ახალი ამბები | ,

პრეზიდენტი: მე ვხედავ საქართველოს არა როგორც სტუმარს ევროპულ ოჯახში, არამედ როგორც სრულფასოვან წევრს

3 თებერვალი, 2016 | | 1069
პრეზიდენტი: მე ვხედავ საქართველოს არა როგორც სტუმარს ევროპულ ოჯახში, არამედ როგორც სრულფასოვან წევრს

„გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლებისათვის ბრძოლა კი გრძელდება“,- ეს განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიურ გამოსვლაზე გააკეთა.

„წელს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღვნიშნავთ. დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი საკუთარი გზის გაკვალვას გულისხმობს. სწორედ ესაა ჩვენი ისტორიული მიზანი. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც არა მარტო პოლიტიკურად დამოუკიდებელია, არამედ პოლიტიკურად თავისუფალიც. ეს არის სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, ეს არის ერთობა, სადაც ბატონობენ კანონები და არა ადამიანები“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, თავისუფალი არჩევანის საფუძველზე 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა.

„ევროპელობა ჩვენი ისტორიული გზის გაგრძელებაა. ამ გზას ადგნენ ჩვენი წინამორბედებიც: ამ გზაზე ამბობდა ნოე ჟორდანია- „მომავლის არ გვეშინია“, ამ მიზანს სახავდა ზურაბ ჟვანია- „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“, ამ გზაზე მე ვხედავ საქართველოს არა როგორც სტუმარს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში, არამედ როგორც სრულფასოვან წევრს ამ ერთობისა“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, პროდასავლური საქართველოს მთავარ ამოცანას დღეს დასავლური ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი