: არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია, ბოდიშს ვიხდი

4 თებერვალი, 2016 • 1314
თოფაძე: არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია, ბოდიშს ვიხდი

პარლამენტის წევრი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ მისი სიტყვები არასწორად იყო აღქმული და ბოდიშს იხდის.

“გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორად იყო აღქმული.

მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალში „დრო მშვიდობისა“ სათაურით  „ნიჩურტა! – მე ქართველი ვარ“ იქნა გამოქვეყნებული   და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში, თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ  მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა. ჩემთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის მარგველაშვილის ამგვარი სიტყვები შეურაცხმყოფელია.

არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია  და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი.

აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც მან ქართველი ერი შეურაცხყო. ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ”, – წერია თოფაძის განცხდებაში, რომელიც 4 თებერვლს გამოქვეყნდა.

გოგი თოფაძემ გუშინ, 3 თებერვალს, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, სიტყვა დაუნი უარყოფით კონტექტში გამოიყენა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსმა დაუნის სინდრომი ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენა.  “დაუნის სინდრომი” სალანძღავ ტერმინად გამოუყენებიათ ნინო ბურჯანაძეს და შალვა ნათელაშვილს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის განმარტებით, დაუნის სინდრომი არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ზედმეტი ქრომოსომების არსებობით. ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში.

ჩვეულებისამებრ, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით. ბავშვებს დაუნის სინდრიმით აქვთ ერთით მეტი ქრომოსომა 21-ე წყვილში. სამედიცინო ენაზე მას „21-ე ტრისომიას“ უწოდებენ.  სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება  ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი