ახალი ამბები

საქართველო-ნარკოტრანზიტის მთავარი კორიდორი

4 მარტი, 2011 • • 1398
საქართველო-ნარკოტრანზიტის მთავარი კორიდორი

არსებობს სპეკულაციები, რომ ნარკოტიკი ევროპაში საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან შედის, თუმცა ამ ფაქტის დადასტურება შეუძლებელია. საქართველოს იურისდიქცია ამ რეგიონებზე არ ვრცელდება და, შესაბამისად, ვერ ხდება ინფორმაციის გაცვლა სამართალდამცავებს შორის. ამის შესახებ აშშ-ს სახლმწიფო დეპარტამენტი წერს ახლადგამოქვეყნებულ საერთაშორისო ნარკოკონტროლის სტრატეგიის მოხსენებაში.

მოხსენების მიხედვით, საქართველო არის აზიური ნარკოტიკის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო კორიდორი. „არსებობს ეჭვი, რომ ნარკოტიკის ძირითადი გადამზიდავები TIR ნიშნით აღბეჭდილი სატვირთო ტრაილერები არიან,“ – წერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ანგარიშში წერია, რომ ავღანური ნარკოტიკის 40% სხვა ქვეყნებში ირანის გავლით ვრცელდება. ირანიდან კი, აზერბაიჯანისა და რუსეთის გავლით, ნარკოტიკი ევროპაში ხვდება. საქართველო-ირანს შორის უვიზო რეჟიმის დაწყება საქართველოს ნარკოტრანზიტის ერთ-ერთ მთავარ კორიდორად აქცევს. თუ შესაბამისი შემოწმებისა და კონტროლის მექნიზმები არ დაინერგება, ამან შესაძლოა ირანიდან საქართველოს გავლით ნარკოტრანზიტის მოცულობა გაზარდოს. უვიზო რეჟიმის დაწესება კი ნარკოდილერებს ახალი მარშრუტების შემუშავებისკენ უბიძგებს, მიაჩნიათ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.

საქართველო გაეროს 1988 წლის ნარკოკონვენციის წევრიც არის. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ნარკოტიკების კონტროლის სისტემა რეფორმას საჭიროებს. არსებული კანონმდებლობა კი არ შეესაბამება გაეროს კონვენციის სტანდარტებს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეუსაბამობა არის დეტალური, ანტინარკოტიკული სტრატეგიის არარსებობა. საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ანტინარკოტიკული სტრატეგია 2007 წელს პარლამენტმა დაამტკიცა, თუმცა ის ძალიან ბევრ გაურკვეველ დეტალსა და ხარვეზს შეიცავს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ საქართველოში ნარკოტიკების კონტროლის სისტემაში ჩართული უწყებების კოორდინაცია გართულეებულია, არ არსებობს პრევენციისა და ნარკომანთა რეაბილიტაციის პოლიტიკა, მკურნალობის საშუალებები ან მცირედ არის განვითარებული, ან საერთოდ არ არის დანერგილი. ინფორმაცია საშიშ ნარკოტიკებზე კი არაადეკვატური და არასაკმარისია.

გარდა ამისა, სატრანზიტო სატვირთო ავტომობილებს მხოლოდ საბუთებს უმოწმებენ და არ ხდება მათი დეტალური შემოწმება. აშშ-ს სახ. დეპარტამენტის ინფორმაციით, მხოლოდ 2009 წელს საქართველოს გავლით ამ სატვირთო მანქანებით ევროპაში 8-9 ტონა ნარკოტიკი შევიდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებამ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა პრიორიტეტად გამოაცხადა და „კანონიერი ქურდების“ ნაწილი დაიჭირა, ნაწილი კი ქვეყნიდან გაიქცა. გარდა ამისა, ხელისუფლება სახელმწიფო მოხელეებს ნარკოტიკებზე რეგულარულად ამოწმებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოში ნარკოდანაშაულმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იკლო. ამის დასტურად საქართველოს შსს-ს სტატისტიკას აქვეყნებენ. სტატისტიკის მიხედვით, 2010 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ნარკოდანაშაულის გამო საქართველოში 4070 ადამიანი დააკავეს, 2009-ში – 6336, 2008-ში კი – 8699.

ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს, ძირითადად, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი იძიებს. შსს-მ 2010 წელს კორუფციის შემცირების მიზნით  სოდის ხელმძღვანელობა და თანამშრომელთა დიდი ნაწილი შეცვალა. თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები, თუმცა არ ჰქონიათ ნარკოტიკების აღმოსაჩენი სპეციალური მოწყობილებები. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ საქართველოს საბაჟო სამსახურს გადასცა ეს აპარატურა, მას პრაქტიკაში, ძირითადად, მაინც არ იყენებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში არსებულ ზოგად სიტუაციასაც აღწერს. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ნარკოტიკებთან დაკავშირებით სპეციფიკური შიდა პრობლემები აქვს. სხვა ნარკოტიკების მსგავსად, ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომია ჰეროინი, მარიხუანა, სუბოტექსი და მეტადონი. გარდა ამისა, საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, სამკურნალო წამლებს ხშირად ნარკოტიკის ნაცვლად იყენებენ. ქვეყანაში 2010 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტრავენური ნარკოსაშუალებების ფასი. ამის გამო ნარკოტიკების მომხმარებელები სხვადასხვა საშიშ პრეპარატებს ქიმიურად ამუშავებენ და ნარკოტიკების სანაცვლოდ იყენებენ. მსგავსი ნარკოტიკები კი რამდენიმე თვეში ფატალურ შედეგს იწვევს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მსგავს ნარკოტიკს საქართველოში 40-დან 80 ათასამდე ადამიანი მოიხმარს. მოხსენებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ეს სტატისტიკა არ არის სანდო, რადგან ამ სფეროში დეტალური კვლევები არ ტარდება.

მოხსენებაში წერია, რომ აშშ სამომავლოდ საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარება ნარკოტიკების საწინააღმდეგო დეტალური სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, თანამშრომელთა გადამზადებაში და სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამების დაგეგმვაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი